ნატალია ჯვარიძე
15.11.2026

შსს-მ მიტროპოლიტ იობის მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფისა და თავდასხმის ფაქტზე სამართალწარმოება დაიწყო და საქმე სასამართლოში გადაგზავნა. „ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში მეუფე იობზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო, ორშაბათს სასამართლოშია დაბარებული. თავად მეუფემ კი კვირას მორიგი ქადაგებისას ახალი განცხადება გააკეთა.

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) კვირას ქადაგებისას განაცხადა, რომ მისი კრიტიკული გამოსვლის შემდეგ „გამოჩნდა ვინ ვინ არის" და ასევე, „ყველას რეალური სახე გამოჩნდება".

„ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა. „არ არს დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოს...", „არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს" - ამ პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ეს ასე აუცილებლად მოხდება. ყველა გამოჩნდება ვინ, ვინ არის. ეს კარგი არის. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ არჩევ, ვერ განისაზღვრება ვინ არის შენს გვერდში. შეიძლება ახლობელი იყოს და „აი, თურმე უბეში გველი მყოლია" - ასე თქვა. დადგება სულიწმიდის მადლით, ის დრო, როდესაც ყველა ნიღაბს ჩამოიხსნის და ისეთი, როგორიც არის...

„თუ ჩვენ უფალს ვეკუთვნით, უფლის ერთგულები უნდა ვიყოთ. სამშობლოს ერთგულები უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. ამ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ. ყველა ვალდებულია, სასულიერო პირი იქნება, ერის ადამიანი იქნება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მცირერიცხოვანი ერი ვართ. და გვიყვარდეს ერთმანეთი", - აცხადებს მეუფე იობი.

  • მეუფე იობი: „ყველა გამოჩნდება ვინ, ვინ არის. ეს კარგი არის. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ არჩევ, ვერ განისაზღვრება ვინ არის შენს გვერდში."

მანამდე, 10 ნოემბერს, მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა". სასულიერო პირი ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ", რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა.

ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება და ვნებათაღელვა მოჰყვა. ხელისუფლების მხარდამჭერებმა მეუფე გააკრიტიკეს და მათი ზოგიერთი შეფასება პირდაპირ შეურაცხმყოფელი იყო.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე იობის განცხადებას გამოეხმაურა და მასზე გავრცელებული შეურაცხყოფები დაგმო.

„ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მეუფე იობის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. საერთოდ, ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

  • ედიშერ გვენეტაძე: „არავითარი ურთიერთობის გაუარესება არ იქნება... ანდრია ჯაღმაიძეს არ უთქვამს, რომ მეუფე იობის ამ განცხადებას საპატრიარქო მხარს უჭერს."

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე უარყოფითად აფასებს სასულიერო პირის პოლიტიკურ მოწოდებას ხელისუფლების შეცვლის შესახებ, თუმცა თავად მეუფის შეურაცხყოფას დაუშვებლად მიიჩნევს.

ედიშერ გვენეტაძე: პირველ რიგში, მეუფე იობის აქვს უფლება განცხადება გააკეთოს იმ სოციალური მდგომარეობის შესახებ, რომელიც ქვეყანაშია - ნარკოტიკებისა და სხვა პრობლემების შესახებ, ვინაიდან ის მოძღვარია და სრული უფლება აქვს. მაგრამ ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია, რატომ უნდა გააკეთოს პოლიტიკური განცხადება - ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. პატივცემულ ეპისკოპოსს ვინ მოჰყავს (ხელისუფლებაში)? თან დამაფიქრებელია, რომ მას არცთუ ისე დიდი ხნის წინ განცხადება აქვს გაკეთებული დამნაშავის, სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.

ამდენად, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ - მეუფის განცხადების მიმართ - მკვეთრად უარყოფითია, ოღონდ პოლიტიკური ნაწილის მიმართ. რა თქმა უნდა, მისი მოვალეობაცაა, რომ ეძიოს გამოსავალი გზები. რა გვითხრა - მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა? როდის უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ან რა ძალით?

„რეზონანსი": თქვენი შეფასებით, რამდენად გამართლებული იყო ამაზე „ქართული ოცნების" მხარდამჭერების მკვეთრად უარყოფითი და ზოგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი განცხადებები?

ე.გ.: რა თქმა უნდა, მეც ვიზიარებ, რომ არ უნდა ყოფილიყო შეურაცხმყოფელი განცხადება. მაგრამ ახლა „ქართულ ოცნებას" და მის მხარდამჭერებს მკვეთრად უარყოფითი განცხადება რომ ექნებოდა, მეც ვადასტურებ ამას. მეც ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ და ძალიან უარყოფითად ვაფასებ მისი განცხადების პოლიტიკურ ნაწილს.

რა ესაქმება მეუფეს, რომ მან განაცხადოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თანაც სასწრაფოდო? უფრო მეტად მგონია, რომ ეს არის განაწყენებულის პოზიციიდან საუბარი.

ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ - ეპისკოპოსებიც, რიგითი მრევლის წევრიც და ყველა ჩვენთაგანი და ამიტომ ცოდვები გვაქვს. გამონათქვამი არის ასეთი, რომ მღვდელი ჭილოფშიდაც იცნობაო - მემგონი ამით ყველაფერი ვთქვი.

„რ": თქვენი აზრით, ახლა რა პროცესს ვადევნებთ თვალს - იწყება თუ არა ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობების გაუარესება და სადადე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი?

ე.გ.: არავითარი გაუარესება არ იქნება, ნუ მოელიან ვიღაც-ვიღაცეები ამას. ნახეთ, როგორი სიტუაციაა: მეუფე იობს, ჩემდა სამწუხაროდ, მხარი დაუჭირა ვიღაც დოროთემ. ვიცით ვინცაა ეს დოროთე, ხომ? დოროთე ეს არის დაქირავებული, მე ყოველი შემთხვევისათვის ძალიან დიდ ეჭვს გამოვთქვამ ამაზე, რომელსაც უნდა ქართულ ეკლესიაში დისონანსის შეტანა. ანდრია ჯაღმაიძემ იქ გააკეთა განცხადება, რომ ის შეურაცხყოფის წინააღმდეგია. მას ხაზი არ გაუსვია, რომ მეუფე იობის ამ განცხადებას საპატრიარქო მხარს უჭერს. მე თავიდანვე გითხარით, რომ მეც ამის წინააღმდეგი ვარ, შეურაცხყოფა არ შეიძლება და კრიტიკა - რა თქმა უნდა კი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×