
სამი პრეზიდენტის - სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ისტორიული შეხვედრა, რომელიც 19 ნოემბერს ჩინეთში უნდა გაიმართოს, უკვე იქცა საერთაშორისო პოლიტიკური დისკუსიის საგნად. მაშინ, როცა ვაშინგტონი სამმხრივი მოლაპარაკებების მთავარ თემებად ბირთვული განიარაღებისა და ირანის ომს ასახელებს, მოსკოვს უკრაინაში ომის დასრულების საკითხის წამოწევა სურს. პეკინი კი ცდილობს, მასპინძლის როლით საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი გავლენა წარმოაჩინოს ისე, რომ არც რუსეთთან პარტნიორობა დააზიანოს და არც დასავლეთთან ურთიერთობები გაართულოს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეხვედრის პოლიტიკური ნაწილი და საერთო ფოტოც კი შესაძლოა მის რეალურ შედეგებზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, თუმცა კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია - ვის მოუტანს სამი ლიდერის ერთად შეკრება ყველაზე მეტ დიპლომატიურ სარგებელს და ვისთვის შეიძლება იქცეს პოლიტიკურ რისკად?
დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებშია დაგეგმილი. ანალიტიკოსებმა სამმხრივი შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური წესრიგის გადახედვის მცდელობასთანაც გააიგივეს.
შეხვედრის იდეა თავდაპირველად ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა და მას უკრაინაში ომის დასრულების საკითხის განხილვა სურდა, თანაც ისეთი პირობებით, რომლებიც მოსკოვისთვის იქნებოდა ხელსაყრელი. თუმცა, ვაშინგტონის ბოლო განცხადებებით, უკრაინის ომის საკითხი სამმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგში შეტანილი არ არის. მეორეს მხრივ, პრეზიდენტი ტრამპი ბირთვული იარაღის შემცირებასა და ირანის საკითხზე საუბარს გეგმავს, თუმცაღა, განიარაღების იდეას რუსეთიც და ჩინეთიც გარკვეული დათქმებით უყურებს.
ვინ რას მოიგებს შეხვედრით
დასავლური მედია მომავალ შეხვედრაზე მსჯელობისას აქტიურად ავლებს პარარელს ა945 წლის იალტის კონფერენციასთან, როდესაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ლიდერები ყირიმის საკურორტო ქალაქ იალტაში შეიკრიბნენ და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ახალი გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსის საკითხები გადაწყვიტეს. ამასთან, ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, რაზე ისაუბრებენ ლიდერები შენჟენში.
ჟურნალისტებთან ხანმოკლე საუბრისას დონალდ ტრამპმა შეხვედრასტან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას თავი აარიდა უკრაინის ომზე საუბარს. შესაძლო განსახილველ საკითხებს შორის მან მხოლოდ ირანი და ბირთვული განიარაღება დაასახელა.
გერმანული „დოიჩე ველე" წერს, რომ სამი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა, რომელსაც ერთობლივი ფოტოსესიაც მოჰყვება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის „მნიშვნელოვან დიპლომატიურ გამარჯვებად იქცევა", რადგან პუტინი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კიევის მოკავშირეების მხრიდან წლების განმავლობაში დიპლომატიური ბოიკოტის პირობებში იმყოფებოდა.
ამავე წყაროს შეფასებით, აშშ-სთვის ამ შეხვედრით შესაძლოა „არასახარბიელო სურათი შეიქმნას", როცა ტრამპი მის გეოპოლიტიკურ მეტოქეებთან ერთად წარსდგება. ჩინეთი კი შესაძლოა „კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და ჩინეთს არაერთ საკითხზე საერთო პოზიციები აქვთ, პეკინს არ სურს, პირდაპირ დაუკავშირდეს რუსეთის ომს უკრაინაში და ამით ზიანი მიაყენოს საკუთარ მცდელობას, წარმოაჩინოს თავი გლობალური სტაბილურობის გარანტად".
ამასთან, ჩინეთის ხელისუფლება ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების დაბალანსებასაც ცდილობს, ევროპული სახელმწიფოები კი სავარაუდოდ, უკმაყოფილო დარჩებიან, თუკი ჩინეთის მასპინძლობით გაიმართება სამიტი, სადაც უკრაინის ომის საკითხს განიხილავენ და მოლაპარაკების მაგიდასთან არც კიევი იქნება წარმოდგენილი და არც ბრიუსელი.
- „ჩინეთს სურს ამ შეხვედრით შეიქმნას იმიჯი, მაგრამ არ სურს გადაიხადოს ის პოლიტიკური ფასი, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს"
„ჩინეთი აშკარად შეშფოთებულია აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა თავდაპირველი დუმილის პოზიცია შეცვალა და უკვე აღიარებს, რომ სამ ქვეყანას შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს, ჩინეთის ოფიციალურ განცხადებებში არსებული ბუნდოვანება, როგორც ჩანს არის", - განუცხადა „დოიჩე ველეს" პოლონელმა პოლიტოლოგმა, ჩინეთის საკითხების მკვლევარმა და საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ვარშავის ოფისის მკვლევარმა ალიჩია ბაჩულსკამ.
მისი თქმით, პეკინი აცნობიერებს, რომ შეხვედრისთვის „იალტა-2"-ის სახელის დარქმევამ შესაძლოა უარყოფითი შთაბეჭდილება შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიული შედარება არაზუსტია და დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობას არ ასახავს.
ბაჩულსკას შეფასებით, სამმხრივმა შეხვედრამ შესაძლოა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ისედაც გაუარესებული ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის საკითხი შეხვედრაზე ევროპელი წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე განიხილება.
მკვლევარის თქმით, ამ შეხვედრით ჩინეთს საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით ბევრი არაფერი აქვს მოსაგები. სი ძინპინის ერთობლივი ფოტოები დონალდ ტრამპთან - ჩინეთის მთავარ გეოპოლიტიკურ მეტოქესთან და ვლადიმერ პუტინთან, რომელიც აშშ-სთან დაპირისპირებაში პეკინის პარტნიორია, შესაძლოა უხერხულ შთაბეჭდილებას ქმნიდეს.
„მაშინაც კი, თუ შეხვედრა მხოლოდ ერთობლივი ფოტოს გადაღებით შემოიფარგლება და კონკრეტულ შედეგს არ მოიტანს, ამან შესაძლოა ჩინეთის საერთაშორისო იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენოს", - განაცხადა ბაჩულსკამ.
ამერიკულ გამოცემები ციტირებენ ვაშინგტონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის უფროსი მკვლევარის სუნ იუნის პროგნოზსს. მისი თქმით, თუ შეხვედრა შედგა, ის ისტორიული მოვლენა იქნება. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამი ქვეყნის ლიდერმა რაიმე არსებითი საკითხი განიხილონ, რადგან მათი ინტერესები ერთმანეთს მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება. მისი ვარაუდით, შეხვედრის მთავარი მიზანი შესაძლოა ერთობლივი ფოტოს გადაღება იყოს, რომლის სცენარსაც ჩინეთი საგულდაგულოდ დაგეგმავს.
„ვფიქრობ, შეხვედრა შედგება. საკითხავია, რა ფორმატით და რა შინაარსით", - განაცხადა სუნ იუნმა. მისი თქმით, „ჩინეთს სურს ამ შეხვედრით შეიქმნას იმიჯი, მაგრამ არ სურს გადაიხადოს ის პოლიტიკური ფასი, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს".