
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში საცხოვრებელი სახლების გაძვირების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს და ხელისუფლებას ქვეყანაში გამწვავებული საცხოვრებელი კრიზისის მოგვარებისკენ მოუწოდეს.
პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საცხოვრებელი კრიზისის წინაშე დგას. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ახალგაზრდები არიან, რადგან ხელფასების ზრდა საცხოვრებლის ფასების ზრდას ვერ ეწევა.
2017 წლის შემდეგ ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების ფასები გაორმაგდა, ხოლო ახალი საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირის ღირებულება თითქმის ორჯერ გაიზარდა.
საცხოვრებლის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, Habita-ს წარმომადგენლის, რიტა სილვას განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად ბაზრის რეგულირებაა საჭირო და არამხოლოდ წამახალისებელი ზომების შემოღება.
მსგავსი დემონსტრაციები იმართება ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობა საცხოვრებლის დეფიციტსა და ქირის მკვეთრ ზრდას აპროტესტებს.