
მე რამდენჯერ მინახავს მის უწმინდესობა, აწ გარდაცვლილ, ცხონებულ ილია მეორეს რომ დამწუხრებით უთქვამს, რატომ არ მეკითხებიან, რატომ არ მესაუბრებიანო. თუნდაც ის უშიშროების საბჭო რომ არსებობს ქვეყანაში, ამ საბჭოს წევრი რატომ არ ვარო, მე ხომ, მათზე ნაკლებად არ მტკივა გული ქვეყანაზეო, მე ძალიან ვწუხვარ ქვეყნის მომავლით, ქვეყნის მდგომარეობითო. ეს მარტო ჩემთან კი არ უთქვამს, სხვა ადამიანებიც ყოფილან და იმათაც მოუსმენიათ ამის შესახებ, - ამის შესახებ მროველ -ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ის შვიდი წელი იყო კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ქორეპისკოპოსი, მასთან ახლოს იყო და ბევრი რამ მოუსმენია.
ამასთან, მიტროპოლიტმა მოქმედ ხელისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სურვილი და შეიძლება ითქვას, მოთხოვნაც არის ის, რომ „ჩვენი ხელისუფალი იყოს ეკლესიური“.
„მთელი იმედები და სასოება უნდა მივმართოთ ღვთისკენ. ჩვენი ერის ცხოვრება სასწაული არის. ძალიან დიდი სასწაული არის ის, რომ ჩვენ აქამდე მოვაღწიეთ და მომავალშიც, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საქართველო, მე ამის იმედი მაქვს და ძალიან დიდი შედეგი ექნება, თუ ხელისუფლება იქნება ეკლესიური. ამ ორი ძალის შერწყმა, საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთად შერწყმა, ქრისტეში ერთად ყოფნა არის დიდი გამარჯვება საქართველოსი, როგორც იყო ეს დავით მეფის დროს და თამარ მეფის დროს, ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს ისტორიულად. ამაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ ეს აუცილებელია, ჩემი მოთხოვნა კი არ არის, ჩემი სურვილი არის და მოთხოვნაც, შეძლება ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფალი იყოს ეკლესიური. აი, ამას ვლოცულობ, ამაშია დიდი ძალა.
მე რამდენჯერ მინახავს მისი უწმინდესობა, აწ გარდაცვლილი, ცხონებული ილია მეორე, რომ დამწუხრებით უთქვამს, რატომ არ მეკითხებიან, რატომ არ მესაუბრებიანო? მე, შვიდი წელი ვიყავი უწმინდესის ქორ-ეპისკოპოსი, ძალიან ახლოს იყავი და ძალიან ბევრი რამ მომისმენია. თუნდაც ის უშიშროების საბჭო რომ არსებობს ქვეყანაში, აი, ამ საბჭოს წევრი რატომ არ ვარო, ასე თქვა, პატრიარქმა. მე ხომ, მათზე ნაკლებად არ მტკივა გული ქვეყანაზეო, მე ძალიან ვწუხვარ ქვეყნის მომავლით, ქვეყნის მდგომარეობითო. ეს მარტო ჩემთან კი არ უთქვამს, სხვა ადამიანებიც ყოფილან და იმათაც მოუსმენიათ ამის შესახებ.
ჩვენ სხვა ქვეყნების მართვის მოდელს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. გასაგებია, რომ დემოკრატიისკენ მიდის მთელი მსოფლიო და უნდათ, რომ ხალხისგან მართული იყოს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ჩვენს სხვა მისია გვაქვს მსოფლიოს წინაშე დაკისრებული. აქ,ერი და ბერი უნდა ვიყოთ ერთად“ - განაცხადა მეუფე იობმა ქადაგებისას და აღნიშნა, რომ „ერი და ბერი ერთად იყოს სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად“.