
პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 62 წლის გია ძლიერაშვილი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა - არადა კაცი, რომელსაც უმძმეს დანაშაულს ედავებიან, პროკურატურის თქმით, სისხლიანი ანგარიშსწორების ადგილას, კამერების ჩანაწერებში ამოიცნო საკუთარმა ცოლმა და შვილმაც.
ეს გუშინ სასამართლო პროცესზე, რომელიც გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, პროკურორმა მედია ცირამუამ განაცხადა, ასევე დასძინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ადასტურებს, რომ დანაშაული ნამდვილად ბრალდებულმა ჩაიდინა.
მისივე თქმით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ფურცელი, ჩანაწერი, სადაც ეწერა მოკლული ქალის სახელი გვარი, მონაცემები, მისამართი და მანქანის ნომერი.
"ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მისი დაკავება მოხდა სხვა ქალაქში. შესაბამისად, ის, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვას ჰქონდა ადგილი, ასევე, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა, ის ცდილობდა იარაღის მოშორებას, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე მართლმსაჯულების სისტემისადმი... ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული.
მტკიცებულებები ნამდვილად ადასტურებს, რომ დანაშაული მის მიერაა ჩადენილი. ეს დაცვის მხარის პოზიციაა, რომ თქვას ასე. მათ შორის, ოჯახის წევრები ადასტურებენ იმ მოტივის, რა იყო მკვლელობის ჩადენის მოტივი.
მკვლელობის ფაქტი ასახულია სამეთვალყურეო კამერებში, სადაც ჩანს ჩასაფრების ფაქტი, განზრახვის სისრულეში მოყვანის ფაქტი. და ის, რომ ბრალდებულია სამეთვალყურეო კამერაში, ამას ადასტურებენ მისი ოჯახის წევრებიც კი, შვილი, ცოლი...
ამასთანავე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ფურცელი, ჩანაწერი, სადაც ეწერა მოკლული ქალის სახელი გვარი, მონაცემები, მისამართი, მანქანის ნომერი, რაც ასევე ადასტურებს, რამდენად გააზრებულად ჩაიდინა მან დანაშაული", - თქვა მედეა ცირამუამ.
ამის შემდეგ, ბრალდებულმა, რომელიც მანამდე სასამართლო პროცესზე დუმდა, დუმილი დაარღვია და თქვა, რომ ბრალდების მხარე იტყუება.
"ჩემი მეუღლე თითქმის ვერ ხედავს. ჩემს შვილსაც, მინუს რამდენი აქვს თვალებში... არ ვიცი, ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას", - თქვა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.