
3 დეკემბერს, ლუგანოში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, რომელი ქვეყანა ჩაიბარებს ორგანიზაციის თავმჯდომარეობას 2027 წელს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე სამი კვირით ადრე ვითარება კვლავ ჩიხშია. თავმჯდომარეობისთვის მთავარი ბრძოლა კვიპროსსა და საქართველოს შორის მიმდინარეობს - კვიპროსის კანდიდატურას ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა უჭერს მხარს, თუმცა მას თურქეთი ბლოკავს, საქართველოს კანდიდატურას კი ევროპული ქვეყნების ნაწილი ეწინააღმდეგება.
ამ ფონზე, ორგანიზაციის 57 წევრს შორის კონსენსუსის მიღწევა სულ უფრო რთული ხდება და ანალიტიკოსთან ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეუთო, თავისი არსებობის განმავლობაშ პირველად, 2027 წელს თავმჯდომარე ქვეყნის გარეშე დარჩეს, რაც თავის მხრივ ორგანიზაციაში ინსტუტიციურ კრიზისს გამოიწვევს.
კვიპროსმა ეუთოს თავმჯდომარეობის სურვილი ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში გამოთქვა. მის კანდიდატურას ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა უჭერს მხარს, თუმცა მთავარი დაბრკოლება თურქეთია. ანკარა კვიპროსის კანდიდატურას არ ეთანხმება კუნძულის გაყოფასთან დაკავშირებული ხანგრძლივი კონფლიქტის გამო და თურქეთის პოზიციის შეცვლის პერსპექტივა ამ ეტაპზე ნაკლებად იკვეთება.
საქართველომ თავმჯდომარეობის სურვილი 2026 წლის იანვარში წარადგინა, ხოლო აქტიური დიპლომატიური კამპანია სექტემბერში დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ეუთოს 2027 წლის თავმჯდომარეობის კანდიდატურას მნიშვნელოვანი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, უკრაინა, რუსეთი და თურქეთი არ ეწინააღმდეგებიან. მინისტრის შეფასებით, ევროკავშირის ერთიანი პოზიცია საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ არ არსებობს, თუმცა თბილისი კონსენსუსის მისაღწევად მუშაობას აგრძელებს.
ვინ გვიჭერს მხარს და ვინ არა
საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ კვიპროსთან დაკავშირებით გასულ წელს ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თურქეთის პოზიციის გამო, თუმცა, „ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ, რომ კვლავ გამოიყენონ ეს საკითხი იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ დააფიქსირონ პოზიცია".
„ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსის მისაღწევად, როგორიცაა აშშ, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, მეზობელი ქვეყნები და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირის ერთიანი პოზიცია არც წინააღმდეგობასთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ ეუთოს ორგანიზაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები, ჰყავდეს თავმჯდომარე ქვეყანა მომავალ წელს და ეს თავმჯდომარე ქვეყანა თუკი იქნება საქართველო, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ორგანიზაციის მუშაობაში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
- მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსის მისაღწევად, როგორიცაა აშშ, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, მეზობელი ქვეყნები და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი".
ბრიტანელი დიპლომატი და ანალიტიკოსი იან პრაუდი თავის ვრცელ ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ ეუთო ისტორიაში პირველად დგას საფრთხის წინაშე, 2027 წელს თავმჯდომარის გარეშე დარჩეს. ავტორი კრიზისის მიზეზად ასახელებს თურქეთის მიერ კვიპროსის კანდიდატურის დაბლოკვას და ევროპის 14 ქვეყნის წინააღმდეგობას საქართველოს კანდიდატურის მიმართ. მისი აზრით, ევროკავშირი ვერც კვიპროსის კანდიდატურის გატანას ახერხებს და ვერც საქართველოს განიხილავს კომპრომისულ ალტერნატივად, რაც ორგანიზაციას ღრმა კრიზისში აგდებს.
პრაუდი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგობა მოხსნან და ეუთოს ფუნქციონირება საფრთხისგან იხსნან.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ 2027 წელს ეუთოს ხელმძღვანელის გარეშე დარჩენა ორგანიზაციას ბიუჯეტზე, ლიდერობაზე ან ისეთ რეგიონულ პრიორიტეტებზე შეთანხმების საშუალებას აღარ მისცემს, როგორიც უკრაინის საკითხია. ავტორი ამბობს, რომ საქართველოს სასარგებლოდ ძლიერი არგუმენტები არსებობს - ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობს რუსეთსა და ირანს შორის, წელს აპრილში კი მან ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა ყოველგვარი „დრამის გარეშე" იტვირთა.
პრაუდიც ადასტურებს, რომ მიუხედავად დასავლეთთან არსებული ზოგიერთი უთანხმოებისა, საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან არც უკრაინა, არც რუსეთი, არც აშშ, კანადა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები.
პრაუდის შეფასებით, ევროკავშირი ჩიხშია: ვერ ახერხებს კვიპროსის კანდიდატურის გატანას და ამავდროულად ბლოკავს საქართველოს, როგორც ალტერნატიულ კანდიდატს. ავტორი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს წინააღმდეგობა მოხსნან, რათა ეუთო ინსტიტუციურ კრიზისს გადაურჩეს.
რა ელის ეუთოს თავმჯდომარის გარეშე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ საქართველოზე გაერთიანების წევრი სახელმწიფოების თანხმობა არ იქნება, ორგანიზაცია სავარაუდოდ თავმჯდომარის გარეშე დარჩება. მისი თქმით, ეუთომ საკუთარი მისია ამოწურა და დღეს ღრმა კრიზისშია, ხოლო საქართველოს მიმართ ევროპული სახელმწიფოების კრიტიკული განწყობისა და „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედების ფონზე, ქვეყნის თავმჯდომარედ არჩევა ნაკლებად სავარაუდოა.
„გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება და თუ ამ 14 სახელმწიფოს თანხმობა არ იქნება, სავარაუდოდ, ეუთო თავმჯდომარის გარეშე დარჩება და გარდამავალ შეკიდულ მდგომარეობაში იქნება. ეუთო, როგორც ორგანიზაცია, ისედაც ღრმა კრიზისშია და თუ გარკვეული პერიოდი თავმჯდომარე არ ეყოლება, ეს მის მდგომარეობას მაინცდამაინც დიდად არ გააუარესებს.
„ეს ორგანიზაცია თავის დროზე კონკრეტული მიზნებისთვის შეიქმნა, მაგრამ ცივი ომის დამთავრებისა და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩემი აზრით, ამ ორგანიზაციამ საკუთარი მისია ამოწურა და მისი ფუნქცია ფაქტიურად არჩევნების დაკვირვებაზე დავიდა და იქაც, როგორც ვხედავთ, გარკვეული ძალები, რომლებსაც ამ სტრუქტურებზე გავლენა აქვთ, ცდილობენ, რომ ამ ორგანიზაციების მისიების მუშაობაზე საკუთარი გავლენების ქვეშ მოაქციონ. გვახსოვს ეუთოს მისიამ საქართველოს არჩევნებზე როგორი შუალედური დასკვნა დაწერა - ვერც ის თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამავე დროს ოპოზიციასაც დაუტოვა სალაპარაკო.
„სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ ისწრაფის ასე საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობას, ალბათ რაღაც პრესტიჟის, თუ სხვა მოსაზრებების გამო, რადგან ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა არის, არ მგონია საქართველოს ბევრ რამეს აძლევდეს. ეუთოს წევრი სახელმწიფოები ძირითადად ევროპიდან არიან, რომლებიც საქართველოს მიმართ მკვეთრად უარყოფითად არიან განწყობილი და მათ ხმებს ეუთოში აქვს წონა და მნიშვნელობა. სავარაუდოდ, სწორედ ის სახელმწიფოები, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიმართ არიან კრიტიკულად განწყობილი, არიან კრიტიკულად განწყობილი საქართველოს თავმჯდომარეობის მიმართაც.
- ზაალ ანჯაფარიძე: „არ ვიცი რატომ ისწრაფის ასე საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობას, ალბათ რაღაც პრესტიჟის თუ სხვა მოსაზრებების გამო, რადგან ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა არის, არ მგონია საქართველოს ბევრ რამეს აძლევდეს."
„ორგანიზაცია ისედაც კრიზისშია, მაგრამ თავმჯდომარის გარეშე მართვის კუთხით გარკვეულ უხერხულობებს შექმნის. როდესაც ორგანიზაციას თავმჯდომარე არ ჰყავს, მმართველობის და მენეჯმენტის საკითხები ალბათ ვერ იქნება ისე, როგორც თავმჯდომარის პირობებში", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, საბოლოო ჯამში, კვიპროსისთვის თურქეთის დათანხმება უფრო ადვილი შეიძლება გახდეს, თუ საქართველოსთვის ევროპის 14 ქვეყნის დათანხმება, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საქართველოს მოკავშირეა, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„როგორ ფიქრობთ თქვენ, ერთი ქვეყნის დათანხმება უფრო ადვილია, თუ 14 ქვეყნის? სიმართლე გითხრათ, მათ უკვე მოკავშირეებს ვეღარ ვუწოდებ დღევანდელ მოცემულობაში, იქიდან გამომდინარე, თუ რა რეზოლუციები გამოაცხო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მიმართ. „მოსკოვის მექანიზმიც" აამოქმედეს - ეს ყველაფერი მეხსიარებაში იანხება და ესეც არის ალბათ გარკვეული ფაქტორი, რასაც ალბათ მხედველობაში მიირებენ, როდესაც თავმჯდომარეზე წავა საუბარი.
„ძალიან მინდა ვცდებოდე ჩემს პროგნოზებში, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ არ აგვირჩევენ და გამიხარდება თუ შევცდები", - განაცხადა ანჯაფარიძემ.