
მინსკში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები და საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა - ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი განცხადებით, მინსკში შეხვედრის გამართვა არ მიუთითებს იმაზე, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პროცესი იწყება.
საყვარელიძის თქმით, გლობალური პოლიტიკისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის, სამი ლიდერის - დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა.
„რეზონანსი": რას ნიშნავს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის მინსკში შეხვედრა?
რამაზ საყვარელიძე: რაღაც ჟივილ-ხივილის ატეხვის საბაბია, თორემ ნებისმიერი სხვა ქალაქი ასევე შეიძლებოდა განხილულიყო.
„რ": და მაინცდამაინც მინსკი რატომ, რომელიც აშკარად პრორუსულია და ამას ბელარუსის ხელისუფლება ღიად ამბობს და ამაყობს კიდეც?
რ.ს.: რა თქმა უნდა სხვაგან შეხვედრაც შესაძლებელი იყო და ეს ხდებოდა კიდეც ზურაბ აბაშიძესა და კარასინს შორის, მაგრამ რუსულ მხარესაც ხომ აქვს თავისი პრეტენზიები შეხვედრაზე, მარტო ქართული მხარე ხომ არ არის? შეიძლება იმათი მხრიდან იყო ეს მოთხოვნა წამოყენებული უამრავი სხვა მიზეზის გამო.
- საყვარელიძე: რუსეთი იტყვის, რომ რახან მინსკში შევხვდით, ესე იგი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე თანახმა ხართო? არ მგონია ასე იყოს.: რაღაც ჟივილ-ხივილის ატეხვის საბაბია"
რუსეთი იტყვის, რომ რახან მინსკში შევხვდით, ესე იგი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე თანახმა ხართო? არ მგონია ასე იყოს. უამრავი სერიოზული მოვლენა ხდება აგერ სამი ლიდერის შეხვედრაა... მით უმეტეს ამ სამიტზე ევროპა თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს და საერთოდ გათიშეს. ეს ის ევროპა და ის ძლებია, რომელიც ოპოზიციას მხარს უჭერს და სანქციებზე აქვთ ყურადღება გამახვილებული. ამ დროს, ოპოზიცია ამ სამიტზე ჩუმად არის და ეგაა ღიმილისმომგვრელი, რომ მინსკში შეხვედრას პოლიტიკის ცვლილებად თვლის და მსოფლიო მასშტაბის ამხელა ფაქტი - სამი დიდი სახელმწიფო ისე ხვდება, რომ ევროპას საერთოდ პოლიტიკას აღარ აკარებენ, ამაზე ჩუმად არიან და ამიტომ სამწუხაროდ სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ.
„რ": სამი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის, სი ძინპინის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე რას იტყვით, რა მნიშვნელობის ფაქტია?
რ.ს.: ბევრმა ანალიტიკოსმა სამეულის შეხვედრა გადაჭარბებულად შეაფასა, რადგან ვარაუდობენ, რომ არსებითი არაფერი იქნება გადაწყვეტილი, მაგრამ თვითონ შეხვედრის ფაქტი, მათ შორის, აი ის, რომ სამი ქვეყანა ჯდება მაგიდასთან და ევროპას და სხვებს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს, ეს ფაქტი შეიძლება კარდინალური მნიშვნელობისა იყოს მიუხედავად იმისა, რას განაცხადებენ მერე მხარეები. ფაქტი უკვე არის მრავლისმთქმელი, თუ რამე დაემატება განცხადებებიც, მერე უკვე სხვა საქმეა.
„რ": როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების შესაძლო აკრძალვის პროცესს, უკვე 16 სხდომა ჩატარდა, გაკეთდა განცხადებები, მხარეთა პოზიციები მოვისმინეთ, რა მოლოდინი გაქვთ?
რ.ს.: მოლოდინს რაც შეეხება მაინც მგონია, რომ რომელიღაც პარტიებს, კერძოდ, უპირველეს ყოვლისა, „ნაციონალურ მოძრაობას" აკრძალავენ და ეს აკრძალვა არ გავრცელდება მთლიანად ყველაზე.
მე მაინც მგონია, რომ ამ აკრძალვას პრევენციის ფუნქცია აქვს. ვიცით, რომ ოპოზიცია დარბოდა სხვა ქვეყნებში, მათ შორის ბრიუსელშიც და ხელს უწყობდა საქართველოს მიმართ კრიტიკულობის გაღვივებას და იმისთვის, რომ ეს პროცესი რაღაც ზღვარს არ გადასულიყო, მემგონი ამან წამოაყენა მოცემული მომენტისთვის იმის აქტუალობა, რომ აიკრძალოს პარტიები. მაგრამ სავარაუდოა, რომ ერთის, ან რომელიღაცის აკრძალვა დანარჩენებს ამ მხრივ უფრო თავშეკავებულს გახდის.
ალბათ ევროპულ სასამართლოებში გასაჩივრების რაუნდი უნდა იყოს, მაგრამ თავად ევროკავშირის სისტემას აქვს ახლა რთული მდგომარეობა და რამდენად, რა ხარისხით აყვება ევროკავშირი ასეთ ჩივილებს აქ მე ცოტა ეჭვი მიჩნდება. თუმცაღა, მათ არასოდეს ეზარებათ საქართველოზე ენის დასველება და გამორიცხული არ არის, რომ ახალი მიზეზი გამოუჩნდეთ.