
ორშაბათს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამომძიებლები შევლენ. პროკურატურა აცხადებდა, რომ ექსპრემიერზე შესაძლო ზეწოლის საკითხზე გამოძიების დაწყებას არ გეგმავდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათი პოზიცია შეიცვალა. დაცვის მხარის ცნობით, ზეწოლის ფაქტის მთავარი მტკიცებულებაა წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა საპატიმროში სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძისგან მიიღო. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა სამართლებრივი გაგრძელება ექნება ორშაბათის შეხვედრას გამომძიებლებთან.
ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საგამოძიებო უწყებიდან ღარიბაშვილის უფლებადამცველებს უკვე დაუკავშირდნენ. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მას პროკურორი ესაუბრა და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისა და მისი პოზიციის მოსმენის მზაობა გამოთქვა.
„თუ გამოძიება დაწყებულია, ბატონი ირაკლი მზად არის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მას შემდეგ, რაც ბატონი ირაკლი მისცემს ჩვენებას, გამოძიება ვალდებული იქნება, დაკითხოს ის პირი, რომელიც მის ჩვენებაში იქნება დასახელებული.
„ორშაბათს შევლენ ისინი ციხეში. ჯერ უნდა დავადგინოთ, დაწყებულია თუ არა გამოძიება და ამის შემდეგ ჩვენ განვსაზღვრავთ იმ ფორმატს, რომელ ფორმატშიც ითანამშრომლებს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიებასთან", - განაცხადა ბარათაშვილმა.
პროკურატურის შეცვლილ პოზიციასა და მოსალოდნელ საგამოძიებო მოქმედებებს პოლიტიკურ წრეებსა და ექსპერტულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიმდინარე მოვლენებს არა სამართლებრივ პროცესად, არამედ მმართველი გუნდის შიგნით არსებული კლანური დაპირისპირებისა და გავლენის ცენტრებს შორის ინტრიგების ნაწილად აფასებს:
„მთელი ეს ისტორია ღარიბაშვილთან მიმართებაში ძალიან, ძალიან უცნაური და ამორფულია. რასაც მე ვადევნებ თვალყურს, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერს სამართლის წარმოებასთან ბევრად ნაკლები კავშირი აქვს. ძირითადი არის შიდა ურთიერთობების კვლევა, შიდა ინტრიგები. ამ ინტრიგების ნაწილი შეიძლება იყოს გამომძიებლების შესვლა. ყოფილი მოხელეების ურთიერთქმედება არის დაკავშირებული შიდა კლანურ პრობლემებთან.
- არჩილ გამზარდია: „ეს შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მდინარაძე დაიკითხოს და მეტიც, უფრო შორს წავიდეს პროცესი მის წინააღმდეგ."
„მე არ მაქვს იმის რწმენა, რომ ან სამართალს ეძებს იქ სახელმწიფო, ან ის, რომ ვიღაცის უფლებას იცავს, თუკი რამე გადაცდომა მოხდა. ჩემი განცდა არის ის, რომ შეიძლება ეს პროცესიც უკავშირდებოდეს კიდევ ვიღაცა სხვა სუბიექტებს. შიდა გავლენის ცენტრებს შორის ურთიერთობის საკითხს უფრო ვხედავ, ვიდრე სამართლებრივ პროცესს."
გამზარდია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პროცესი მამუკა მდინარაძის გამოკითხვას გასცდეს და მის წინააღმდეგ უფრო მძიმე სამართლებრივი ფორმა მიიღოს.
„ამ ქვეყანაში უკვე შეუძლებელია რაიმეს გამორიცხვა. მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან და თანამდებობიდან წასვლა უკავშირდება ასევე რაღაც შიდა კლანურ გადანაწილებებს. ეს შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მდინარაძე დაიკითხოს და მეტიც, უფრო შორს წავიდეს პროცესი მის წინააღმდეგ. გააჩნია დროის ამ მომენტში მამუკა მდინარაძის სტატუს-კვო როგორია არსებულ ხელისუფლებასთან.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაკიღა საქმე გვაქვს „ქართულ ოცნებაში" შიდა გავლენებისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლასთან, ამ პროცესში, ბუნებრივია, ისინი, ვინც უფრო მეტად არიან ჯერჯერობით მორგებული შიდა გავლენებს, ისინი გამოიყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს სხვა ადამიანების მიმართ.
„ჩვენ გვახსოვს, ბოლო ყრილობაზე, მე მგონი, ბიძინა ივანიშვილმა რაღაცნაირად დახურულად გამოაცხადა მოვლენები. თითქოს ყველაფერი დალაგდა, კორუფცია აღმოიფხვრა და ამით თითქოს აჩვენა საკუთარ მხარდამჭერებს და პარტიის წარმომადგენლებს, რომ ეს პროცესიც შეჩერდებოდა. მაგრამ შესაძლებელია, რომ შიგნით ეს პროცესი არ გაჩერებულა. ანუ შეიძლება ვიღაცები ქვედა დონეებზე, რასაც მე და თქვენ ვერ ვხედავთ, აგრძელებენ გავლენისათვის ბრძოლას. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ის, ვინც ხელისუფლების შიგნით ძლიერია, აუცილებლად დაუწყებს დევნას იმას, ვინც ხელისუფლების სივრცეში ან ყოფილი მოხელე იყო, ან რაღაცა გავლენისათვის მაინც იბრძვის", - „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.
განსხვავებული პოზიცია აქვს ანალიტიკოს პეტრე მამრაძეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რაიმე სახის დავალების გაცემასა და ირაკლი ღარიბაშვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს.
„მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის მხრიდან ყოფილიყო გაცემული რაიმე დავალება, ეს პირველ რიგში. ასევე ვერ წარმომიდგენია, რა ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდა განხორციელებულიყო ღარიბაშვილზე. ის, რასაც წერილში წერდა, ჩემთვის ეს არის ბოდვის ზღვარზე, ან ბოდვა. შეგახსენებთ, ის წერდა, რომ თითქოსდა მას ეუბნებოდნენ, რომ თუნდაც ძალიან მცირე პროცენტიაო, მაგრამ მაინც ხომ არის პროცენტი, რომ შენ მერე ციხიდან გამოხვიდე და ისევ პოლიტიკური ფიგურა გახდე და აი, ეს ჩვენ არ გვინდა რომ მოხდეს. ამიტომ აღიარე, რომ ეს იყო კორუფციული მოქმედება შენი მხრიდან და გარანტია გვექნება, რომ ვერ გახდები პოლიტიკური ფიგურა. ეს არის მარაზმი, ეს არის აბსურდი. ადამიანი, რომელსაც უპოვეს ექვსნახევარი მილიონი დოლარი და ძალიან ბევრი სხვა ძვირფასი ნივთი... აქ ლაპარაკია, რომ კორუფციით არ მოიპოვა?"
- პეტრე მამრაძე: „როცა ადამიანი, როგორც ღარიბაშვილის შემთხვევაში, დაადგა ასეთ გზას - ფანტაზიის და უაზრო ბრალდებებს, იქ შეიძლება ნებისმიერი დაასახელოს".
პეტრე მამრაძე ექსპრემიერის წერილს მძიმე ფსიქოლოგიური სტრესითა და პატიმრობასთან შეუგუებლობით გამოწვეული ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს.
„ეს იყო რაღაც ფანტაზიის ნაყოფი და მე ისიც კი გავიფიქრე, რომ შეიძლება ვერ გაუძლო ამ ადამიანის ფსიქიკამ იმ ფაქტს, რომ ასეთ ფუფუნებაში იყო, ამხელა კაპიტალი დააგროვა, თან პრემიერი იყო და ახლა აღმოჩნდა ციხეში. არის არაერთი მაგალითი მსოფლიოში, რომ ფსიქიკა ამას ვერ ეგუება და ღმერთმა ნუ ქნას, ზოგი თავს იკლავს. ზოგი შეიძლება, ასე ვთქვათ, შეირყას ფსიქიკურად. შესაძლოა მსგავს სტრესში ჩავარდა ადამიანი და ამ უაზრობას ამიტომ წერს.
„ის, რომ გამომძიებლები შევიდნენ, ეს კარგია. რაც მთავარია, სამართლებრივად არის განპირობებული - ადამიანმა იჩივლა, რომ მასზე იყო თურმე რაღაცა ფსიქოლოგიური ზეწოლა. შევიდნენ, გამოიკვლიონ, თქვას კონკრეტულად - ვინ, როგორ ჩაერია და ასე შემდეგ და გაირკვევა აბსურდულობა... იმიტომ, რომ წერილი იყო სრულიად აბსურდული.
„სხვა საქმეა, რომ როცა ადამიანი, როგორც ღარიბაშვილის შემთხვევაში, დაადგა ასეთ გზას - ფანტაზიის და უაზრო ბრალდებებს, იქ შეიძლება ნებისმიერი დაასახელოს ასეთმა ადამიანმა. მის ფანტაზიაში შეიძლება ნებისმიერი გვარი დაემატოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეალურად დაემატება გვარები", - „რეზონანსთან" აღნიშნა მამრაძემ.