
კრიმინალი [ხელისუფლების] მეოთხე შტოდ არის დამატებული და „ოცნება“ მისი გამოყენებით მართავს დღეს პროცესებს ქუჩაშიც და ახლა უკვე ციხეშიც. როგორც კი საქმე უკავშირდება „ოცნების“ ინტერესებს, იქ უკვე დაუნდობელი ხდება „ოცნება“, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
აღნიშნულით ის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებულ რამდენიმე დღიან ძალადობას გამოეხმაურა.
როგორც შარაშიძე განმარტავს, ეს არის სისტემური პრობლემა, რაც კონკრეტულად აღნიშნული პატიმრით არ დაწყებულა.
„ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც მხოლოდ ფეიქრიშვილის საქმით არ დაწყებულა. ჩვენ უნდა გავიხსენოთ ბაჩიაშვილის საქმე, რომელსაც თუ არ ვცდები, ციხის უფროსის თვითმკვლელობა მოჰყვა. ეს პრობლემა არათუ სისტემურია, კრიმინალი პირდაპირ შეზრდილი და გადაჭაჭვულია ხელისუფლების მართვის ორგანოებთან. [ხელისუფლების]მეოთხე შტოდ არის კრიმინალი დამატებული და „ოცნება“ მისი გამოყენებით მართავს დღეს პროცესებს ქუჩაშიც და ახლა უკვე ციხეშიც. როგორც კი, საქმე უკავშირდება „ოცნების“ ინტერესებს და როგორც კი, კრიმინალის, ან არაკრიმინალის საქმე იკვეთება „ოცნების“ ინტერესებთან, იქ უკვე დაუნდობელი ხდება „ოცნება“. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა ბაჩიაშვილის შემთხვევაში და ვნახეთ, რა ხდება ძმებ ფეიქრიშვილების შემთხვევაში“, - განაცხადა შარაშიძემ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორისა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, რამაზ ფირცხალავას მიმართ სასამართლომ არა პატიმრობა, არამედ, 10 000-10 000-ლარიანი გირაო გამოიყენა, შარაშიძე აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი ფორმალობაა“. ამასთან, შარაშიძე აღნიშნავს, რომ დავით ფეიქრიშვილის ირგვლივ განვითარებულ ამბებზე პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას უნდა აეღო და თანამდებობა დაეტოვებინა.
„გაცილებით მსუბუქი შემთხვევები ვიცით, როცა სასამართლო გირაოს მოთხოვნას არ აკმაყოფილებს და პატიმრობაში ტოვებს ადამიანებს. ეს ადასტურებს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა. ეს არის შემთხვევა, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა მინიმუმ, იუსტიციის მინისტრის, როგორც მთავარი პასუხისმგებელი პირის გადადგომა, თუ არა, მთელი მთავრობის. ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე, რის გამოც, 2012 წელს, ქართველმა ხალხმა „ნაციონალურ მოძრობას“ უარი უთხრა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოიყვანა.
განგაშის ზარები ასატეხია, აბა რა არის? იმ ვითარებაში, როცა ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, მედია რა პრობლემებშია, პარტიებს რომ კრძალავენ, ჩემზე კარგად იცით, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება რომ გაანადგურეს, ესეც კარგად იცით, დამოუკიდებელი არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი რომ აღარ არის, ესეც კარგად იცით და ამ ვითარებაში, ვინ თუ არა, ეკლესია? რჩება ხალხი და ეკლესია, ხალხი არის ეკლესია და ეკლესია არის ხალხი.
გავიხსენოთ, რა ხდებოდა გასაბჭოების დროს. რა არის „ოცნება“, თუ არა ნეობოლშევიკები? მაშინაც ძალიან კარგად იცოდნენ, რამხელა ავტორიტეტი ჰქონდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ის, რაც ბოლშევიკებმა საქართველოს გაუკეთეს, პირველ რიგში, იმის გამო გაუკეთეს, რომ ეკლესია მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე მთავარი წინაღობა იყო. საეკლესიო პირების დისკრედიტაცია საბჭოთა ფენომენია. ნიღბების ჩამოხსნაზე რომ საუბრობს მეუფე იობი, დღევანდელ „ოცნებაში“ სწორედაც ბოლშევიკური საბჭოთა წარსულის ხალხია, ისინი მზად არიან, პირველივე კრიტიკული აზრის გამო გაანადგურონ ნებისმიერი, ვინც იქნება, თუნდაც, იყოს საეკლესიო პირი, ისეთი, როგორიც არის მეუფე იობი“, - განაცხადა შარაშიძემ.