
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე თბილისში ტონგას უმასპინძლა და თავის ისტორიაში მე-300 მატჩი მოგებით დაასრულა. საქართველო - ტონგას შეხვედრა 55:31 დასრულდა.
საქართველო:
ლელო - კარკაძე (2), ლობჟანიძე, ნინიაშვილი, ტაბუცაძე (2), საღინაძე, აფრასიძე;
გარდასახვა - მატკავა (6);
ჯარიმა - მატკავა.
ტონგა:
ლელო - ტამეიფუნა, სემესი პაეა. ტაპუეულელუ, პოლონიატი, ინისი;
გარდასახვა - პელეგრინი (2).
ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ლუკა მატკავას მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა, რასაც ტონგელებმა მალე გარდასახული ლელოთი უპასუხეს და დაწინაურდნენ.
24-ე წუთზე ტონგა მოედანზე კაცნაკლული დარჩა - არბიტრმა პატრიკ პელეგრინი 10 წუთით გაასინბინა. რიცხვობრივი უპირატესობით ქართველმა მორაგბეებმა კარგად ისარგებლეს და ორი ლელოს დადება მოახერხეს - კარკაძის დუბლის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ დაწინაურდნენ.
პირველი ნახევრის ბოლომდე გუნდებმა ლელოები გაცვალეს - ჯერ ვასილ ლობჟანიძემ კიდევ უფრო გაზარდა საქართველოს უპირატესობა, ტაიმის ბოლო წუთზე კი სემისი პაეამ ანგარიში სხვაობა შეამცირა და პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებმა 22:14 მოიგო.
მეორე ტაიმის სტარტზე უკვე „ბორჯღალოსნები“ დარჩნენ კაცნაკლულნი - არბიტრმა 10 წუთით მოედანი აკაკი ტაბუცაძეს დაატოვებინა, რითიც ტონგელებმა მალევე ისარგებლეს და გარდასახული ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 22:21.
კაცნანკლულობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ლელოს დადება მოახერხა - დავით ნინიაშვილმა კარგად ისარგებლა მეტოქის მოთამაშეთა წამიერი უყურადღებობით და ბურთი მათ ჩათვლის მოედანში შეიტანა, მატკავა გარდასახვისას ამჯერადაც ზუსტი იყო - 29:21.
საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ დროში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა, თავის ისტორიაში მე-300, საიბილეო მატჩი ლამაზი მოგებით დაასრულა და ჯგუფში წაუგებლად ლიდერობს.
მომდევნო მატჩს „ბორჯღალოსნები“ 21 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, აშშ-ის ნაკრებთან გამართავენ.