რეზონანსი
16.11.2026

ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან და ჯანსაღ მიდგომას, რასაც დღეს ვერ ვხედავთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რითაც ბრიუსელში დღეს დაგეგმილ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალზე საქართველო ელჩის დონეზე მიწვევას გამოეხმაურა. 

როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან და ჯანსაღ მიდგომას, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. ჩვენ გვექნება ღირსეული დამოკიდებულება, სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა და იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება.

(რაც შეეხება გაფართოების ფორუმზე არმიწვევას) ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სუვერენიტეტის პრობლემაა აშკარად.

სუვერენულად რომ მოქმედებდეს ევროპული ბიუროკრატია, ამ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, იქნებოდა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთისგან იზოლაციის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველო ევროპისთვის რჩება ერთ-ერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებაში. როდესაც ასეთ დროს ხელოვნურად ქმნი პრობლემას, როდესაც ასეთ დროს აფერხებ ღია და გამჭვირვალე დიალოგს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია კიდევ ერთხელ არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად/ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×