
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ლელოს“ მთელი პროცესი აწყობილი ჰქონდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების კუთხით, ამაში ხედავდნენ საქართველოს წინსვლის ერთადერთ გზას, დღეს კი ფიქრობენ, რომ საზოგადოებას აღნიშნული ფაქტები არ ახსოვს.
მათიკაშვილის თქმით, „ლელოს“ მხრიდან ვისმენთ ცრუ განცხადებებს, რადგან სწორედ ტყუილებში ხედავენ მათ მიერვე შექმნილი ლაბირინთებიდან გამოსავალს.
„ლელოში“ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას რაღაც მასობრივი ამნეზია აქვს, არ ახსოვს თვალსაჩინო ფაქტები და ჩანაწერებიც გაქრა, ის განცხადებები, რომლებიც ამ პარტიის წევრების მხრიდან ისმოდა პარლამენტში თუ საარჩევნო კამპანიისას. გვახსოვს, როგორ ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას. „ლელოს“ მთელი პროცესი აწყობილი ჰქონდა სწორედ რუსეთისთვის სანქციების დაწესების თვალსაზრისით. ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო საქართველოს გადარჩენის და წინსვლის ერთადერთი გზა. დღეს კი ბედავენ და ტყუილებით გაჯერებულ მესიჯებს ისვრიან. მათი გამოუვალი და უმძიმესი მდგომარეობა გასაგებია, რადგან თავიანთი ლაბირინთებიდან გამოსავალს მხოლოდ ტყუილებში ნახულობენ. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, არქივი ყველას ახსოვს. ტყუილების და თითის გაშვერის ნაცვლად, სჯობს, მოიფიქრონ არგუმენტი, რომელიც სასამართლოში გამოადგებათ, მაგრამ ასეთი არგუმენტი ბუნებაში არ არის. ამიტომაც უწევთ ტყუილების თქმა. მათ ჰგონიათ, რომ ყველას პოლიტიკური ამნეზია აქვს. სინამდვილეში, ესაა პოლიტიკური უტიფრობა და მორალისგან დაცლა. სიმართლე რომ ილაპარაკონ, თავიანთ წინააღმდეგ იქნება გაკეთებული, როგორც აღიარებითი ჩვენება არაკონსტიტუციურობის შესახებ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.