
ანკარაში შვიდი თურქული ოპოზიციური პარტიის დეპუტატებისა და ადგილობრივი დიასპორის ჩართულობით აფხაზეთთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ოკუპირებული რეგიონის პასპორტების აღიარებასა და პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დაწყებას მოითხოვს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს ინიციატივა თურქეთის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დიპლომატიურ რეაგირებას საჭიროებს.
არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც საქართველოში თურქეთის საელჩოს ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
„აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის" პრეზენტაცია ანკარაში 17 ნოემბერს გაიმართა. მასში გაერთიანდა თურქეთის 7 საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის 20 დეპუტატი. ეს პარტიებია: „ახალი პარტია", „სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტია", „ახალი გზის პარტია", დემოკრატიისა და პროგრესის პარტია, შრომის პარტია, თურქეთის მუშათა პარტია და ბედნიერების პარტი.
თურქეთის პარლამენტი - დიდ ეროვნულ კრება - 592 წევრისგან შედგება და ამ შვიდ პარტიას ერთად იქ ჯამში 172 დეპუტატი ჰყავს. ყველაზე მეტი ადგილი აქვთ „ახალ პარტიას" - 90, „სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიას" - 56 და „ახალი გზის პარტიას" - 20.
ანკარაში გამართულ პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის აფხაზური და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები და აფხაზეთიდან საგანგებოდ ჩასული დელეგაციის წევრები.
ამ საპარლამენტო ჯგუფის შექმნა უკავშირდება თურქეთში რამდენიმე თვით ადრე დაწყებულ კამპანიას, „დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია". კამპანიის ინიციატორებს თურქეთის ხელისუფლებასთან ორი კონკრეტული მოთხოვნა აქვთ: ე.წ. „აფხაზური პასპორტების" ოფიციალურად აღიარება და ოკუპირებულ აფხაზეთთან პირდაპირი საბორნე და საჰაერო მიმოსვლის დაწყება.
ჯგუფის დაფუძნების წინ საგანგებო წერილი გაავრცელა თურქეთში მოქმედმა 13-მა ქართულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რომლებიც „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის" შექმნას ეწინააღმდეგებიან.
ავტორები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ თურქეთის ოფიციალური პოლიტიკა მხარს უჭერს საქართველოს „ტერიტორიულ მთლიანობას" და მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის დეიზოლაცია არ უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას.
- პაატა ზაქარეიშვილი: „შეიქმნა ცალკეული დეპუტატების და არა პარტიების ჯგუფი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ".
„ჩვენ სრულად პატივს ვცემთ თურქეთში მცხოვრები ჩვენი აბაზა-აფსუა მოქალაქეების კულტურულ უფლებებს, თუმცა ეს უფლებები არ უნდა იქნეს გამოყენებული სეპარატისტული ან გამყოფი პოლიტიკის გასამართლებლად, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული.
„მოვუწოდებთ თურქეთის დიდი ეროვნული კრების წევრებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, რომ აფხაზეთის საკითხი შეაფასონ საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და ყველა ერის უფლებების გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადებაში.
რამდენად წარმოადგენს საფრთხეს
ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს თემა მყისიერ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა შორეულ პერსპექტივაში კი შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნას.
„ამ წუთის, მყისიერ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა შორეული შეიძლება იყოს. ისინი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან და არა ხელისუფლების. თურქეთის ოფიციალური პოზიცია ასეთი არ არის. შეიქმნა ცალკეული დეპუტატების და არა პარტიების ჯგუფი, ანუ ყველა პარტიაც კი არაა. ამ საკითხზე პარტიებიც არ თანხმდებიან, მაგრამ თავისთავად ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.
„ძალიან ძლიერი ჩერქეზული დიასპორაა თურქეთში, ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთში. შეიძლება მათი ინიციატივაა, რომელსაც ანგარიში გაუწიეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
როგორი უნდა იყოს ოფიციალური რეაქცია
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აუცილებელია ხელისუფლებამ ამ თემას ყურადღება მიაქციოს, მათ შორის საქართველოში თურქეთის ელჩს დაელაპარაკოს.
„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ რეაგირებს, არ უხსნის სიტუაციას, რომ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ საშუალება აიღონ ქართული პასპორტი და იმოგზაურონ მსოფლიოში.
„მეორე ვარიანტი - აუხსნან, რომ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების დიდ ნაწილს რუსული პასპორტი აქვთ და სულ მცირე, თურქეთში მოგზაურობა შეუძლიათ. ასევე კარგი იქნება, თუ ქართველი დეპუტატები თურქ კოლეგებს შეახსენებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს გალის რაიონი, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური ქართველები და მათ შეზღუდული აქვთ ყველაფერი საერთოდ - სამოქალაქო უფლებები, ადგილობრივი პოლიტიკური უფლებები, ხელმისაწვდომობა უძრავ ქონებაზე. ამაზე ხმას რატომ არ იღებენ?
„ამიტომ, აშკარად ჩანს, რომ ეს არის ჩერქეზული დიასპორის პოლიტიკის გაგრძელება, თუმცა მე მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა ამაზე რეაგირება უნდა გააკეთოს. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩს უნდა ესაუბროს და მისგან გავიგოთ, რომ ეს არ წარმოადგენს ოფიციალური ანკარის პოზიციას. საქართველოს ხელისუფლებამ ეს უნდა გააჟღერებინოს, რადგან თურქეთში ეს თემა არ არის ისეთი, რომ ამაზე წუხდნენ.
„დეპუტატს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება და ამას ვერავინ აუკრძალავს, ეს მთელ მსოფლიოში ასეაა. თურქეთის მთავრობა არ არის ვალდებული ამაზე ჰქონდეს რეაგირება, რადგან, როგორც ვთქვი, დეპუტატს თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ თუ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კითხვას დაუსვამს თურქეთის ელჩს საქართველოში, მას მოუწევს პასუხის გაცემა, საიდანაც გავიგებთ, რომ სახელმწიფო პოზიცია არაა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".