
უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკებების დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა. ვაშინგტონი და ევროპელი პარტნიორები ომის დასრულების ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ: ერთი გულისხმობს უკრაინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დათმობას ნატო-ში სრულუფლებიანი წევრობის სანაცვლოდ, მეორე კი ფრონტის ხაზის „გაყინვასა" და უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მიცემას.
თუმცა, მოსკოვისთვის უკრაინის ალიანსში გაწევრიანება, მათ შორის კვაზიწევრობის ფორმითაც, კვლავ წითელ ხაზად რჩება. თავის მხრივ, კიევისთვის წითელი ხაზია ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა. თუმცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების, ძლიერი არმიისა და აღდგენის ფინანსური მხარდაჭერის სრულ პაკეტს მიიღებს, ტერიტორიების საკითხს შესაძლოა ეროვნულ რეფერენდუმზე გაიტანოს.
ამასთან, თავად უსაფრთხოების გარანტიების შინაარსზეც კიევსა და ვაშინგტონს შორის ჯერ კიდევ არსებობს კითხვები.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, დასავლელი ლიდერები უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას უნდა დაუბრუნდნენ. მაკრონმა გასულ კვირას ბერლინში „მსურველთა კოალიციის" შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ახლა შესაფერისი მომენტია.
„უკრაინა ძალიან კარგად შეიარაღებული ქვეყანა იქნება, მრავალრიცხოვანი არმიით. ჩვენი ხანგრძლივი უსაფრთხოებისთვის მისი ნატო-ში ყოფნა მიზანშეწონილია", - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, რუსეთს მშვიდობის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადაუდგამს.
„თუმცა, შეთანხმებულია, რომ მშვიდობაზე სასაუბროდ სწორი ფორმატი უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპაა. გვესმის, რომ მომავალი კვირები უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და მთელი ევროპისთვის მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა ბერლინში, „მსურველთა კოალიციის" შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი დაარწმუნეს უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაში.
„ვიცი, რომ რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძელით რუსების დარწმუნება ისეთი კონცეფციის აუცილებლობაში, რომლის თანახმადაც უკრაინისთვის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია მე-5 მუხლზე იქნება დაფუძნებული", - განაცხადა კუშნერმა.
მისი თქმით, რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგის განახლება აუცილებელია.
- ჯარედ კუშნერი: „მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძელით რუსების დარწმუნება ისეთი კონცეფციის აუცილებლობაში, რომლის თანახმადაც უკრაინისთვის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია მე-5 მუხლზე იქნება დაფუძნებული".
„ამერიკის გადმოსახედიდან, ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვფიქრობ, ამის განსახილველად პრეზიდენტი ტრამპი მზად არის. თუმცა, ცხადია, ეს აშშ-ის ინტერესებში უნდა შედიოდეს და ასევე, უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილი უნდა იყოს", - აღნიშნა კუშნერმა.
ასევე, კუშნერის განცხადებით, ტრამპი ჩინეთიდან იმ განწყობით ბრუნდება, რომ უკრაინაში „მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია".
„ჩვენთვის წარმატებული შედეგი ომის დასრულების შემდეგ სუვერენული, დაცული, აყვავებული და თავისუფალი უკრაინის არსებობა იქნება", - განაცხადა კუშნერმა.
ორი სცენარი
„უოლ სთრით ჯორნალი" წერს, რომ აშშ და ევროპა უკვე რამდენიმე თვეა განიხილავენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობის სანაცვლოდ. ეს საკითხი სამშვიდობო მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ბოლო თვეებში კიევისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე რამდენჯერმე წამოჭრეს.
აღნიშნული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კუშნერმა ეს იდეა გასულ კვირას აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრისას განიხილა, ასევე დუბლინში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე. წყაროების ცნობით, ვაშინგტონი ომის შეჩერების ორ სცენარს განიხილავს.
პირველი სცენარი გულისხმობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის მიერ ჯარების გაყვანას და დონბასის დარჩენილი ნაწილის დათმობას ნატოში სრულუფლებიანი წევრობის სანაცვლოდ.
მეორე ვარიანტი ითვალისწინებს ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებების შეჩერება-გაყინვას და კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების ხელმოწერით საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა ალიანსში გაწევრიანების გარეშე. ერთი დღით ადრე კუშნერმა განაცხადა, რომ აშშ-მა დაარწმუნა კრემლი, რომ უკრაინისთვის გარანტიები უნდა ეფუძნებოდეს ნატოს ქარტიის მე-5 მუხლის პრინციპს კოლექტიური თავდაცვის შესახებ.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ნებისმიერი ფორმულა, თუნდაც კვაზიწევრობის სახით, რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია.
„კიევისთვის ნატო-ში კვაზიწევრობის ფორმულის გამონახვაც კი და ამ სფეროში რაიმე „კრეატიული" გადაწყვეტის ძიება ჩვენთვის მიუღებელი ვარიანტია. უსაფრთხოების გარანტიებს უპირველეს ყოვლისა ჩვენი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჭრილში განვიხილავთ და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ". - განაცხადა რიაბკოვმა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინა აღიარებს რუსეთის მოთხოვნას ნატო-ში გაწევრიანების მიუღებლობის შესახებ.
- სერგეი რიაბკოვი: „კიევისთვის ნატო-ში კვაზიწევრობის ფორმულის გამონახვაც კი და ამ სფეროში რაიმე „კრეატიული" გადაწყვეტის ძიება ჩვენთვის მიუღებელი ვარიანტია."
„როიტერსი" უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს ციტირებს, რომ აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე დისკუსიებისას „ამერიკელებმა დასვეს კითხვა: „რა მოხდება, თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება? გავა თუ არა უკრაინა დონბასიდან?". მისი თქმით, ეს საკითხი ნატო-ს დღის წესრიგში დაბრუნდა, თუმცა, მსოფლიომ ასევე მოისმინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ სიგნალები უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე, რომ რუსეთისთვის ეს წითელი ხაზია.
ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა თავისი ძველი პოზიცია, რომ კიევი მზად არაა ტერიტორიების დათმობისთვის, მაგრამ თუ კიევი მიიღებს ყოვლისმომცველ პაკეტს, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებს, ძლიერი და კარგად დაფინანსებული უკრაინული არმიის უფლებას და აღდგენისთვის სახსრებს, ის „ამ საკითხს ეროვნულ რეფერენდუმზე დააყენებს".
ამასთან, ზელენსკი დარწმუნებული არაა, რომ უკრაინასა და აშშ-ს ერთნაირი ხედვა აქვთ იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ფრაზა - „ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები". უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ასეთი გარანტიები მხოლოდ პოლიტიკური დაპირებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და კონკრეტულ სამხედრო მექანიზმებსაც უნდა მოიცავდეს. კერძოდ, მას სურს გაირკვეს, გულისხმობს თუ არა ეს პარტნიორი ქვეყნების სამხედროების, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებას.
ზელენსკი ასევე საუბრობს უკრაინაში ამერიკული სამხედრო ბაზების შექმნის შესაძლებლობაზე და ამ მხრივ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მაგალითად ასახელებს, რომლებიც ნატო-ს წევრები არ არიან, თუმცა მათ ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზებია განთავსებული.
ამასთან, ზელენსკი მიიჩნევს, რომ წინასწარ მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, როგორ იმოქმედებენ პარტნიორები რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში. მისი თქმით, ამ საკითხზე პასუხი მნიშვნელოვანია როგორც უკრაინის საზოგადოებისთვის, ისე პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რა რეაგირება მოჰყვება რუსეთის შესაძლო აგრესიას და რამდენად დაცული იქნება ქვეყანა.