რეზონანსი
17.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა, რომელსაც ასევე შეუერთდნენ სხვა მოპასუხე პარტიებიც.

კერძოდ, ზაზა ბიბილაშვილმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა, საქმის არსებით გადაწყვეტამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს განჩინება ან გასცეს წერილობითი განმარტება, რომლითაც პარტიების აკრძალვის საქმეში განსაზღვრავს: მტკიცების საგანს თითოეულ მოპასუხესთან მიმართებით, მტკიცების ტვირთის განაწილების წესს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, მტკიცების სტანდარტს და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტებს.

ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ ცხადი და დამაჯერებელი მტკიცებულების სტანდარტის ფორმულირება არასაკმარისი, არაზუსტია და, რაც მთავარია, არაკონსტიტუციური იქნება მისი გამოყენება მოცემულ საქმეში.

„გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი რომ არსებობდეს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა სტანდარტია ჩვენთვის, რისგან უნდა დავიცვათ თავი, რა სტანდარტით უნდა დავიცვათ თავი. მე გზადაგზა თუ არ ვიცი, რას მედავებიან, რა ნაწილში უნდა ვიმართლო თავი და რა იქნება თქვენთვის საკმარისი, რომ ეს ბრალდება უარყოფილი იქნას, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება იმ პირობებში, როცა თქვენი გადაწყვეტილება არ საჩივრდება, ნიშნავს, რომ ჩვენ გვერთმევა არსებითი პროცესუალური უფლება.

თქვენ გადაახტით მტკიცებულების გამოქვეყნების სტადიას. თქვით, გამოვიკვლევთ მტკიცებულებებს კითხვა-პასუხის ეტაპზეო, მაგრამ არ გამოგიქვეყნებიათ. ვითხოვ იმას, რომ თქვენ მხარეებს დაუდგინოთ წინასწარ, გასაგები, მკაფიო, განჭვრეტადი კრიტერიუმები, რას გვედავებიან და რა არის ის სტანდარტი, რომლის ფარგლებშიც თავი უნდა დავიცვათ. მე და არცერთ ჩვენგანს არ გვევალება, ორასიათას რაღაცაზე გავცეთ პასუხი. ერთი კითხვაც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ პროცესი არასწორად მიდის“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა შუამდგომლობის დასაბუთებისას.

პლენუმმა ადგილზე იმსჯელა აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა. მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, რა გარემოებები დაედო საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას.

რევაზ ნადარაიას თქმით, ეს იყო დაუსაბუთებელი შუამდგომლობა, რადგან სასამართლო წინასწარ ვერ იტყვის, რა მტკიცებულებებს დაეყრდნობა ერთი ან მეორე მიმართულებით. ამავდროულად, რევაზ ნადარაიას განმარტებით, რომელიმე მხარე თუ მიიჩნევს, რომ მას კონკრეტული კითხვა არ მიემართება, შეუძლია, ეს დააფიქსიროს.

„ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს და ჯერ არაფერს არ ვაფასებთ“, - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

რევაზ ნადარაიას განცხადებით, შუამდგომლობაში იკითხება, რომ მხარეს სურს, წინასწარ უთხრას სასამართლომ, რა მტკიცებულებებს რა მიზნობრიობით გამოიყენებს.

„მხარეს პრაქტიკულად არ მოსწონს და ასაჩივრებს იმ განჩინებებს, რაც პლენუმის მიერ ადრე იქნა გამოტანილი მოცემული საქმის განხილვის ეტაპზე მხარეთა შუამდგომლობის პასუხად. სასამართლოს და პლენუმის განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება საკითხს მტკიცებულებების სტანდარტთან დაკავშირებით, ერთგვარად იკითხება, რომ მხარეს სურს, წინასწარ უთხრას სასამართლომ, რა მტკიცებულებებს რისთვის და რა მიზნობრიობით გამოიყენებს, სარჩელის დაკმაყოფილების თუ დაუკმაყოფილებლობის კუთხით. ეს არის წარმოუდგენელი.

თქვენმა განმარტებებმა მოჰფინა ამას ნათელი. წარმოუდგენელია, სასამართლომ გარკვეულ მტკიცებულებებს მისცეს შეფასება წინასწარ და უთხრას მხარეს, ეს არის ცხადი, დამაჯერებელი, ადასტურებს სარჩელის წარდგენილ პრეტენზიას, ეს არ ადასტურებს. ზოგადი სტანდარტები არ დგინდება შუალედური გადაწყვეტილებებით, ზოგადი სტანდარტები დგინდება საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებებით. ეს სტანდარტი ნამდვილად არ იქნება დაბალი“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

რევაზ ნადარაიამ ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლეთა კითხვები ძირითადად ფაქტებს მიემართება.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×