
მინსკის პოლიტიკური შეხვედრის პარალელურად საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილეს მისალოცად ჩავიდა. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ასეთ დროს არჩასვლა საქართველოს ეკლესიისთვის უფრო მეტ რისკს შექმნიდა, რადგან მოსკოვი ამ ნაბიჯით ახალი პატრიარქის პოლიტიკურ ხაზსაც აკვირდება.
როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, დღეს პატრიარქ კირილს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების დელეგაციები და ეკლესიის მეთაურები 80 წლის იუბილეს მისალოცად ეწვევიან, მათ შორის საქართველოს ეკლესიის დელეგაციაც.
არსებული ინფორმაციით, მოსკოვში იმყოფება პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი). პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მოსკოვში ვიზიტი დაადასტურა:
„80 წლის იუბილეა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილესი. მეუფე გერასიმე გვეკითხებიან, მოწვევა თუ გაქვთო... კი, რა თქმა უნდა, მოწვევით, აბა, მოუწვევლად... [დელაგეციის შემადგენლობა] ეს გამოცხადდება. ეს რამე დასამალი არ არის. არის ჩვეულებრივი ეკლესიათაშორისი ურთიერთობა და გამოცხადდება ეს - ინფორმაცია იქნება საპატრიარქოდან."
საპატრიარქოს დელეგაციის ჩასვლამდე, მოსკოვში იმყოფებოდა კიდევ ერთი მიტროპოლიტი, კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი.
- ზაქარეიშვილი: „თავისთავად ჩასვლაში იმდენად დიდი ტრაგედია არაა, რამდენადაც არ ჩასვლა იქნებოდა თვალშისაცემი. ხელს გაუხსნიდა მოსკოვის საპატრიარქოს უფრო უხეში და შემტევი ყოფილიყო საქართველოს ეკლესიის მიმართ"
როგორც სასულიერო პირი მედიას ეუბნება, მის ვიზიტს სულ სხვა მიზანი ჰქონდა და საპატრიარქოს დელეგაციის ჩასვლასთან დაკაშვირებით მას ინფორმაცია არ ჰქონია.
რაც შეეხება პატრიარქის შესაძლო ვიზიტს რუსეთის დედაქალაქში - მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ არაფერი იცის, თუმცა, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ადრე თუ გვიან იმიტომ, რომ ახალი პატრიარქია და წესია ასეთი საეკლესიო, რომ მეგობრული ვიზიტები ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა განახორციელოს.
მისივე თქმით, კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, როგორ დალაგდება ეს, ამის თქმა შეუძლებელია და ბევრ გარემოებაზე არის დამოკიდებული.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ მოსკოვში არჩასვლით უფრო მეტი დაშავდებოდა, ვიდრე ჩასვლით შავდება რამე.
„საპატრიარქოს მხრიდან ასეთი ჩასვლები ყოველთვის იყო - ილია მეორემ დაადგინა და მე ამაში ვერ ვხედავ რამე განსაკუთრებულ მიუღებლობას, რადგან მართლაც, მოსკოვის საპატრიარქო ცდილობს განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართ. ამ ტერიტორიებს რუსეთის, ან მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ არ აღიარებს. ეს ფორმალურად, თუმცა არაფორმალურად საკმაოდ ათვისებული აქვს და ხელს უშლის იქ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მუშაობას. მოსკოვს შეუძლია რომ დაავალოს აფხაზებს და ოსებს ქართული სამღვდელოება შედიოდეს, მაგრამ ამას არ აკეთებს - არანაირი საქართველოს ეკლესიის ნიშნები არაა. მოსკოვის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიად აღიარებს. ვინაიდან ეს ასეა, საქართველოს ეკლესიის მხრიდან არ იქნებოდა სწორი არ ჩასვლა.
თავისთავად ჩასვლაში იმდენად დიდი ტრაგედია არაა, რამდენადაც არ ჩასვლა იქნებოდა თვალშისაცემი. ხელს გაუხსნიდა მოსკოვის საპატრიარქოს უფრო უხეში და შემტევი ყოფილიყო საქართველოს ეკლესიის მიმართ. საერთოდ ეს დიდი თემაა და ჩვენ სამწუხაროდ, მხოლოდ ასეთ ეპიზოდების ვაქცევთ ყურადღებას. აქ უნდა შემოვიტანოთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარება-არაღიარება, საქართველო რომ არ ჩავიდა კრეტის შეკრებაზე და ამით რუსეთს დაუჭირა მხარი. იქ არის საშიში მომენტები, რომ საქართველომ ცალსახად მკაფიოდ დაუჭირა მხარი მოსკოვის საპატრიარქოს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინააღმდეგ. მგონი ჯობია ჩვენ გვემეგობრა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, მაგრამ რაკი ამას არ ვაკეთებთ და რუსეთთან ვმეგობრობთ, მაშინ ეს ჩასვლა არის უფრო სიმბოლური ხასიათის.
არსებობს მომენტები, როცა რაღაცას აკეთებ და ამით არაფერი იცვლება, მაგრამ თუ არ გააკეთე, უარესობისკენ შეიცვლება. ამას ემატება შიო მესამის არჩევა პატრიარქად. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ უკვე მოსკოვი ამოწმებს ახალი პატრიარქი რამდენად განაგრძობს ილია მეორის პოლიტიკას. შეეძლო რაღაც მოეფიქრებინათ და არ წასულიყვნენ და მოსკოვი ჩათვლიდა, რომ შიო მესამემ ახალი პოლიტიკა დაიწყო",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".