
ითხოვდნენ თუ არა „ლელოს“ წარმომადგენლები საქართველოდან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას - ირაკლი კუპრაძე ამტკიცებს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება პარტიაში არასდროს გაუკეთებიათ და ბრალდებების პასუხად პარლამენტის თავმჯდომარისგან მტკიცებულებებს ითხოვს. არქივი „ლელოს“ ლიდერების არაერთ განცხადებას ინახავს, სადაც ისინი უკრაინაში მოხალისეების არ გაგზავნის გამო მთავრობას მწვავედ აკრიტიკებენ.
„ქართულ ოცნებაში“ იხსენებენ ოპოზიციის აქციებსაც, რომელსაც ორი მოთხოვნა ჰქონდა - სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის განცხადებით, „ლელოს“ წარმომადგენლები წარსულში არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ, არამედ უკრაინის მხარდასაჭერად მოხალისე მებრძოლების გაგზავნისკენაც მოუწოდებდნენ. მისი თქმით, პარტიის ლიდერების მაშინდელი განცხადებები და ინიციატივები არქივშია დაცული და მათ მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები წარსულ პოზიციებს ვერ შეცვლის.
„საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე ვხედავთ, როგორ ეწინააღმდეგებიან თავისივე ნათქვამ განცხადებებს და როგორ ეწინააღმდეგებიან არქივს, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ როგორც დამატებითი სანქციების შემოღება უნდოდათ რუსეთის წინააღმდეგ და ამისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, არამედ რეზოლუციაც კი დააინიცირეს პარლამენტში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მოგვიწოდებდნენ, რომ უკრაინისთვის გვებრძოლა სრული ამ სიტყვის გაგებით და მნიშვნელობით, გვებრძოლა მოხალისეების გაგზავნით და მათი მხრიდან შემოთავაზებული ის მაპროვოცირებელი მოქმედებები ძალიან კარგად ვიცით, სად მიგვიყვანდა.
ამიტომ „ლელო“ ვერ უარყოფს იმ ანტიქართულ და ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც მათ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ და მათი განცხადებები ვერ გადაფარავს ამ ტყუილებს“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი.