
გაზთან დაკავშირებული დარღვევების რაოდენობა რადიკალურად არის შემცირებული, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, 2019 წელს თუ შემოწმების შედეგად 86 ათასზე მეტ აბონენტთან ფიქსირდებოდა დარღვევები, ახლა ეს მაჩვენებელი 15 ათასამდეა შემცირებული, თუმცა, არც ეს არის საკმარისი.
„2019 წელს, იგივე რაოდენობის აბონენტების შემოწმების დროს იყო 86 ათასი დარღვევა, რადიკალურად არის შემცირებული დარღვევების რაოდენობა. ერთობლივმა მუშაობამ გამოიწვია ის, რომ სოციალური პასუხისმგებლობა და ცოდნა ამაღლებულია. რა თქმა უნდა, 15 ათასი დარღვევა ნიშნავს, რომ არსებობს ამდენი ოჯახი, რომელიც ყოველ წუთს საფრთხის ქვეშ არის, ამიტომ არც ეს მაჩვენებელია ცოტა.
დარღვევების უმეტესობა მოდიოდა იმაზე, რომ ღია წვის კამერებიანი დანადგარები აქვთ თვითნებურად დამონტაჟებული, ასევე, შეხვდებით თვითნებურად, ყველანაირი წესის დაცვის გარეშე დამონტაჟებულ „კალონკებს“ შლანგებით გაყვანლის სამკაპებით.
ბოლო პერიოდში მიმღებლობაც საკმაოდ გაიზარდა, როდესაც ჩვენ განმეორებით ვამოწმებდით ჩაჭრის შემდეგ, ასიდან 30-40 ისევ იმავეს გვახვედრებდა, როგორც კი გამოვიდოდით ბინიდან, ისევ თვითონ აღადგენდნენ ხოლმე გაზის მიწოდებას, ახლა ასიდან იმავეს 1-2 თუ გვახვედრებს. ღია წვის კამერიანებიც თითქმის გაქრა, ისევ გვხვდება მოხმარებაში, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რაც ადრე იყო“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისში გაზის უსაფრთხოებაზე 274 777 აბონენტი შემოწმდა, საიდანაც დარღვევა 15 324 შემთხვევაში გამოვლინდა.