"თითქმის ყველგან დარღვეულია გაზის სისტემის უსაფრთხოება, ყველაფერი არასწორად არის გაკეთებული და ამიტომ ბოლო არ უჩანს ტრაგედიებს?
თამარ ვეფხვაძე
19.11.2026

ქვემო ფონიჭალაში, გაზის გაჟონვას მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს და ორი დაკარგულად ითვლება. სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული შემთხვევა ერთადერთი არ არის, მსგავსი ტრაგედია არაერთხელ დატრიალდა დედაქალაქში, მაგრამ საუბედუროდ, არაფერი იცვლება. ყოველ ზამთარში დედაქალაქში საზარელი ტრაგედიები მაინც ხდება. სპეციალისტების ნაწილი ამ ყველაფერს გაზის გაუმართავ სისტემას აბრალებს, ხოლო ნაწილი - მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს. 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კორპუსი აფეთქდა. აფეთქების ხმა, დაახლოებით, დილის 9:00 საათზე გაიგეს. ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსიდან მაშველებმა მოსახლეობის ნაწილი უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა მსხვერპლი მაინც არის.

ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსის ბოლო, მეხუთე სართულზე  მცხოვრებმა 31 წლის კაცმა საავადმყოფოში გადაყვანამდე განაცხადა, რომ ღამით, გაზქურის ანთებას ცდილობდა, დილით კი მორიგი მცდელობისას აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში, სწორედ კორპუსის ბოლო სართულზე გროვდებოდა.

უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო ჯგუფებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მობილიზებულია ახლაც მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თბილისში, ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შემდეგ, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია. ყველა დაშავებული შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მათ სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. 

საღამოს მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი, პატარა თაია, რვასაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თაია „ინგოროყვას კლინიკაში“ გადაიყვანა. 

თბილისში ყოველი ზამთრის დადგომა რისკთან არის დაკავშირებული, რადგან გათბობის სეზონზე ყოველთვის ხდება გაზის გაჟონვა, აფეთქება და სხვადასხვა ტრაგედიები. სიტუაცია ვერაფრით გამოსწორდა. საფრთხე მუდმივი და გაუნელებელია. აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე მომხდარ ტრაგედიას გაზის სისტემის გაუმართაობას აბრალებს. 

„პრობლემა ისაა, რომ შენობების ჩაბარების დროს, ხშირ შემთხვევაში, დარღვეულია გაზის სისტემის უსაფრთხოება. ყველაფერი არასწორად არის გაკეთებული. ნახეთ, როგორ მიყოლებით დგას შენობები, ასე არ შეიძლება! გეგმა არ არის გაკეთებული და ცხადია, კონტროლიც სუსტია, ზოგჯერ კი საერთოდაც არ არის. პროექტი უნდა იყოს სრულყოფილი, სადაც აუცილებელია გაიწეროს, რა კეთდება, სად და რატომ. 

გარდა ამისა, ბუნებრივ აირში არ ურევენ ოდორანტს, რომლის მძაფრი სუნს ადამიანი გაჟონვისთანავე იგრძნობს. ამიტომაა, რომ გაზი ხშირად ჟონავს ისე, რომ ვერავინ იგებს და ბოლოს ხდება ასეთი უბედურება“, - განუცხადა „რეზონანსს“ სიმონ ბარამიძემ.  

განსხვავებული პოზიცია აქვს ინჟინერ-მექანიკოსს ნოდარ რამიშვილს, რომელიც მომხდარ ტრაგედიაში პასუხისმგებლობას იმ მოქალაქეს ანიჭებს, ვინც ტრაგედიის წინა საღამოს გაზქურის ანთება სცადა და როგორც ჩანს, გაზი არ გადაკეტა. 

„თუ სახლში ადამიანმა გაზი მოუშვა და ღია დატოვა, რის გამოც დაგროვდა ჰაერისა და გაზის 15%-იანი ნარევი, რა თქმა უნდა, კორპუსი აფეთქდება ნებისმიერი პატარა ნაპერწკლითაც კი. ვის ოჯახშიც დაგროვდა ეს გაზი, ცხადია, ის არის პასუხისმგებელი! 

დიახ, ბევრ რამეზე გაბრაზებული ვარ ხელისუფლებაზე, სხვადასხვა უწყებებზეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სხვას დავაბრალოთ. ჩემს თავზე გეტყვით, მე თუ გაზი მოშვებული დავტოვე, ცხადია, მე ვარ დამნაშავე. აქედან გამომდინარე, პერსონალურად იმ ადამიანის ბრალია ეს ტრაგედია, ვის ბინაშიც გაჟონა გაზმა, ამას სხვას ვერავის დავაბრალებთ“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ნოდარ რამიშვილმა.

მისი თქმით, ტრაგედიის წინა საღამოს გაზქურა რომ ვერ აანთო, აუცილებლად უნდა დაერეკა კომპანიაში „თბილისი ენერჯი“ და გამოეძახებინა ბრიგადა. 

„თუ დაფიქსირებულია, რომ პირმა დარეკა კომპანიაში, გამოიძახა ბრიგადა და არ მივიდნენ ან ყურადღება არ მიაქციეს და არაგულისხმიერად მოექცნენ, ეს სხვა საქმეა. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, მაგრამ თუ არ დაურეკავს, ცხადია, მისი ბრალია ეს აფეთქება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თითოეული ჩვენგანი ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდესაც ბუნებრივ გაზს მოვიხმართ. ადამიანმა თავისი თავიც დაიღუპა და სხვებიც დაღუპა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნოდარ რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×