
პუტინი ევროპის უსაფრთხოების წესრიგის ხელახლა ჩამოყალიბების იდეებს აჟღერებს. ოცნებებში მას თავი 1945 წლის იალტის კონფერენციაზე წარმოუდგენია. პრობლემა ის არის, რომ ამ მასშტაბის იდეების წამოსაყენებლად ჯერ მსოფლიო ომი უნდა მოიგო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, რუსეთმა ოთხი წელი და რვა თვე დახარჯა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სოფელ მალაია ტოკმაჩკას „თითქმის“ დასაპყრობად. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ ომში რუსეთის 1.6 მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა, თუმცა რუსეთს შეჭრის არცერთი მიზნისთვის არ მიუღწევია.
“მხოლოდ ოქტომბერში მან 54 400 ოკუპანტი დაკარგა, მაშინ, როცა უკრაინამ უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა მოახერხა ხელში ჩაეგდო. ამ ეტაპზე პუტინს, მაქსიმუმ, რისი მოლაპარაკებაც შეუძლია, არის სამართლიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ფრონტის ამჟამინდელი შეხების ხაზის გასწვრივ და არა ევროპაში გავლენის სფეროების გადანაწილება.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროპას უსაფრთხოების ახალი წესრიგი არ სჭირდება. მას უკვე აქვს ასეთი წესრიგი, რომელსაც რუსეთი მუდმივად არღვევს. უსაფრთხო და თავისუფალი ევროპის უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასრულებაა”, - აცხადებს სიბიგა.