რეზონანსი
13.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს, სხდომაზე დაბრუნებაზე კვლავ უარი უთხრა. მისი განმარტებით, საკითხი ერთხელ უკვე გადაწყდა, კოპალეიშვილმა კი სასამართლოს „ძალიან მძიმე შეურაცხყოფა“ მიაყენა, როდესაც მოსამართლეები მეორე მხარის მითითებით გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.

„კანცელარიის მეშვეობით შემოტანილი იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის მაია კოპალეიშვილის შუამდგომლობა და ითხოვს სხდომაზე დაბრუნებას.

საკონსტიტუციო სამართალწარმოება და რეგლამენტი არ ითვალისწინებს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საკითხს, თორემ აღნიშნული შუამდგომლობა არის განუხილველად დასატოვებელი და ვინაიდან განუხილველად ვერ ვტოვებ შუამდგომლობას, ისევ ეთქვას უარი, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხი ერთხელ უკვე გადაწყვეტილია, სასამართლომ გადაწყვიტა ქალბატონი კოპალეიშვილის დაბრუნება-არ დაბრუნების საკითხი. მხარე როდესაც მოდის წარმომადგენლად და რამდენიმე წარმომადგენელი როდესაც მოდის და უფლებამოსილებები არის გადანაწილებული, თავისთავად ივარაუდება, რომ მან უნდა დაიცვას მარწმუნებელთა ინტერესები და ამაზე აპელირებით სხდომაზე დაბრუნება ვერ მოხდება, რადგან ის, რომ მხარეს აქვს თავისი უფლებამოსილებები, უფლებამოვალეობები, დაიცვას მარწმუნებელთა ინტერესები, არ აღჭურავს იმ უფლებით, რომ მან დაარღვიოს სასამართლო სხდომაზე წესრიგი, პატივი არ სცეს სასამართლოს და მიაყენოს სასამართლოს შეურაცხყოფა.

მხარეს თავისი უფლებამოვალეობები არანაირად არ აძლევს უფლებას დაარღვიოს წესრიგი, წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო მოქმედებს კანონის შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ მან ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს და ის არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და როგორც მოსამართლეს, მას უნდა ესმოდეს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რაც მან უთხრა სასამართლოს და მისი მხრიდან, ეს უფრო მძიმეა აღსაქმელად, ვინაიდან ის ყოფილი მოსამართლეა და მან უნდა იცოდეს, როდესაც ის ეუბნება მოსამართლეს, რომ შენ მეორე მხარის მითითებით მიიღე კონკრეტული მხარის მითითება. აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობაც არ კმაყოფილდება, განხილვასაც არ ექვემდებარებოდა“, - განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ.

გიგა ლემონჯავამ შუამდგომლობის მხარდასაჭერად დამატებითი არგუმენტების წარდგენა სცადა, თუმცა ნადარაიამ საუბრის გაგრძელების უფლება არ მისცა და განაცხადა, რომ საკითხი დახურული იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×