
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია GWP წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევის გამო, გამრეკელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა წყლის მიწოდების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს.
კალაძის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-ის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან.
"საბურთალოს რაიონში, დღეს გამთენიისას, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე ავარიულად დაზიანდა კომპანია GWP-ის 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს. დაზიანდა ავტომობილები. აღნიშნული შემთხვევის გამო, გამრეკელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გამოიწვია მთელი ქალაქის მასშტაბითაც. წყლის მიწოდების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს იმიტომ, რომ ალტერნატიულ მაგისტრალზე იქნა გადართული მოსახლეობა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-ის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი წარმომადგენლები, ასევე, საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ ეტაპზე, მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანიის მხრიდან ზარალი სრულად ანაზღაურდება" - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, დავით გამრეკელის ქუჩაზე გვიან ღამით წყლის მილი გასკდა. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ადგილობრივებმა გაავრცელეს.