რეზონანსი
18.11.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელოს“ და სხვა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნა და ამასთან, არ ახსოვთ, რომ მათ ოფისებში იყო ისეთი უკანონო საშუალებები, როგორიცაა მოლოტოვის კოქტეილი და პიროტექნიკა. 

„ასეთი ტაქტიკა რომ აქვთ და რომ წარმოუდგენიათ, სასამართლო არის პოლიტიკური განცხადებების ადგილი, ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში იმიტომ, რომ იქ ისინი მიდიოდნენ და ეგონათ, თავისი ყალბი ნარატივების გავრცელებითა და პოლიტიკური დეკლარაციებით გავიდოდნენ ფონს, მაგრამ რა თქმა უნდა, მოსამართლეები ნეიტრალურები არიან ასეთი განცხადების მიმართ და აინტერესებთ რა ფაქტები გაქვს ხელთ.  როდესაც შენ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა პიროტექნიკა, ბენზინი და სხვა მასალები, რომლითაც მზადდება მოლოტოვის კოქტეილი, მათ შორის ეს ეგრეთ წოდებული ფითილები, რომელსაც ცეცხლი უნდა მოუკიდო და შენ ამბობ, რომ ეს არ ყოფილა ან იქ ვიყავი ოფისთან და ეს ვერ დავინახე, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით მოსამართლეებს ასეთ შემთხვევაში შინაგანი რწმენა ცოტა სხვა მიმართულებით ჩამოუყალიბდებათ შენი, როგორც სანდო ამბის გადმომცემის მიმართ“ - აღნიშნავს შარმანაშვილი. 

რაც შეეხება „ლელოს“ წევრების განცხადებებზე, რომ მათ არასდროს მოუთხოვიათ ქართველი მოხალისეების გაგზავნა, შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ესეც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ფიქრობს, რომ მოპასუხე მხარე სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 

„ეს საჯაროდ გაკეთებული განცხადება და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი რომც არ იყოს ინკვიზიციური პროცესის დროს ნებისმიერი დოკუმენტის ან მასალის გამოთხოვა შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს. მით უმეტეს, ადვილია ამის მოპოვება, როცა ეს ყველაფერი საჯარო სივრცეშია. ამ ტაქტიკას რომ მისდევენ, ასე აშკარად მოსახლეობასაც ატყუებენ და რაც მთავარია უნდათ, სასამართლო შეცდომაში შეიყვანონ, მათთვის კარგად არ დამთავრდება და ძალიან სწორიც იქნება იმიტომ, რომ ადამიანთა ჯგუფი, მით უმეტეს, პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, რა თქმა უნდა ამას თავისი შედეგები უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×