რეზონანსი
13.11.2026

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე 2026-2027 წლის ზამთრის სეზონზე საბაგიროს აბონემენტების ფასები იზრდება. განახლებული ფასების მიხედვით, ღირებულება განსხვავებულია როგორც კურორტების, ისე საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.

„მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ინფორმაციით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში ერთდღიანი, რამდენიმედღიანი და სეზონური აბონემენტების შეძენაა შესაძლებელი.

2025-2026 წლის სეზონთან შედარებით, ერთდღიანი აბონემენტის ფასი ბაკურიანში 55 ლარიდან 75 ლარამდე იზრდება, მესტიაში - 50 ლარიდან 70 ლარამდე, გუდაურში - 70 ლარიდან 90 ლარამდე, გოდერძიზე - 30-ლარიდან 50 ლარამდე.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია საბაგიროთი სარგებლობის ფასები 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე.

ბაკურიანში საქართველოს მოქალაქეებისა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის ერთდღიანი აბონემენტის ღირებულება ზრდასრულებისთვის 75 ლარი, 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი 38 ლარია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფასები უფრო მაღალია - ერთდღიანი აბონემენტი ზრდასრულისთვის 100 ლარი, ბავშვისთვის კი 50 ლარი ღირს.

მესტიაში ერთდღიანი აბონემენტის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის ზრდასრულზე 70 ლარი, ბავშვზე კი 35 ლარია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთდღიანი აბონემენტი 100 ლარი ღირს, ბავშვებისთვის - 50 ლარი.

გუდაურში ერთდღიანი აბონემენტის საქართველოს მოქალაქეებისთვის 90 ლარი ღირს, ბავშვებისთვის - 45 ლარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ კატეგორიის აბონემენტის ფასი 120 ლარია, ბავშვებისთვის კი 60 ლარი.

გოდერძიზე ერთ დღიანი აბონემენტის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50 ლარს შეადგენს, ბავშვებისთვის - 25 ლარს, უცხო ქვეყნის ზრდასრული მოქალაქეებისთვის - 70 ლარს, ხოლო ბავშვებისთვის - 35 ლარს.

ამასთან, ხელმისაწვდომია მრავალკურორტიანი აბონემენტებიც, რომლითაც მომხმარებელს რამდენიმე სამთო-სათხილამურო კურორტით სარგებლობა შეუძლია. ოთხივე კურორტის სეზონური აბონემენტის ფასი ზრდასრულებისთვის 1 000 ლარია, 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი 500 ლარი.

ცნობისთვის, 6-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საბაგიროებით სარგებლობა უფასოა.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×