
ალეკო ელისაშვილს მისჯილი აქვს ტერორიზმი, წარმოუდგენელი კვალიფიკაცია იმ ქმედებასთან, რომელიც იყო აღწერილი. დიახ, [პოლიტპატიმრად მიმაჩნია], - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
უფრო კონკრეტულად, პლენუმმა მას ჰკითხა, როგორია „ლელოს“ პოზიცია ალეკო ელისაშვილთან მიმართებით, მიაჩნია თუ არა „პარტიას ის პოლიტპატიმრად“?
„დღეის პოზიცია არის ის, რომ მას მისჯილი აქვს ტერორიზმი, წარმოუდგენელი კვალიფიკაცია იმ ქმედებასთან, რომელიც იყო აღწერილი. კვალიფიკაციის არ დათანხმება არის სწორედ პოლიტიკურ პატიმრად შეფასების კრიტერიუმი“ , - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ამის შემდგომ მას პასუხის დასაზუსტებლად მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ჰკითხა „ანუ მიგაჩნიათ, რომ პოლიტპატიმარია?“ რაზეც გიორგი სიორიძემ დადებითი პასუხი გასცა „დიახ“.
გარდა ამისა, სიორიძეს პლენუმმა ჰკითხა, რას გულისხმობდა ის სიტყვა „თავგანწირვაში“, როდესაც ელისაშვილთან მიმართებით გამოიყენა და დღესაც ფიქრობს, თუ არა რომ „თავგანწირული ქმედება იყო ელისაშვილის მხრიდან“?
„ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედებაა, რომელსაც არ ვიცი, რა მოტივი ამოძრავებს, როდესაც ასეთ აქტზე შეიძლება თეორიულად წავიდეს. ამას ნიშნავდა სიტყვა „თავგანწირული“ , - უპასუხა სიორიძემ პლენუმს.
ამის შემდგომ მას სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაია ჰკითხა, თუ ელისაშვილმა თავგანწირული ქმედება ჩაიდინა, მაშინ, რისთვის გაწირა თავი? მოსამართლემ განმარტა: „როდესაც თავგანწირულ ქმედებას სჩადიხარ, რაღაცისთვის წირავ თავს და რისთვის სწირავ?“.
სიორიძემ მოსამართლის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ელისაშვილის მოტივი ზოგადად ცნობილია. მან ასევე განმარტა, რას გულისხმობდა სიტყვაში „თავგანწირული“, როდესაც ის ელისაშვილთან დაკავშირებით ახსენა.
„ზოგადად, ჩვენ ხომ ვიცით, რა არის მისი მოტივი-საქართველოს მსახურება, ის პატრიოტი ადამიანია. კონკრეტული ქმედება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ხაზში და დოქტრინაში არ შედის. ამიტომ, ერთი ადამიანის ქმედება, ასეთი უკიდურესი ქმედება თეორიულად რომ არსებობდეს, ეს არის თავგანწირული ქმედება. აქ გმირული და თავდადებული არ იგულისხმება“ , - განაცხადა გიო სიორიძემ.