რეზონანსი
13.11.2026

ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვქონდა მმართველ პარტიასთან, მის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან ძალიან მჭიდრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც, ზოგადად, განაპირობებს ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზაკვლევებს. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა მთელი რიგი საინტერესო შეხვედრები ქალთა, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, უცხო ენების უნივერსიტეტთან, სადაც ქართული ენის სექციაა გახსნილი და თორმეტი ჩინელი ახალგაზრდა ეუფლება ქართულ ენას. მოგეხსენებათ, რომ მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის მმართველობით სისტემაში სწორედ მმართველ პარტიას აქვს წამყვანი როლი, ამიტომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის ამას აქვს თავისი მნიშვნელობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილმა ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქ ხანგჭოუში, ტექნოლოგიურ კომპანიებში ვიზიტზე საუბრისას აღნიშნა, რომ დაინახეს ჩინეთის რეალური პოტენციალი.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ვიზიტი ამ ქალაქში, რამეთუ ეს არის არა მხოლოდ ტრადიციისა და კულტურის მატარებელი ქალაქი, არამედ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის განვითარების. ამიტომ აქ ჩვენ დავინახეთ რეალური პოტენციალი, რაც ჩინეთს აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მნიშვნელოვანი იქნება ქართული ბიზნესისათვის ურთიერთობა ჩინურ ბიზნესთან. ასე რომ, ჩვენ, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით გვქონდა საინტერესო შეხვედრები და დავამყარეთ კარგი კავშირები.

კარგია, რომ ამ პროვინციის, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ეს უკვე მნიშვნელოვანწილად რეალიზებული აქვს, დამეგობრება მოხდება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონთან. ამასთან დაკავშირებით გვაქვს უკვე წინასწარი თანხმობა ამ რეგიონის ხელმძღვანელობისგან და შემდგომი კონსულტაციები გაგრძელდება უკვე საელჩოს ჩართულობით, რათა ეს რეალიზდეს. ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში რეგიონებს აქვთ ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი და მოქმედების დიდი არეალი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს საქართველოსთვის და კონკრეტულად იმ რეგიონისთვის, ვისთანაც გაფორმდება მეგობრობის ხელშეკრულება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×