
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. მეცამეტე სხდომაზე სასამართლოს წინაშე "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები წარსდგნენ.
პროცესზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს როგორც გასული წლების საპროტესტო აქციების, 4 ოქტომბრის მოვლენებისა და პოლიტიკური ძალადობის შეფასებაზე, ისე სასამართლო სისტემის რეფორმაზე, ვეტინგის მექანიზმსა და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე.
მმართველი პარტიის პოზიცია კი ოპოზიციური პარტიების მიმართ კრიტიკულია.
ამასთან, პროცესის პარალელურად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. როგორც აპარატში აცხადებენ, დოკუმენტის მიზანია, შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტების განხილვით გამოკვეთოს ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება.
„ქართული ოცნების" წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიები წარსულში ჩადენილ ქმედებებს ემიჯნებიან, რადგან ფაქტები მათ წინააღმდეგ მოქმედებს. მისი თქმით, ოპოზიცია ძალადობასაც უჭერს მხარს, ხოლო სანქციების მიზანი ხელისუფლების გადაწყვეტილებების შეცვლაა.
- გორდულაძე: „ასეა, როდესაც ფაქტები შენ წინააღმდეგ მოქმედებს, შემდეგ იწყებ ამ ფაქტების საერთოდ უარყოფას"
„ასეა, როდესაც ფაქტები შენ წინააღმდეგ მოქმედებს, შემდეგ იწყებ ამ ფაქტების საერთოდ უარყოფას", - განაცხადა გორდულაძემ.
რა თქვა გვარამიამ პროცესზე
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეების შეკითხვებს უპასუხა. პროცესზე მან ისაუბრა 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე, წინა წლების საპროტესტო გამოსვლებზე, ძალადობის შეფასების კრიტერიუმებზე, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდსა და საკუთარ პოლიტიკურ წარსულზე.
პლენუმის მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის კითხვაზე, შეიცავდა თუ არა გასული წლების აქციებზე პიროტექნიკისა და სხვა საშუალებების გამოყენება ძალადობრივი აქციის ნიშნებს, გვარამიამ განაცხადა, რომ
"ძალადობრივი აქცია და უკანონო აქცია ერთი და იგივე არ არის". მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, "ძალადობა სპორადული (არახშირი) და ინციდენტური იყო თუ წინასწარ დაგეგმილი და კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურებოდა".
მან ასევე აღნიშნა, რომ "მოლოტოვის კოქტეილსა" და პიროტექნიკას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
მოსამართლის კითხვაზე, რა შემთხვევაში სცდება პოლიტიკური პროტესტი კონსტიტუციით დაცული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფარგლებს, გვარამიამ უპასუხა, რომ ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში დასაგმობია, თუმცა აუცილებელია კონკრეტული გარემოებების შეფასება. ამასთან, მისი თქმით, აქციის დაშლის შესახებ პოლიციის გაფრთხილება თავისთავად არ ნიშნავს, რომ დაშლა კანონიერია.
"გაფრთხილება აქციის დაშლას არ აქცევს კანონიერად, ეს ლეგალისტური მიდგომა და ვალის მოხდაა", - განაცხადა მან.
მეთოფიშვილის კიდევ ერთ კითხვაზე, არის თუ არა ხელისუფლების შეცვლის მიზნით სახელმწიფო შენობების ძალადობრივი დაკავება, ან პოლიციელზე თავდასხმა პოლიტიკური ბრძოლის დასაშვები ფორმა, გვარამიამ კატეგორიულად უპასუხა: "არა! ძალადობრივს დასაშვებად არაფერს მივიჩნევთ".
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გვარამიამ განაცხადა, რომ თავად აქციაზე ვერ იქნებოდა, რადგან იმ დროს პატიმრობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, კოალიცია აქციის იდეას პოლიტიკურად არასწორად მიიჩნევდა, თუმცა მონაწილეობის მსურველებისთვის ხელი არ შეუშლია.
"პარტიის პოზიცია იყო, რომ ჩვენი ორგანიზაცია ამაში მონაწილეობას არ იღებს და არ დავაორგანიზებთ", - განმარტა მან და დასძინა, რომ აქცია ძალადობრივად არ გამოცხადებულა.
გვარამიამ მოსამართლეებს 28 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზეც მიუთითა და განაცხადა, რომ მისი ორგანიზების შემთხვევაში პასუხისმგებლობას იღებენ, აქცია ძალადობრივი არ იქნება.
მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვაზე, დადებითად აფასებდა თუ არა 2004-2012 წლების მმართველობას, გვარამიამ განაცხადა, რომ ამაზე უკეთესი და მეტი პოზიტიური შედეგის მომტანი ხელისუფლება ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია. მან "ვარდების რევოლუციასაც" საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი უწოდა.
გოცირიძის შეკითხვაზე, რა არ ეამაყება წინა ხელისუფლების საქმიანობიდან, გვარამიამ რამდენიმე საკითხი დაასახელა: 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებული ფარული სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება, ზოგიერთი მოსამართლის დანიშვნაში მონაწილეობა და კახა ბენდუქიძის რჩევების არასათანადოდ გათვალისწინება.
მისი თქმით, წარსულში რომ დაბრუნდეს, ამ გადაწყვეტილებებს სხვაგვარად მიიღებდა. ამ პასუხს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია გამოეხმაურა რეპლიკით: „გასაგებია არასაამაყო საქმეთა ჩამონათვალი".
- გვარამია: "გაფრთხილება აქციის დაშლას არ აქცევს კანონიერად, ეს ლეგალისტური მიდგომა და ვალის მოხდაა"
მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვაზე, რამდენად მისაღებია მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის შემოწმების პროცესში უცხოელი წარმომადგენლებისთვის გადამწყვეტი როლის მინიჭება და ხომ არ ნიშნავს ეს სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობას, ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ ვეტინგი სუვერენიტეტის დათმობად არ მიაჩნია და მას შიდასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებად განიხილავს.
მისი განმარტებით, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებებს ისინი მიიღებენ. გვარამიას თქმით, შესაძლებელია შეიქმნას მიუკერძოებელი პირებისგან შემდგარი პანელი, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ვეტინგის ჩატარებას არ ავალდებულებს, არამედ მიუთითებს, რომ არსებული სასამართლო სისტემით ქვეყანა ევროპულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ვეტინგი კი ერთ-ერთი რეკომენდებული ინსტრუმენტია სასურველი შედეგის მისაღწევად.
მოსამართლე გიორგი თევდორაშვილის კითხვაზე, ხელისუფლების კრიტიკასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორის სად გადის ზღვარი და აზიანებს თუ არა ქვეყნის ინტერესებს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება სახელმწიფო არ არის და მმართველი პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური მოქმედებები ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად ვერ ჩაითვლება.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება "ქვეყანას არ ვნებს". გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი "ქართულ ოცნებას" საკუთარ სამშობლოსთან არ აიგივებს და დემოკრატიისთვის გაცილებით დიდ საფრთხედ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა მიაჩნია.