
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც პარტიების აკრძალვის საკითხი განიხილება, მხარეებმა ქვეყნის ხელისუფლების შტოებისა და კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობაზე იმსჯელეს.
კითხვა-პასუხის რეჟიმში, თორნიკე ჭეიშვილმა მოპასუხე მხარეს ჰკითხა, მიიჩნევენ თუ არა ისინი, რომ საქართველოს ჰყავს დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი, კონსტიტუციური წესების დაცვით არჩეული პრეზიდენტი, ასევე კონსტიტუციური პროცედურებით ფორმირებული მთავრობა, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები.
აღნიშნულ შეკითხვას ზაზა ბიბილაშვილმა პოლიტიკური უწოდა და აღნიშნა, რომ ის არარელევანტურია და პირდაპირ შემხებლობაში არ არის პარტიის აკრძალვის სამართლებრივ საკითხთან. ბიბილაშვილის პოზიციას კამათი მოჰყვა მასსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას შორის.
ნადარაიამ განაცხადა, რომ სასამართლო იღებს მოპასუხის პასუხს, თუმცა თავად სასამართლოს განსასჯელია, რა დასკვნას გამოიტანს ამ პოზიციიდან. საპასუხოდ ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ ეს „ღია კარის მტვრევაა“ და მხარისთვის ისედაც ცნობილია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
ზაზა ბიბილაშვილი რევაზ ნადარაიას: ის საიდან გამოიტანეთ ეს დასკვნა, რომ არ არ მაქსვ პასუხები? მე ხომ მაქვს უფლება, რომ ჩემი პოზიცია მქონდეს თქვენს მიერ გამოტანილ დასკვნასთან დაკავშირებით? პასუხის გაცემა არ გინდათო, გავეცი მე პასუხი
რევაზ ნადარაია: გასაგებია, მისაღებია ეს პასუხი, იღებს სასამართლო, მაგრამ მერე ამ შეკითხვიდან რა დასკვნას გამოიტანს სასამართლო, სასამართლოს განსასჯელია.
ზაზა ბიბილაშვილი: ესე ღია კარის მტვრევაა და ვიცით, რა დასკვნასაც გამოიტანს სასამართლო.
რევაზ ნადარაია: რა დასკვნას? რა დასკვნას?
ზაზა ბიბილაშვილი: მე ხომ მაქვს უფლება, რომ ჩემი აზრი მქონდეს?
რევაზ ნადარაია: გასაგებია, თქვენი აზრის უფლება გაქვთ, მაგრამ რა დასკვნას გამოიტანს, რომ გამაცნოთ?
ზაზა ბიბილაშვილი: ამ ეტაპზე არ გავაკეთებ ამ კომენტარს.
რევაზ ნადარაია: კარგით.
დისკუსიაში ჩაერთო ნიკა გვარამიაც. მან განაცხადა, რომ მოქმედი პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მისთვის ლეგიტიმური არ არის.
ამ განცხადების შემდეგ, არჩილ გორდულაძემ გვარამიას დააზუსტებინა, ნიშნავს თუ არა მისი ეს შეფასება იმას, რომ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნული ორი მოსამართლე - ბატონი მოდებაძე და ბატონი კიკილაშვილი - ასევე არალეგიტიმურად არიან დანიშნულნი და სასამართლოს ორი არალეგიტიმური მოსამართლე ჰყავს.
არჩილ გორდულაძე: ბატონმა ნიკამ თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური. მიხეილ ყაველაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში ორი მოსამართლეა დანიშნული - ბატონი მოდებაძე და ბატონი კიკილაშვილი. თქვენ რომ აფასებთ, მიხეილ ყაველაშვილი არალეგიტიმურიაო, თქვენი შეფასებით, არალეგიტიმურმა მიხეილ ყაველაშვილმა არალეგიტიმური გადაწყვეტილება მიიღო და ორი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში არალეგიტიმურად წარმოადგინა და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ახლა ორი არალეგიტიმური მოსამართლე ჰყავს?
საპასუხოდ ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ პრეზიდენტის არალეგიტიმურად მიჩნევა ავტომატურად არ ნიშნავს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას.
მან პარალელი შეწყალების აქტებთან გაავლო და აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილს ჰყავს ადამიანები შეწყალებული, თუმცა მისი არალეგიტიმურობა არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ციხეში უნდა დაბრუნდნენ.
ნიკა გვარამია: ამის თქმა რომ მინდოდეს, ასე ვიტყოდი. ყაველაშვილს ხალხი ჰყავს შეწყალებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ციხეში უნდა დაბრუნდნენ იმიტომ, რომ ყაველაშვილი არალეგიტიმურია.