
ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ფონზე, როდესაც საერთაშორისო სისტემაში ახალი გეოპოლიტიკური კონფიგურაციებისა და „ახალი მსოფლიო წესრიგის" ფორმირებაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ, ევროპის წამყვანი სახელმწიფოები და უკრაინა საკუთარ „წითელ ხაზებს" აფიქსირებენ.
ბერლინში გამართული „მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. გზავნილი კრემლისა და სხვა მოთამაშეებისთვის მკაფიოა: დასავლეთის მხარდაჭერა ურყევია, რუსეთზე ეკონომიკური წნეხი გაიზრდება, ხოლო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე ფართო მოლაპარაკებები აგრესიული ომის დასრულებამდე გამორიცხულია.
ბერლინის სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტი ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: უკრაინის გადაუდებელ სამხედრო-ფინანსურ გაძლიერებას ზამთრის პერიოდში და ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოს ჩამოყალიბებას.
„ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული, მიზანმიმართული და განურჩეველი სარაკეტო და დრონებით თავდასხმების სისტემატური ესკალაცია. მათ სამძიმარი გამოუცხადეს მსხვერპლთა ოჯახებს. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი ურყევი სოლიდარობა და უკრაინის განუყოფელი უფლება - დაიცვას თავი რუსეთის აგრესიული ომისგან", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ლიდერების შეფასებით, კრემლი საკუთარი აგრესიისთვის სულ უფრო აუტანელ ფასს იხდის და ვერ შეძლებს, აჯობოს კოალიციის წევრების სიმტკიცესა და უკრაინის მდგრადობას. დოკუმენტში ცალკე ყურადღება ეთმობა ევროპის ტერიტორიაზე გახშირებულ რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციებს: დივერსიებს, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და კიბერშეტევებს.
„მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი სახის დაშინება უკრაინის მხარდაჭერას ვერ შეაფერხებს. პირიქით, ეს გაზრდის ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაძლიეროთ უკრაინის, ევროპისა და ნატო-ს დაცვა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
- ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კოალიციის მთავარ პრიორიტეტად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სახელდება. ლიდერები გეგმავენ, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობით, უკრაინას დამატებით მიაწოდონ ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდები სისტემები.
დოკუმენტში დაკონკრეტებულია ის მასშტაბური ფინანსური და სამხედრო ვალდებულებებიც, რომლებსაც დასავლეთი უახლოეს ორ წელიწადში შეასრულებს. ნატო-ს მოკავშირეების მიერ აღებული ვალდებულების გათვალისწინებით, ლიდერებმა დაადასტურეს, რომ 2026 წელს უკრაინას 70 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება და აღჭურვილობა მიეწოდოს, ასევე, წვრთებით უზრუნველყონ, ხოლო 2027 წელს დაგეგმილია სულ მცირე, ანალოგიური მხარდაჭერა. ამასთან, 2027 წლის ბოლომდე, სპეციალური მხარდაჭერის მექანიზმის ფარგლებში, უკრაინას 90 მილიარდი ევრო გამოეყოფა, რაც სრულად დაფარავს ქვეყნის სამხედრო და ფინანსურ საჭიროებებს.
სამხედრო დახმარების პარალელურად, ევროპის ლიდერები შეჯერდნენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური წნეხის გამკაცრებაზე.
წინაპირობები მშვიდობისთვის და ომის შემდგომი გარანტიები
განცხადებაში მკაფიო წითელი ხაზებია გავლებული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით. გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერების თქმით, ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელია, ვიდრე რუსეთი არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ევროპის ჩართულობა სამშვიდობო პროცესში დაეფუძნება ორ ფუნდამენტურ პრინციპს: საზღვრების ძალისმიერი შეცვლის დაუშვებლობასა და უკრაინის სუვერენულ უფლებაზე.
მათ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საერთაშორისო საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით დაუშვებელია და რომ სრულად პატივი უნდა სცენ უკრაინის სუვერენულ უფლებას - თავად აირჩიოს უსაფრთხოების მექანიზმები და ალიანსები.
რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტისკენ გადასადგმელ პირველ ნაბიჯებს, კოალიცია რუსეთს მოუწოდებს, დათანხმდეს ენერგეტიკულ ზავზე მთელი ზამთრის განმავლობაში და უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა შავ ზღვაში, რაც აუცილებელია თავისუფალი ნაოსნობისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის.
დოკუმენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდს. 2025 წლის დეკემბერში ბერლინსა და 2026 წლის იანვარში პარიზში აღებული ვალდებულებების საფუძველზე, უკრაინამ უნდა მიიღოს იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც აშშ-სთან მჭიდრო კოორდინაციით იმოქმედებს და ითვალისწინებს:
- უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიან სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერასა და აღდგენას;
- მონაწილეობას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და ვერიფიკაციის მექანიზმში;
- ევროპის ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვნული ძალების განთავსებას უკრაინაში (აშშ-ის მხარდაჭერით), რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე;
- ურიდიულად სავალდებულო ვალდებულებას, რომ რუსეთის მხრიდან განმეორებითი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, მიღებულ იქნება დაუყოვნებელი ზომები მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად.