
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურების ხარჯებისთვის ჯამში 196.9 მლნ ლარია გათვალისწინებული. ეს 2026 წლის გეგმასთან შედარებით 11.6 მლნ ლარით, ანუ 6.3%-ით მეტია.
დოკუმენტის თანახმად, შრომის ანაზღაურებისთვის 91.1 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც მიმდინარე წლის 83.6 მლნ ლართან შედარებით 9.1%-იანი ზრდაა. სახელფასო ხარჯების მატება ძირითადად საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების ყოველწლიურ ზრდას უკავშირდება.
ამასთან, საქონლისა და მომსახურების ხარჯები 101.7 მლნ ლარიდან 105.8 მლნ ლარამდე, დაახლოებით 4%-ით იზრდება. სამინისტროებს შორის დაფინანსების ყველაზე მაღალი ზრდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშია დაგეგმილი. უწყების ბიუჯეტი 173.2 მლნ ლარიდან 215.9 მლნ ლარამდე, ანუ 24.6%-ით იზრდება.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 11.5%-ით, 97 მლნ ლარამდე მოიმატებს, განათლებისა და სპორტის სამინისტროსი კი 5.9%-ით გაიზრდება და 126 მლნ ლარს მიაღწევს.
კულტურის სამინისტროსთვის 54 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც წლევანდელ გეგმაზე 3.8%-ით მეტია. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსება კი 2.6%-ით, 42 მლნ ლარამდე იზრდება.
რაც შეეხება სხვა საბიუჯეტო უწყებებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დაფინანსება 8.3%-ით, 10.95 მლნ ლარამდე იზრდება, მთავრობის ადმინისტრაციის - 5.7%-ით, 7.87 მლნ ლარამდე, ხოლო უმაღლესი საარჩევნო კომისიის - 10.2%-ით, 1.77 მლნ ლარამდე.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროებისა და სხვა უწყებების მთლიანი დაფინანსება ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად სხვადასხვა პროგრამისა და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილ თანხებსაც მოიცავს. საერთო ჯამში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, ასიგნებები 1.059 მლრდ ლარს შეადგენს.