თამთა ჩაჩანიძე
16.11.2026

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ახალი საკომუნიკაციო არხი უკვე ამოქმედდა და გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დამყარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი შეხვედრის გამართვასაც უახლოეს პერიოდში პროგნოზირებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს, სავარაუდოდ, ძალიან მალე შეხვდება.

სად გაიმართება შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, პრემიერის თქმით, ის შესაძლოა არც თბილისში და არც მოსკოვში შედგეს.

რუსულ „იზვესტიაზე" დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან „კონტაქტი უკვე დამყარებულია".

მოსკოვს ზურაბაშვილთან მოლაპარაკებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს.

"იზვესტიას" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უწყება "მხარს უჭერს ამ ნაბიჯს და იმედოვნებს, რომ ეს დანიშვნა ორმხრივ ურთიერთობას ბიძგს მისცემს".

"ჩვენ დავამყარეთ კონტაქტი გიორგი ზურაბაშვილთან. მისი რუსი კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინია, რომელიც სამხრეთ კავკასიას კურირებს. რუსეთი მუდმივად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის მშენებლობას", - ამბობენ სამინისტროში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ "მომლაპარაკებლები პრაქტიკულ ამოცანებზე გაამახვილებენ ყურადღებას - ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო კავშირებისა და კულტურის სფეროს გაფართოებაზე".

"იზვესტია" წერს, რომ "ორივე მხარის პოზიციებში მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება: მოსკოვი პრიორიტეტს ანიჭებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, ხოლო თბილისი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსს და სანამ ორივე მხარე ამ პოზიციებზე მტკიცედ დარჩება, დიპლომატიური ურთიერთობის სწრაფ აღდგენაზე საუბარი არ არის"., თუმცა გამოცემა დასძენს, რომ "ახალი სპეციალური წარმომადგენლის მაღალი რანგი საშუალებას აძლევს მას პირდაპირ შეხვდეს რუს დიპლომატიურ წარმომადგენლებს, მათ შორის მიხეილ გალუზინს და სერგეი ლავროვსაც კი"

უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი 21 ოქტომბერს დანიშნა. 

რა ტიპის კომუნიკაცია გრძელდება თბილისი-მოსკოვს შორის

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ პროცესით თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არაფორმალური აღდგენა ხდება. მისი შეფასებით, ახალი ფორმატი კარასინ-აბაშიძის მექანიზმის გაგრძელებაა, თუმცა, ამჯერად პროცესში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ჩართვა ოფიციალურ და არაოფიციალურ ურთიერთობას შორის ზღვარს შლის.

"კარასინ-აბაშიძის ფორმატის გაგრძელება იქნება, მაგრამ, უცნაური არის ის, რომ ისინი ახლა ჟენევაში უკვე შეხვდნენ, ოღონდ კონფლიქტების მოგვარების ფორმატში. ახლა უკვე ხვდებიან არა კონფლიქტების, არამედ სხვა ფორმატში. ჟენევაში ვინ შეხვდა ზურაბაშვილს, არ ვიცი, გალუზინი იყო თუ არა ის, მაგრამ იქ რუსები იყვნენ. საინტერესოა, ერთი ადამიანი როგორ მოახერხებს ერთ ადგილზე ელაპარაკოს კონფლიქტებზე, მეორე ადგილზე არ ილაპარაკოს კონფლიქტებზე.

"ამ შემთხვევაში რაზე ილაპარაკებენ მნიშვნელობა აღარ აქვს. ამით პრაქტიკულად რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის არაფორმალური აღდგენა ხდება. ეს არის ძალიან სერიოზული აფიორასავით, თუ თვალში ნაცრის შეყრა. ფორმალურად ვერ აღადგენენ დიპლომატიურ ურთიერთობას, იმიტომ, რომ ოკუპირებულია ტერიტორიები, მაგრამ ელაპარაკებიან ამ ფორმატში.

"კარასინ-აბაშიძის ფორმატი გასაგები იყო - აბაშიძე არ იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, იყო პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი. ახლა პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი ერთი და იგივე ფიგურაა დიახ და ამიტომ ხდება აღრევა ოფიციალური და აროფიციალური ურთიერთობისა.

"ჩემი აზრით, ეს არის პირველი ნაბიჯი, არა საბოლოო ჯამში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობების დადგენისა - რაში სჭირდება საქართველოს ეს?

  • პაატა ზაქარეიშვილი: "ამ შემთხვევაში რაზე ილაპარაკებენ მნიშვნელობა აღარ აქვს. ამით პრაქტიკულად რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის არაფორმალური აღდგენა ხდება"

"დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სჭირდება რუსეთს და არა საქართველოს ოფიციალურად. ჩვენ ერთხელაც კი არ გვითქვამს, რომ კარგი იქნება, რომ აღვადგინოთ ურთიერთობა. ამ ფონზე, ეს პოლიტიკა ხორციელდება რუსეთის სცენარით. რუსეთს უნდა როგორმე მოიხელთოს ოფიციალური არხი საქართველოსთან ურთიერთობისა. და აი ამ არაფორმალურ ჭურჭელში, რომელსაც ერქვა კარასინ-აბაშიძის ფორმატი, ჩაასხა ფორმალური ტიტული და ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

"პრაქტიკულად რაც ახლა ხდება რუსეთთან, ეს არის არაფორმალური ურთიერთობების დაქორწინება. როდესაც ოჯახების ნაწილში ხელი არ ეწერება ქორწინებას, მაგრამ, ოჯახებად არიან, რეალურად საქართველო და რუსეთი შედიან ოფიციალურ, სერიოზულ, დიპლომატიურ ურთიერთობებში",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა და ოკუპაციის მიუხედავად, მოსკოვთან პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია.

მისი შეფასებით, დიალოგი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხების მუდმივად დაყენების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ეს პროცესი საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება.

"ოკუპაცია და მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა დიალოგის საჭიროებას არ აუქმებს - საქართველოს ინტერესები სწორედ რთულ ვითარებაშიც მოითხოვს პირდაპირ კავშირს. მოსკოვმა დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან კომუნიკაციას ლავროვის მოადგილე მიხაილ გალუზინი უხელმძღვანელებს, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს.

"რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ახალი საკომუნიკაციო არხის ფარგლებში მხარეები სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ტურიზმს, სატრანსპორტო კავშირებსა და კულტურულ თანამშრომლობას განიხილავენ. მოსკოვი ამ ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ აპირებს. მთავარ დაბრკოლებად კი კვლავ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ასახელებს.

"თბილისი რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას იყენებს. საქართველოს პოზიცია უცვლელია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია უმთავრეს საკითხად რჩება.

  • გია აბაშიძე: "ოკუპაცია და მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა დიალოგის საჭიროებას არ აუქმებს - საქართველოს ინტერესები სწორედ რთულ ვითარებაშიც მოითხოვს პირდაპირ კავშირს"

ამ მიზნის დაცვას პრინციპული დიპლომატია და ამავდროულად პრაგმატული მიდგომა სჭირდება - მოსკოვთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის მუდმივად დაყენება და პარალელურად თანამშრომლობის განვითარება იმ სფეროებში, სადაც ეს საქართველოს ეროვნულ და ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება",- აღნიშნავს აბაშიძე.

რას ამბობს კობახიძე

პრემიერ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მის სპეციალურ წარმომადგენელს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, "სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება".

"რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი, ამ ურთიერთობების აღდგენას თავისი ბუნებრივი ბარიერი აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოთა ე.წ. აღიარება. შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება.

"რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენს სპეცწარმომადგენელსა და რუსეთის სპეცწარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება. ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული.

"[პირველი შეხვედრა] ალბათ ძალიან მალე იქნება, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება, სად იქნება როდის იქნება ამაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას. შეიძლება არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება სხვაგან იყოს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ ინფორმაციას",- განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×