
მინსკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრამ პოლიტიკური დაპირისპირება გაამწვავა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოსკოვთან ურთიერთობების ახალი, მაღალი დონის პოლიტიკური არხის გახსნასა და დიპლომატიური ურთიერთობების დეოკუპაციის გარეშე ნორმალიზების ნიადაგის მომზადებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი კრიტიკას არ იზიარებრს და მიაჩნია, რომ რუსეთთან „საუბრის შიში უნდა დაიძლიოს", რადგან პრობლემების მოგვარება დიალოგის გარეშე შეუძლებელია.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭოროშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით, რომ თუნდაც, „ეს ყოფილიყო მინსკში".
ოპოზიციის შეფასებით, მინსკში გამართული შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობების ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისია და დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების საფრთხეს შეიცავს. მიიჩნევენ,რომ პრაღის არაფორმალური ფორმატის ნაცვლად ახალი, უფრო მაღალი დონის პირდაპირი არხი იქმნება, რაც შესაძლოა მომავალში მოსკოვთან შეხვედრებშიც გადაიზარდოს. მათი მთავარი შეშფოთება ისაა, რომ ეს პროცესი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესუსტებასა და ოკუპაციის საკითხის უკანა პლანზე გადაწევას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ისე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ორივე მხარის ცნობით, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობას, ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და მას რუსეთ-საქართველოს შორის გადაუჭრელი, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატად გაუსვა ხაზი. მხარეები შეთანხმდნენ შეხვედრების გაგრძელებაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი შეხვედრა შეფასებულია, როგორც „განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის" ნაწილი. რუსული მხარის ინფორმაციით, მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა შედგა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის აქცენტით. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, მიაღწიეს რიგ პრაქტიკულ შეთანხმებებს და კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობებში ახალი პოლიტიკური და დიპლომატიური ეტაპის დასაწყისია და შესაძლოა, მომავალში პირდაპირ მოსკოვში გამართული შეხვედრებიც ვიხილოთ. მათი შეფასებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი ფაქტობრივად უკვე გაუქმებულია ან კარგავს თავის მნიშვნელობას.
მეორე ნაწილის შეფასებით კი, მინსკში შეხვედრის გამართვა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენად ვერ ჩაითვლება. მათი არგუმენტით, ამისთვის აუცილებელი პოლიტიკური წინაპირობები არსებობს და ვიდრე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და მათი დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება არ მოხდება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.
საქართველოს საგარეო უწყება - „უნდა დავძლიოთ საუბრის შიში"
მწვავე კრიტიკას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას შეხვედრის მინსკში ჩატარებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ ჰქონია, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი არა შეხვედრის ადგილი, არამედ თავად დიალოგის დროულად დაწყება და იმ საკითხების განხილვა იყო, რომლებიც საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია.
ბოჭორიშვილის განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობებში ბოლო წლებში საზოგადოებაში საუბრის შიშის დამკვიდრება ხდება, რაც, მისი აზრით, პრობლემების მოგვარებას ხელს უშლის. მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანასთან, რომელთანაც საქართველოს ყველაზე მეტი პრობლემა აქვს, დიალოგის გარეშე რაიმე საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია.
- მაკა ბოჭორიშვილი: „არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით, თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში, არაა არაფერი საშიში ამაში, როცა ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები"
„ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში. არის გარკვეული საჭიროებები, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ამ ფორმატის საჭიროებაზე, არის საჭიროებები, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს პირველ რიგში დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს და სწორედ ამას ემსახურებოდა ამ შეხვედრის გამართვა და ამ შემთხვევაში ადგილი სულაც არ არის ასეთი მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა და დროულად დაწყება საუბრის იმ საკითხებზე, რაც ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედთან".
მინისტრის თქმით, რუსეთთან დიალოგის მიუღებლობა არასწორი მიდგომაა, რადგან პრობლემების გადაჭრისთვის აუცილებელია იმ მხარესთან საუბარი, რომელთანაც ქვეყანას დაპირისპირება აქვს.
„ზოგადად, ბოლო წლებში ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაში უნდათ, რაღაცნაირად დანერგონ შიში დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა. მეორე მხრივ, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და დიდი პრობლემები და საუბრისა და დიალოგის გარეშე, თუკი ვსაუბრობთ რაღაც პრობლემის გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი", - აღნიშნა მან.
ბოჭორიშვილის პოზიციით, საუბრის შიშის დაძლევა აუცილებელია და დიალოგი თავად არ წარმოადგენს საფრთხეს. ამასთან, მინისტრის განცხადებაში მთავარი აქცენტი შეხვედრის დროულად გამართვასა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვაზე გაკეთდა.
„ანტიანექსიური პლატფორმის" მოთხოვნები
„ანტიანექსიური პლატფორმა" აცხადებს, რომ მინსკში გამართული შეხვედრა აბაშიძე-კარასინის არაფორმალური, პრაღის ფორმატის გაგრძელებად ვერ ჩაითვლება. მათი შეფასებით, საქმე გვაქვს სრულიად ახალი, მაღალი დონის პირდაპირი არხის შექმნასთან, რომელსაც რუსეთმა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ოფიციალური კონტაქტის სახე მისცა. პლატფორმის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ შეხვედრა მინსკში, რუსეთის გავლენის სივრცეში გაიმართა და არა ჟენევაში, სადაც საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებული საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მათი განცხადებით, ეს ვითარება დამატებით კითხვებს აჩენს, მით უფრო, რომ რუსეთი საქართველოსგან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას დეოკუპაციის გარეშე ითხოვს. პლატფორმაში მიაჩნიათ, რომ არსებობს საფრთხე, მინსკში ახალი პოლიტიკური არხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პარალელურ ფორმატად ჩამოყალიბდეს.
ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ ჯერ კიდევ 2024 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებდა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მინსკში უნდა გადატანილიყო. მათი შეფასებით, დღევანდელი ვითარება ამ მიმართულებით რუსეთის წლების განმავლობაში გატარებულ პოლიტიკას ემთხვევა.
- „ანტიანექსიური პლატფორმა": „ხომ არ ხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ნიადაგის მომზადება ისე, რომ დეოკუპაცია წინაპირობად აღარ უნდა განიხილებოდეს?"
პლატფორმის წარმომადგენლების განმარტებით, ჟენევის ფორმატი ერთადერთი მოქმედი საერთაშორისო მოლაპარაკების მექანიზმია, რომელშიც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მონაწილეობენ და სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება. მათი აზრით, ამ საკითხების რუსეთთან ორმხრივ პოლიტიკურ ფორმატში გადატანა საერთაშორისო ჩართულობასა და საქართველოს მოლაპარაკების პოზიციებს დაასუსტებს.
ანტიანექსიური პლატფორმა ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხებს ითხოვს. კერძოდ: რატომ დათანხმდა ქართული მხარე რუსეთს შეხვედრის მინსკში გამართვას?
რატომ არ განიხილეს შეხვედრის ჟენევაში ჩატარების შესაძლებლობა?
რას მოიცავს რუსეთის მიერ ნახსენები „პრაქტიკული შეთანხმებები"?
როგორ გაიმიჯნება ახალი ფორმატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისგან?
რა გარანტია არსებობს, რომ ეს პროცესი ჟენევის ფორმატის შესუსტებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დეოკუპაციის გარეშე ნორმალიზებას არ ემსახურება?
პლატფორმის წარმომადგენლების შეფასებით, მთავარი პრობლემა თავად დიალოგის ფაქტი კი არ არის, არამედ მისი პირობები, დღის წესრიგი და ის პოლიტიკური შედეგები, რომლებიც შესაძლოა ამ პროცესს მოჰყვეს.
„საქართველოს ეროვნული ინტერესები არ შეიძლება მოექცეს რუსეთის მიერ ნაკარნახევ პოლიტიკურ ჩარჩოში. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დეოკუპაციის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების გარეშე დაუშვებელია", - აცხადებენ ანტიანექსიური პლატფორმის დამფუძნებლები - პაატა დავითაია და თეონა აქუბარდია.