თამთა ჩაჩანიძე
18.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა კვლავ ურთიერთბრალდებებისა და მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციისგან 4 ოქტომბრის მოვლენებთან, ხელისუფლების დამხობის მოწოდებებთან და საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ, ოპოზიცია კი მოსარჩელე მხარის კითხვებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად აფასებს.

მე-15 სხდომაზე დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარესთან ზაზა ბიბილაშვილისა და გიგა ლემონჯავას სიტყვიერი კამათის დროს.

პროცესი კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს, სადაც ძირითადად მმართველი გუნდის წარმომადგენლები სვამენ კითხვებს, მოპასუხე მხარე - ოპოზიციური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების სახით კი ამ კითხვებს პასუხობს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა 4 ოქტომბრის მოვლენები, ოპოზიციის განცხადებები, ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი და საერთაშორისო სანქციებია.

მოსარჩელე მხარე ცდილობს, ოპოზიციური პარტიების საჯარო განცხადებებითა და პოლიტიკური პოზიციებით საკუთარი სამართლებრივი არგუმენტები გაამყაროს, რასაც მოპასუხე მხარის მხრიდან ხშირად პროტესტი და ურთიერთშეკამათება მოსდევს.

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლოში მხარეებს შორის კამათი ხელისუფლების შტოებისა და კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის საკითხზე გაიმართა. თორნიკე ჭეიშვილმა მოპასუხე მხარეს ჰკითხა, მიიჩნევენ თუ არა, რომ საქართველოში პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა და სასამართლოები კონსტიტუციური წესით არიან ფორმირებული.

კითხვას ზაზა ბიბილაშვილი გამოეხმაურა და მას პოლიტიკური და პარტიის აკრძალვის სამართლებრივ საკითხთან შეუსაბამო უწოდა. ამას სასამართლოს თავმჯდომარესთან, რევაზ ნადარაიასთან, კამათი მოჰყვა. ნადარაიამ განმარტა, რომ სასამართლო მხარის პასუხს იღებს, თუმცა მისგან რა დასკვნას გამოიტანს, ეს თავად სასამართლოს გადასაწყვეტია. ბიბილაშვილმა კი აღნიშნა, რომ წინასწარ იციან, რა დასკვნას გამოიტანს სასამართლო.

"ესე ღია კარის მტვრევაა და ვიცით, რა დასკვნასაც გამოიტანს სასამართლო",-აღნიშნა ბიბილაშვილმა.

  • ზაზა ბიბილაშვილი : "ესე ღია კარის მტვრევაა და ვიცით, რა დასკვნასაც გამოიტანს სასამართლო"

"რა დასკვნას?... გასაგებია, თქვენი აზრის უფლება გაქვთ, მაგრამ რა დასკვნას გამოიტანს, რომ გამაცნოთ?"- ჰკითხა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ბიბილშვილს, რაზედაც ბიბილაშვილმა უპასუხა, რომ "ამ ეტაპზე არ გაკეთებს კომენტარს".

დისკუსიაში ნიკა გვარამიაც ჩაერთო და განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევს. ამის შემდეგ არჩილ გორდულაძემ მას ჰკითხა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყაველაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნული ორი მოსამართლეც არალეგიტიმურია.

გვარამიამ განმარტა, რომ პრეზიდენტის არალეგიტიმურად მიჩნევა მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების ავტომატურად გაუქმებას არ ნიშნავს. მაგალითად, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული პირები ციხეში უნდა დაბრუნდნენ.

უმრავლესობის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა იკითხა, მიიჩნევს თუ არა ოპოზიცია, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია აქვს დარღვეული. "ოცნების" წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა კი მოპასუხეებს ჰკითხა, ადასტურებენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების, საჯარო მოხელეებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა კახიანის შეკითხვას ბუნდოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ კონკრეტული პირების დასანქცირება საქართველოს ან ქართველი ხალხის დასანქცირებას არ ნიშნავს.

"კონკრეტული თანამდებობის პირის დასანქცირება არ ნიშნავს სახელმწიფოს დასანქცირებას", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, მოსარჩელე მხარე შეგნებულად აიგივებს ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ზომებთან. ბიბილაშვილმა მაგალითად მოიყვანა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება ქართველი ხალხის ინტერესებსაც ემსახურებოდეს, რადგან, მისი თქმით, ფარცხალაძე რუსეთის ინტერესების გამტარებელი აღმოჩნდა საქართველოში.

"აღმოჩნდა „ეფესბეს" მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოში მუშაობდა რუსული ინტერესების გასატარებლად", - აღნიშნა ბიბილაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ზაზა ბიბილაშვილის გამოსვლა დაპირისპირებით დასრულდა. სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავება მოსთხოვა და საბოლოოდ სხდომის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

დაძაბულობა იქამდე მივიდა, რომ ნადარაია ბიბილაშვილს დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა. დაპირისპირების მიზეზი ბიბილაშვილის განცხადება გახდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემაზე.

მან აღნიშნა, რომ ე.წ. კენგურუს მართლმსაჯულებაზე დღეს უკვე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ნდობით აღჭურვილი პირები და ექსპრემიერიც საუბრობენ. მოსამართლემ ეს პოლიტიკური შეფასების მცდელობად მიიჩნია, რასაც ბიბილაშვილის პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ, მას სხდომათა დარბაზის დატოვება არ მოუხდა, თუმცა ნადარაიამ გააფრთხილა, რომ პროცესის ჩაშლის მცდელობას არ დაუშვებდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში კამათი მას შემდეგ კიდევ ერთხელ გამწვავდა, რაც არჩილ გორდულაძემ მიხეილ სააკაშვილი ახსენა. ამას გიგა ლემონჯავას პროტესტი მოჰყვა, რომელმაც გორდულაძეს მიმართა: „მიხეილ სააკაშვილი რა შუაშია?" სიტუაციაში მოსამართლე რევაზ ნადარაია ჩაერია, რომელმაც გორდულაძეს შენიშვნა, ლემონჯავას კი დარბაზიდან გაძევების შესახებ მკაცრი გაფრთხილება მისცა.

გორდულაძის გამოსვლა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ოპოზიციური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების საჯარო განცხადებები წარუდგინა, რომლებითაც, მისი მტკიცებით, დასტურდება 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების წინ ხელისუფლების დამხობისა და არჩევნების ჩაშლისკენ მიმართული მოწოდებები. გორდულაძემ აღნიშნული განცხადებები ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საქმეზე მტკიცებულებების სახით წარმოადგინა.

მან მოსამართლეებს გააცნო პაატა ბურჭულაძის, ლევან ხაბეიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და სხვა ოპოზიციონერების განცხადებები. მისი თქმით, ჯერ კიდევ 4 ოქტომბრამდე ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების დამხობაზე, წინააღმდეგობის ორგანიზებასა და არჩევნების ჩაშლაზე საუბრობდნენ.

განსაკუთრებული ყურადღება გორდულაძემ ლევან ხაბეიშვილის განცხადებებზე გაამახვილა. მან წაიკითხა მოწოდება, რომ 4 ოქტომბერს "ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოთ" და ასევე განცხადება, რომლის მიხედვითაც, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს აქციის მონაწილეების დარბევაზე უარის სანაცვლოდ 200 ათასი დოლარის ჯილდოს სთავაზობდა. გორდულაძემ ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც გაიხსენა, რომლითაც ის ხაბეიშვილის ინიციატივას მხარს უჭერდა.

"200 000 დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით", -ციტირებდა გორდულაძე ხაბეიშვილის განცხადებას.

მან სასამართლოს გააცნო ზვიად კუპრავას განცხადებაც, რომელშიც საუბარი იყო 4 ოქტომბერს საარჩევნო უბნებთან ე.წ. სპეცოპერაციის პუნქტების გახსნასა და მათი გარღვევის გეგმაზე. გორდულაძის განმარტებით, ამ განცხადებას არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდების ბრალდებით კუპრავას დაკავება მოჰყვა.

გორდულაძემ ასევე წაიკითხა 4 ოქტომბრის შემდეგ ანა წითლიძის განცხადება, რომელშიც ის ამბობდა, რომ ყველა პროცესში იყო ჩართული და მსგავს ვითარებაში კვლავაც იმავეს გააკეთებდა. ამასთან, გაიხსენა ლევან ბეჟაშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის განცხადებები, რომლებშიც ისინი 4 ოქტომბრის აქციას მხარს უჭერდნენ.

სასამართლოს წარედგინა ნიკა გვარამიას განცხადებაც: „მოდის, რევოლუცია მოდის", - ასევე თენგიზ თევზაძის მოწოდება, რომ მოქალაქეები 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ.

გორდულაძის შეფასებით, ეს განცხადებები 4 ოქტომბრის მოვლენებამდე ოპოზიციის განზრახვებსა და გეგმებზე მიუთითებს.

  • არჩილ გორდულაძე: "[ოპოზიციის] განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე"

გამოსვლისას გორდულაძემ 2023 წლის მარტის საპროტესტო აქციებიც გაიხსენა, როდესაც აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის გამო დააკავეს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გრიგორიადისს ღიად უცხადებდნენ მხარდაჭერას. ამ კონტექსტში მან ნიკა გვარამიას განცხადება გაიხსენა: "მე ვარ ლაზარე, შენ ხარ ლაზარე, ყველანი ვართ ლაზარეები". ასევე მოიყვანა

"ახალის" წევრის, მაია კოპალეიშვილის შეფასება, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილებას მიკერძოებული უწოდა, აქციას კი სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტი.

გორდულაძემ წაიკითხა გიგა ლემონჯავას, ზურა ჯაფარიძის, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, სალომე სამადაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის მხარდამჭერი განცხადებებიც. ამასთან, აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ 2023 წლის მარტის აქციები მშვიდობიანად შეაფასა.

"[ოპოზიციის] განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, დაშავებული პოლიციელების, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ნაცემი პოლიციელების, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, ნასროლი ქვები, დაზიანებები, ცეცხლში გახვეული ათონელის ქუჩა და სისხლის სამართლებრივ საქმეთა შედეგები" , - განაცხადა გორდულაძემ.

მან სასამართლოს გააცნო სისხლისსამართლებრივ საქმეთა შედეგები და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი განცხადებები მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც მოპასუხე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოვლენების მხარდასაჭერად აკეთებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×