რეზონანსი
14.11.2026

გზა იმერეთის ჩემპიონობიდან საქართველოს ჩემპიონობამდე. 5 წლის ქუთაისელმა მოჭადრაკემ საქართველოს ჩემპიონატზე ხუთ, ექვს და შვიდ წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის იასპარეზა და პირველი ადგილი შვიდივე პარტიის მოგებით მოიპოვა.

ნიცა ტყეშელაშვილი ტურნირებში ოთხი წლის ასაკიდან მონაწილეობს. პატარა მოჭადრაკეს თეთრი ფიგურებით თამაში უყვარს - პარტიასაც თეთრებით იწყებს და, როგორც წესი, გამარჯვებით ასრულებს.

5 წლის ნიცა ოჯახში ერთადერთი ჩემპიონი არ არის. მის უფროს დასაც საჭადრაკო ჩემპიონატებში არაერთი თასი აქვს მოგებული. როგორც დედა იხსენებს, ნიცას თამაშის ნიჭი ადრეულ ასაკშივე აღმოაჩნდა, 4 წლის იყო, როცა ბაღის პარალელურად, ჭადრაკის კლუბში მიიყვანეს.

ნიცას, დასთან ერთად, ჭადრაკი მისმა ნათლიამაც შეაყვარა, რომელიც თავადაც მოჭადრაკეა. ელენე იაშვილი ფიქრობს, რომ 5 წლის ჩემპიონს წინ დიდი მომავალი აქვს.

ნიცა ტყეშელაშვილი კვირაში ექვსი დღე ვარჯიშობს და მასწავლებელთან ერთად, დღეში ოთხ საათს მეცადინეობს. პედაგოგი ამბობს, რომ ნიცას შემთხვევა განსაკუთრებულია. მისი ასაკის მიუხედავად, ბავშვს აქვს განსაკუთრებული უნარი დააკვირდეს დეტალებს, მოახდინოს ყურადღების კონცენტრაცია, ლოგიკურად ააწყოს სვლები. ვიზუალური მეხსიერებით და სივრცითი ორიენტაციით, საოცარი სიზუსტით დაგეგმოს სტრატეგიული ნაბიჯები.

ხუთი წლის ნიცასთვის ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. პატარა მოჭადრაკეს წინ კიდევ ბევრი მიზანი აქვს. მთავარი ამ ეტაპზე ახალი ტურნირებისთვის მზადებაა, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×