
ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ „შაბათის მარშს" ერთ-ერთი აქტივისტი შიდა უთანხმოებისა და გაუმჭვირვალობის მიზეზით ემიჯნება. ხელისუფლების ოპონენტების გარკვეული ნაწილი მის პოზიციას იზიარებს. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ამ აქციებს აზრი დაეკარგა. ექსპერტთა შეფასებები განსხვავებულია - ნაწილი ამას ინდივიდუალურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ მარშმა თავი ამოწურა.
სოციალურ ქსელში აქტივისტმა, თამუნა გიორგაძე დაწერა, რომ წყვეტს მარშში მონაწილეობას და არ სურს მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება. გიორგაძე უკმაყოფილოა ორგანიზატორების ქმედებებით.
„არ ვიცი ვის გაინტერესებთ, არც ის ვიცი საერთოდ ვინმეს გაინტერესებთ თუ არა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე დავწერ ინფორმაციის სახით. მე ვწყვეტ „შაბათის მარშში" მონაწილეობას. გთხოვთ, პირადად ჩემი, ერთი ადამიანის სახელი, ნუ იქნება აფილირებული მაგ, უკვე ფაქტობრივად სტრუქტურული ერთეულის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებთან. მადლობა", - აღნიშნავს გიორგაძე.
მისმა ამ გადაწყვეტილებამ აქტივისტებში გაურკვევლობა და დაბნეულობა გამოიწვია. მათი უმრავლესობა გიორგაძის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, თუმცა გიორგაძის მსგავსი სურვილი რამდენიმე აქტივისტმაც გამოთქვა, მათ შორის, ია მელითაური წერს: „მეც აღარ დავდივარ კაი ხანია".
აღნიშნულ თემაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, როცა აქცია მიზანდაკარგული და შინაარსგამოცლილია, იქ იწყება ბრალდებებიც.
- ნიკა ჩიტაძე: „ეს ფაქტი არაფერს ნიშნავს, ერთი ცალკეული ადამიანის გადაწყვეტილებაა, მაგრამ საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს არ იმოქმედებს სხვებზე."
„როდესაც რაღაც აქცია მიზანს კარგავს და აქცია რჩება მხოლოდ აქციისათვის, ბუნებრივია, იქ წინააღმდეგობები იჩენს ხოლმე თავს. სწორედ ამასთან გვაქვს ახლა ჩვენ საქმე. როდესაც მიზანდაკარგული და შინაარსგამოცლილია აქცია, იქ უკვე იწყება ბრალდებების მთელი კასკადი ერთმანეთთან მიმართებაში.
„ჩვენ იგივე სურათი ვიხილეთ პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის ბრალდებებით იყვნენ დაკავებული. ანალოგიურ სურათს ვუყურებთ ახლაც ამ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორისაც", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ ფიქრობს, რომ „შაბათის მარშმა" საკუთარი თავი ამოწურა და არც იმას ეთანხმება, რომ რამე გაუჭვირვალედ კეთდება.
„ერთმა ადამიანმა კი განაცხადა, მაგრამ ის ბრძოლა მაინც არ გაჩერდება. ბევრია ისეთი, რომელიც აქციაზე მანამდე მიდოდნენ, მაგრამ ახლა აღარ, თუმცა აქცია ხომ გრძელდება? ასე რომ, ეს ფაქტი არაფერს ნიშნავს, ერთი ცალკეული ადამიანის გადაწყვეტილებაა, მაგრამ საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს არ იმოქმედებს სხვებზე.
„არ ვფიქრობ, რომ მარშები გამჭვირვალე არაა. ყველა განცხადება კეთდება და ცხადდება, რომ მარშში ტარდება. საჯაროდ ამბობენ ყველაფერს. ეს უბრალოდ ერთი ადამიანის პოზიციაა, რისი უფლებაც ყველას აქვს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ მარშმა უკვე დიდი ხანია თავი ამოწურა.
„შაბათის მარშებს" დიდი ხანია აქვთ თავი ამოწურული. ეს არის ერთი ადგილის ტკეპნა. ალბათ, ფინანსები აღარ აქვთ და ჩავარდნენ იმ სიტუაციაში, რომელშიც არიან. აი, ეს არის ლოგიკური დასასრული, მე ასე ვფიქრობ", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".