რეზონანსი
18.11.2026

თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ ჰაბი არის საქართველოში, კრიმინალების, თაღლითების თავშესაფრად აქცია ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა - ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, კრიმინალური გარჩევა, თაღლითურ „ქოლ-ცენტრებს“ უკავშირდება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის და გლდანის ციხის ყოფილი უფროსები სახლში არიან და ელისო კილაძეს რას ედავებიან?! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, თბილისში „ქოლ-ცენტრების“ პრობლემასა და ამავე დროს, ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენზე ისაუბრა.

ლაშა ფარულავას განცხადებით, ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრები“ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი შემოსავლის წყარო და მფარველობაში მყოფი ბიზნესია. გარდა ამისა, ლაშა ფარულავამ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზეც ისაუბრა. როგორც ლაშა ფარულავამ აღნიშნა, „პრემიერობის დროს, ირაკლი ღარიბაშვილს თავი ქურუმი ეგონა, და ის, რომ ღარიბაშვილი დღეს რაღაც ნოტებს გვიკითხავს, ამის უფლება არ აქვს“.

„რიჟვაძე რომ ამდენი ხანია გაქცეული და ხმას არ იღებს, ეს უკავშირდება იმ მოპარულ ფულს, რომლის მოტანაც ივანიშვილმა სთხოვა, ასევე ლილუაშვილს, ღარიბაშვილს და მათ დაჯგუფებას, ლილუაშვილი რომ ზის და ხმას არ იღებს. ტრანსნაციონალურ დანაშაულს მფარველობდა თურმე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ეს ქვეყანა კატასტროფაშია. ზოგი პოლიტპატიმრად აცხადებს ღარიბაშვილს. ნამდვილად არის ივანიშვილის პატიმარი და დასაცავია, ყველა მოქალაქე უნდა დავიცვათ, ეს ჩვენი ქრისტიანული პასუხისმგებლობაა, მოქალაქეობრივი, პოლიტიკური პასუხისმგებლობაცაა.

ის, რომ ღარიბაშვილი რაღაც ნოტებს გვიკითხავს, ამის უფლება არ აქვს. თვითონ მოაწერა ამ ყველაფერს ხელი, მე კი არ მოვაწერე. თუ უნდა საზოგადოებას ღარიბაშვილის ცრემლების სჯეროდეს, სიმართლე უნდა თქვას. თუ სასამართლოზე ხელს უშლიან და ამიტომ უნდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე წარსდგეს, გავიგეთ, ადვოკატები ჰყავს და საზოგადოებას უთხრას სიმართლე. „სააკაშვილი გაჩუმდეს, თორემ დამატებით წლებს მივუსჯი“ - პრემიერი კი არა, ქურუმი ეგონა თავი, სასამართლო, ყველაფერი მისი იყო.

მისივე უსამართლო სისტემა შემოუტრიალდა ღარიბაშვილს. მონანიებას კი არა სიმართლეს ვითხოვთ. მისი ოჯახი განსაცდელი წინაშეა და ჩვენი ქრისტიანული პასუხისმგებლობაა თანადგომა გამოვხატოთ, ეს არ ნიშნავს რომ პოლიტპატიმარია. ღარიბაშვილს საუბრის უფლება ჩამოართვეს, მამუკა მდინარაძეს კი საზოგადოებასთან კონტაქტის საშუალება შეუზღუდეს, „ფეისბუქი“ წაუშალეს. მდინარაძე გააგდეს გუნდიდან და ჩამოდგნენ და საკუთარ მეგობარს ლანძღავდნენ. ეს კაცი მოისროლეს და ისე, რომ ერთი ხელით საკუთარი თანაგუნდელები დააჭერინეს და მეორე ხელით ოპოზიცია. საბოლოოდ, ეს კაცი „გადააგდეს“ ნაგვის ურნაში. ირაკლი ღარიბაშვილი გვპირდებოდა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, 2023 წელს დასრულდებაო, კობახიძე კი ტაშს უკრავდა. კობახიძე დღეს ამბობს, რომ ამ მასშტაბურ პროექტს, 2031 წელს დავასრულებთო, ილონ მასკს უკვე დასრულებული ექნება მარსზე კოლონიზაცია“, - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×