
20 ნოემბრის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის, კიევზე, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელეს. განახლებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ცხრა ადამიანია დაღუპული.
„კიევი და ცხრა რეგიონი დღეს ღამით თავდასხმის ობიექტი გახდა. რაკეტები დედაქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებს დაესხა თავს. დაზიანდა წყლის დრენაჟის ნაგებობა, საოფისე და კომერციული შენობები", - ვკითხულობთ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, სერგეი კორეცკის პოსტში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ბალისტიკური რაკეტებით მიტანილი დარტყმების შედეგად კიევში სამი ხიდი: პოდოლსკო-ვოსკრესენსკის, დარნიცისა და სამხრეთის ხიდები დაზიანდა. დაზიანებები დაფიქსირდა დარნიცის ხიდზეც, ხოლო სამხრეთის ხიდს განმეორებითი დარტყმა მიადგა. ამჟამად საავადმყოფოში 16 დაჭრილი იმყოფება.
„განახლებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ცნობილია 7 დაღუპულის და 17 დაშავებულის შესახებ დედაქალაქზე მტრის თავდასხმის შედეგად", - წერს ტელეგრამზე კლიჩკო.
თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებიდან მეორე დღეს მოხდა. ის ჩინეთში APEC-ის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ყირიმის ხიდის აფეთქებას გამოეხმაურა.
„ყირიმის ხიდზე დარტყმების შემდეგ, ჩვენ მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ. ჩვენ ამ დარტყმებს ვუპასუხებთ. მე მჯერა, რომ ჩვენი საპასუხო ქმედებები, როგორც ახლახან ვთქვი, გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ის, რაც კიევის რეჟიმმა ხიდთან დაკავშირებით გააკეთა", - განაცხადა პუტინმა.
მასირებული შეტევის შედეგად ხანძრები და ნგრევა დაფიქსირდა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში. ოფიციალური უწყებების ცნობით, ობოლონსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ სამსართულიან შენობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტზე ხანძარი გამოიწვია. პოდოლსკის რაიონში ცეცხლი არასაცხოვრებელ ნაგებობებს გაუჩნდა, დარტყმა დაფიქსირდა ერთ-ერთი ხიდის მახლობლად მდებარე ღია ტერიტორიაზეც, გოლოსეევსკის რაიონში კი ინფრასტრუქტურული ობიექტის ტერიტორიაზე მდებარე საოფისე შენობა დაიწვა.
დედაქალაქის პარალელურად, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის სხვა რეგიონებზეც. პრემიერ-მინისტრ სერგეი კორეცკისა და საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების მონაცემებით,ლვოვში, სკნილივის რკინიგზის სადგურის სალაროების ტერმინალზე განხორციელებულ დარტყმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. ხარკოვში დაიბომბა სასწრაფო დახმარების საავადმყოფო. დაზიანებები დაფიქსირდა კიევის, ნიკოლაევის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის,სუმისა და ჩერნიგოვის ოლქების საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებშიც.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ღამის თავდასხმა ომის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასირებულ და ცინიკურ იერიშად შეაფასა.
„გუშინდელი ღამიდან მოყოლებული, რუსეთმა 400-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და 110-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რომელთაგან 27 ბალისტიკური იყო. რუსებმა ასევე გამოიყენეს კასეტური ქობინებით აღჭურვილი რაკეტები. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმა. დარტყმის ტაქტიკა ამჯერად განსაკუთრებით საზიზღარი იყო - რაკეტების რამდენიმე ჯგუფი 20-30 წუთიანი პაუზებით, რათა გართულებულიყო ხანძრის ჩაქრობა, ნანგრევების გაწმენდა და აღდგენის პროცესი... სამწუხაროდ, ბალისტიკა გაცილებით რთულია და ის აღარ არის დამოკიდებული ჩვენს ძალებზე, არამედ პარტნიორების მიერ რაკეტების მიწოდებაზე... ამ ღამის განმავლობაში [ბალისტიკური რაკეტების] სამი გამშვები დანადგარი დავაზიანეთ, ერთი განადგურდა, ხოლო დანარჩენ ორთან დაკავშირებით დეტალებს ვარკვევთ", - ვკითხულობთ ზელენსკის განცხადებაში.