საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება, ბენზინის ერთბაშად 40–50 თეთრით გაიაფების შესაძლებლობა იძლევა
ქეთო გოგოხია
16.11.2026

ბოლო 3-4 თვის განმავლობაში  საქართველოში საწვავის გაიაფების პირველი ნიშნები გამოჩნდა. გლობალურ ბაზრებზე ფასების  მკვეთრი კლების ფონზე საწვავი ჯერჯერობით მხოლოდ 5-10 თეთრით გაიაფდა.  მოლოდიონია, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში კიდევ შემცირდება ფასი, თუმცა რა მაჩვენებლით, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. გლობალური ტენდენციის გათვალისწინებით კი  ბაზარზე ფასების ერთბაშად 40–50 თეთრით დაკლების რეალური შესაძლებლობა არსებობს.

როგორც ვიცით, ბოლო დრომდე ნავთობპროდუქტების ღირებულება რეკორდულად იყო გაზრდილი, თუმცა ახლა გლობალურ ბაზარზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა: აშშ-ის არჩევნების ფაქტორი, ირანში კონფლიქტის განახლების რისკის ფაქტობრივი მოხსნა, რუსეთ-უკრაინის ომში მოლაპარაკებების დაწყების შანსი და ნავთობის ჭარბი მიწოდება საერთაშორისო ფასებს დაბლა სწევს.

რაც შეეხება ,,პლატცის“ ფასს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე საწვავი მკვეთრად გაიაფდა. 1 ტონა ბენზინის ფასი 1 190 დოლარიდან 892 დოლარამდე, დაახლოებით 300 დოლარით, ანუ 25%-ით შემცირდა, ხოლო დიზელის ღირებულებამ 1 448 დოლარიდან 1 266 დოლარამდე, დაახლოებით 180 დოლარით, ანუ 12.6%-ით დაიკლო. 

ამ ფონზე საქართველოში საწვავის გაიაფება მხოლოდ 5-10 თეთრის ფარგლებში მოხერხდა. კონკრეტულად როდის დაიწყება ფასების რეალური კორექტირება, სექტორში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს ტენდენცია, რომ ბაზარზე საფასო სხვაობა შესამჩნევი გახდეს. 

 კომპანია ,,სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მყისიერად ვერ შეიცვლება ფასი, თუმცა ტენდენცია გაგრძელდება და მომდევნო კვირების განმავლობაში ფასი აქაც საგრძნობლად შეიცვლება. სხვათა შორის, "პლატცის" ფასი უკვე 20 დღეა დაღმასვლის დინამიკას აჩვენებს.

,,ვაკვირდებით ტენდენციას და სახეზეა საწვავის მკვეთრი გაიაფება. საერთაშორისო ბაზრებზე ფასი დაეცა და საქართველოშიც ცვლილება ნელ-ნელა აისახება. რაღაც კლება მოხდა როგორც არაბრენდირებულ, ასევე ბრენდირებულ სადგურებზე და ბენზინი 5-10 თეთით გაიაფდა. მესმის, რომ ქართველ მომხმარებელს მეტი მოლოდინი აქვს. ასეთ მოკლე დროში ფასი 30-40 თეთით ვერ შემცირდება. ის, რომ 200-300 დოლარით შემცირდა ,,პლატცის“ ღირებულება, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ამის პროპორციულად ქართულ ბაზარზე საწვავი ვერ გაიაფდა. 

როგორც წესი, მატება უფრო სწრაფად აისახება, ვიდრე კლება. მთავარია, ტენდენცია შენარჩუნდეს  და საწვავის ფასი აქაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომ მომხმარებელმა შეღავათი იგრძნოს. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი მომდევნო 2-3 კვირაში გამოიკვეთება“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

საერთაშორისო ტენდენციას გამოეხმაურა ნავთობკომპანია „პორტალის“ დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ცხვიტარია, რომლის თქმითაც,  ფასები "სუპერის" ტიპის საწვავზე 10 თეთრით შემცირდა, ხოლო სხვა ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გაიაფდა.

,,თუკი ნავთობის ფასის კლება გლობალურად სტაბილურად შენარჩუნდება, ორიდან 3 კვირამდე სჭირდება ხოლმე ვადა, რომ ფასების შემცირება კიდევ უფრო საგრძნობი გახდეს ადგილობრივ ბაზარზე. იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო შესყიდვას შემცირებული ფასების პირობებში განვახორციელებთ, მაშინ საცალო მომხმარებლებისთვის საწვავი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიაფდება", -აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გასულ თვეებში, გაზრდილი ფასების გამო საწვავის მოხმარების შემცირება თვალსაჩინო იყო - რეალიაზციის დღიური მოცულობა, საშუალოდ, 20 ტონით შემცირდა. ვლადიმერ ცხვიტარია ირწმუნება, რომ საწვავის ფასების გაიაფება, პირველ რიგში, ისევ ნავთობკომპანიების ინტერესშია:

"სიძვირე, ცხადია, საწვავის რეალიზაციას ამცირებს. ბევრს არ აქვს რესურსი, რომ 5 ლარამდე გადაიხადოს საწვავში, ამიტომ, წინა თვეებში, მოქალაქეების ნაწილმა ალბათ საერთოდ გააჩერა მანქანა. ამ პერიოდში დღიური რეალიზაცია, საშუალოდ, 20 ტონით იყო შემცირებული. ჩვენ ფიქსირებული ფასები გვაქვს, რის კორექტირებასაც, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ. გაზრდილი ფასი არ ნიშნავს, რომ ბიზნესს შემოსავალი და მოგება ეზრდება", - განაცხადა "საქმის კურსში" ცხვიტარიამ.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ტენდენცია საქართველოშიც უფრო თვალსაჩინოდ ჰპოვებს ასახვას და განსაკუთრებით ბენზინი კიდევ გაიაფდება, თუმცა კონკრეტულად რა მაჩვენებლით ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

,,მოწოდების კუთხით ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია და არაფერი გვიშლის ხელს, საწვავი გაიაფდეს. მთავარია, რომ ტენდენცია დაიწყო, 5-10 თეთრი შეიძლება არ არის ის ნიშნული, რასაც ელოდა მომხმარებელი, თუმცა მალე ფასის კლების მეტი შესაძლებლობა გამოჩნდება. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ განვითარდება პროცესები საერთაშორისო ბაზრებზე. 

ჩვენ დღეს გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვიქნებოდით, რომ რაღაც დონეზე ნავთობპროდუქტების ადგილობრივი წარმოება გვქონოდა. პრაქტიკულად სრულად ვართ დამოკიდებული მესამე ქვეყანებზე, სადაც ვყიდულობთ და ვყიდით. მნიშვნელოვანია, რომ  სიტუაცია უკეთესობისკენ შემობრუნდა გლობალურ ბაზრებზე, უხლოეს პერიოდში, აქაც მეტი რეაგირება გვექნება და ფასი კლების მიმართულებით კიდევ შეიცვლება“, - განაცხადა იობაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ნავთობის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, 2026 წლის მეოთხე კვარტალში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება დღეში საშუალოდ 105 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც მოსალოდნელ მოთხოვნას 1,7 მილიონი ბარელით აღემატება. სააგენტოს შეფასებით, ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტი უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე გლობალური მოთხოვნა გაიზრდება.

"გოლდმან საქსის" პროგნოზით, "ბრენტის" საშუალო ფასი 2027 წელს ბარელზე 88 დოლარი იქნება, წლის ბოლოს კი შესაძლოა, 78 დოლარამდე შემცირდეს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბანკი ბაზარზე მიწოდების სიჭარბეს ასახელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×