ნატალია ჯვარიძე
18.11.2026

რუსეთში სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულმა შორ მანძილზე მოქმედმა დარტყმებმა, სავარაუდოდ, ესკალაციისთვის კრემლის მზადყოფნა გააძლიერა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ბრიუსელში, თავდაცვის საკითხებში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი") შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მაშინ, როდესაც საჯარო დისკუსიებში აქცენტი შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების სანახაობრივ მხარეზე კეთდება, რომელთა მიზანიც რუსეთის მოსახლეობისთვის ტკივილის მიყენებაა, ჩვენი შეფასებით, მსგავსი დარტყმები ომის დასრულებასა და ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლის შეკავებას ხელს არ უწყობს. მსგავსმა დარტყმებმა, კერძოდ, დარტყმებმა, რომელთა სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა, ისეთი, როგორიც Wildberries-ია, სავარაუდოდ, რუსეთის საზოგადოების მტკიცე გადაწყვეტის უნარი და ესკალაციისთვის თავად კრემლის მზადყოფნა გააძლიერა", - განაცხადა კოლბიმ.

ამასთან, კოლბის თქმით, „ეს უკრაინისთვის იმის იძულებას არ ნიშნავს, რომ ზურგს უკან ხელებშეკრულმა იბრძოლოს".

„ოქტომბერში, უკვე ზედიზედ მეორე თვეა, უკრაინამ რუსეთზე მეტი ტერიტორია დაიკავა და რუსულმა ძალებმა ომის განმავლობაში ყველაზე დიდი თვიური დანაკარგები განიცადეს. ჩვენი შეფასებით, ფრონტის ხაზზე მხარდაჭერა და საშუალო მანძილზე მოქმედი დარტყმები ყველაზე ეფექტიანი გზაა უკრაინის თავდაცვისა და შესაბამისად ომის დასრულებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფისთვის", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.

დასავლელი ოფიციალური პირები და ექსპერტები ამბობენ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის პოზიცია ეფუძნება ხედვას, დასავლეთმა და უკრაინამ ძირითადი რესურსები ფრონტის ხაზის სტაბილიზაციასა და თავდაცვაზე უნდა მიმართონ. მათი აზრით, ზურგში, მათ შორის ისეთ ლოგისტიკურ ჰაბებზე, როგორიცაა „ვაილდბერიზის" საწყობები დარტყმები არ ცვლის ომის დინამიკას უკრაინის სასარგებლოდ და მხოლოდ კრემლს აძლევს დამატებით საბაბს მოსახლეობის მობილიზებისა და ესკალაციისთვის.

ამერიკული კონსერვატიული და რეალისტური სკოლის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის რესურსები შეზღუდულია და მათი ფრონტიდან შორ მანძილზე მოქმედ ოპერაციებზე გახარჯვა რისკებს ზრდის იმ დროს, როდესაც რუსული არმია ტაქტიკურ ზეწოლას ახორციელებს საზღვრისპირა ან ფრონტის ზონებში. მათი თქმით, ეს დავა აჩვენებს სერიოზულ ტაქტიკურ და სტრატეგიულ უთანხმოებას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და ევროპელ, ასევე უკრაინელ მოკავშირეებს შორის იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთის ეკონომიკურ ზურგზე ზეწოლის სწორი ფორმატი.

უკრაინული მხარე და მასთან დაკავშირებული ექსპერტები ამტკიცებენ, რომ რუსეთში მდებარე მსხვილი ლოგისტიკური ცენტრები, საწყობები და საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსები წმინდად სამოქალაქო არ არის - ისინი რუსეთის საომარ ეკონომიკას ემსახურება. მათი თქმით, სანამ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, მშვიდობიან ზურგში შეუფერხებლად აწარმოოს და გადაანაწილოს სამხედრო ტვირთები, ომი არ დასრულდება და უკრაინას „ხელებშეკრულს" არ უნდა აბრძოლებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×