
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო პერიოდში საყურადღებო პროცესები ვითარდება, უმაღლესი რანგის იერარქები ამბიონიდან მოქმედი ხელისუფლების შესახებ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს აჟღერებენ. მაშინ, როცა სინოდის ერთი ნაწილი მთავრობის ეკლესიურობასა და ხელისუფლებასთან დიალოგის ნაკლებობაზე მიანიშნებს, სხვები მმართველ გუნდს ღიად იცავენ და მის კრიტიკას განკითხვად აფასებენ.
21 ნოემბრის ქადაგებისას მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა, ხელისუფალთა ეკლესიურობა მოითხოვა და აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის გულისტკივილი გაიხსენა.
„ძალიან დიდი შედეგი ექნება, თუ ხელისუფლება იქნება ეკლესიური. ამ ორი ძალის შერწყმა, საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთად შერწყმა, ქრისტეში ერთად ყოფნა არის დიდი გამარჯვება საქართველოსი, როგორც იყო ეს დავით მეფის დროს და თამარ მეფის დროს... ჩემი სურვილი არის და მოთხოვნაც, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფალი იყოს ეკლესიური...
„მე რამდენჯერ მინახავს მისი უწმინდესობა, აწ გარდაცვლილი, ცხონებული ილია მეორე, რომ დამწუხრებით უთქვამს - რატომ არ მეკითხებიან, რატომ არ მესაუბრებიანო? თუნდაც ის უშიშროების საბჭო რომ არსებობს ქვეყანაში, აი, ამ საბჭოს წევრი რატომ არ ვარო, ასე თქვა პატრიარქმა. მე ხომ მათზე ნაკლებად არ მტკივა გული ქვეყანაზეო", - განაცხადა მეუფე იობმა ქადაგებისას.
სრულიად განსხვავებული აქცენტები დასვა იმავე დღეს ქადაგებაზე ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ. მან მთავრობის „ურწმუნოდ" მოხსენიება და მისი წასვლის მოთხოვნა დაუშვებლად მიიჩნია, ხოლო ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები თვითმყოფადობის დაცვად შეაფასა.
„მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა არის ურწმუნო და მთავრობა უნდა წავიდეს, ვინ მოვა მერე, არ ვიცი. როცა დღეს ამხელა ბრძოლაშია ჩვენი ხელისუფლება... ცდილობენ საქართველო თავის გზაზე განაგრძობდეს სიარულს, ქრისტიანულ გზაზე. მათი ძალიან დიდი ძალისხმევით იქამდე მივედით, რომ გვაქვს ბავშვის დაცვის კანონი, რომ არ შეიძლება ბავშვისთვის უკუღმართი რაღაცების სწავლება, აღიკვეთა ეს... ასეთ მთავრობას, რომელიც ამის გაკეთებას ცდილობს, როგორ ვეტყვი, რომ ურწმუნოა და უნდა წავიდეს. არ არის ეს სწორი, ეს არის განკითხვა", - აღნიშნა ქადაგებისას მეუფე სტეფანემ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქოში დაპირისპირების დაწყება მოსალოდნელი იყო და ხელისუფლების გავლენების ფონზე მღვდელმთავართა ნაწილი მმართველი გუნდის მხარდამჭერად, ნაწილი კი ოპოზიციურად განწყობილად ჩამოყალიბდება:
„ილია მეორე იყო პატრიარქი, ვინც აერთიანებდა ეკლესიას. მოსალოდნელი იყო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ეკლესიაში დაიწყებოდა დაპირისპირება. ერთი მხრივ, ეს არის ძალიან ცუდი სიმპტომი, მეორე მხრივ, ეს არის პოზიციების ღიად გამოხატვა. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დღევანდელ პატრიარქს უჭერდა მხარს და ამ პატრიარქს ჰყავს თავისი გუნდიც, თუმცა აქ არის გავლენა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების. ამიტომ ნაწილი საპატრიარქოსა და მღვდელმთავრებისა იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი, ხოლო მეორე ნაწილი იქნება ოპოზიციაში.
- ვახტანგ ძაბირაძე: „ცუდია არა სამღვდელოების პოზიციების განსხვავება, არამედ ის, რომ ამ პოზიციათა განსხვავებას მოჰყვება მრევლში განხეთქილება".
„ეკლესია იყო ერთადერთი ორგანო, რომელიც, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მრევლს მეტ-ნაკლებად აერთიანებდა. დღეს კი მივიღებთ კიდევ ერთ გახლეჩას უკვე მრევლში, ოპოზიციურად განწყობილი მრევლი ოპოზიციურ ფლანგს დაუჭერს მხარს, ხოლო სახელისუფლებო - ხელისუფლებას. ასეთ სავალალო მდგომარეობაში ვართ. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მთლიანად აერთიანებდა მორწმუნე საზოგადოებას, უკვე ორად გაიყო. ცუდია არა სამღვდელოების პოზიციების განსხვავება, არამედ ის, რომ ამ პოზიციათა განსხვავებას მოჰყვება მრევლში განხეთქილება".
ძაბირაძე მეუფე სტეფანეს რეპლიკას „ვინ სხვა" „ქართული ოცნების" ნარატივის გამეორებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მღვდელმთავარს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვის სრული უფლება აქვს, თუმცა პრობლემა ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმასა და მრევლისთვის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვის მცდელობაშია.
„ფრაზა, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ „ვინ სხვა?" - ეს სწორედ ის არის, რაზედაც „ქართული ოცნება" 2012-დან მოყოლებული დღემდე ლაპარაკობს. კითხვა, რომ ვინ, თუ არა ხელისუფლება, ვინ სხვა - არ არის რელევანტური. თუ მეუფეს ვერ გაურკვევია ვინ და როგორ, შეუძლია მხარი დაუჭიროს იმას, ვისაც თვლის, რომ ხელისუფლებაში უნდა იყოს. რა პრობლემაა?! პრობლემა ამაში არაა. პრობლემა იმაშია, რომ იწყება ნებსით თუ უნებლიეთ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა. არც მეუფის გადასაწყვეტი არაა, ვის აირჩევს ხალხი. მეუფეს აქვს თავისი ადგილი როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ საარჩევნო ყუთთან მას აქვს ერთი ხმა. ამიტომ, ვისაც უნდა, მხარი იმას დაუჭიროს. თუ მიაჩნია, რომ ხელისუფლებაზე უკეთესი არავინაა ოპოზიციაში, მაგრამ სხვასაც მისცენ ნება, რომ არჩევანი გააკეთოს თავისუფლად.
„კარგი იქნება თუ სინოდის წევრები გააცნობიერებენ, რომ ეს განხეთქილება არ უნდა გადავიდეს სინოდში და მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური პოზიცია აქვს, შეინარჩუნებენ ერთიანობას და არა მარტო შეინარჩუნებენ, მრევლს მოუწოდებენ, რომ შეინარჩუნოს ერთიანობა. ეს იქნება ყველაზე უკეთესი ვარიანტი იმისათვის, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, შევინარჩუნოთ ისე, როგორც იყო - ერთიანი მრევლისთვის", - აღნიშნა „რეზონანსთან" ძაბირაძემ.
პროცესებს განსხვავებული რაკურსით აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. ის პრობლემის სათავეს ქადაგების ფორმატის პოლიტიზებაში ხედავს:
„პოლიტიკურ დისკურსში ეკლესიის შეყვანა დაიწყო დიახაც მეუფე იობმა და მისმა მხარდამჭერმა ცალკეულმა სასულიერო პირებმა. ამაზე როცა აკეთებს პოლიტიკის მიმომხილველი კომენტარს, ესეც ანომალიაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საეკლესიო პირები შემოდიან პოლიტიკურ დისკურსში, ამაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტორები სცემენ პასუხს.
- გია აბაშიძე: „პოლიტიკურ დისკურსში ეკლესიის შეყვანა დაიწყო დიახაც მეუფე იობმა და მისმა მხარდამჭერმა ცალკეულმა სასულიერო პირებმა. ამაზე როცა აკეთებს პოლიტიკის მიმომხილველი კომენტარს, ესეც ანომალიაა".
„ეკლესია არის ერთიანობის მრავალსაუკუნოვანი ინსტიტუტი. ქადაგება, მხილება სხვადასხვა განცხადებით, რასაკვირველია, იყო, არის და იქნება, მაგრამ ამას აქვს ფორმა და არ უნდა მიიღოს პოლიტიკური თოქ-შოუს სახე, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და მრევლში დაპირისპირების სახე. ცალკეული მღვდლების მიერ „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მოხსენიება „მონებად" მიუთითებს, რომ ცალკეული კლერიკები საერთოდ სცდებიან მათზე დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას. ასე გაგრძელება არ შეიძლება. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს საპატრიარქო ამ საკითხსაც ჯეროვნად გაუმკლავდება ისე, რომ არ დაზიანდეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები, რომლის დაზიანებითაც ასე არის დაინტერესებული შიდა თუ გარე მტერი".
რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების გავლენასა და ამბიონიდან გაკეთებული განცხადებების ფორმას, გია აბაშიძე ხაზს უსვამს, რომ ტაძარი სამიტინგო სივრცე არ არის და სასულიერო პირთა მთავარი მოწოდება ერის გაერთიანებაა და არა შფოთის გაღვივება.
„რასაკვირველია, საზოგადოება პოლიტიკურად ჭრელია, ისევე როგორც სასულიერო პირები, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია ამბიონზე მდგომ ყველა პირს, რომელიც არის გამაერთიანებელი როგორც ხელისუფლების მომხრეების, ასევე მისი მოწინააღმდეგის. ეკლესია, ტაძარი არ არის სამიტინგო სივრცე, არ არის საზოგადოებრივი, პოლიტიკური ჩართულობის ცენტრი და ასე შემდეგ - ეს ყველამ კარგად უნდა გაითავისოს. პირადად მე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, როდესაც პოლიტიკურ სივრცეში უხეშად შემოჭრილ ამ ნარატივებზე პასუხის გაცემა მიწევს. ეს ნამდვილად სცილდება იმას, რა მოწოდებაც აქვს ეკლესიას - ერის გაერთიანება და არა შფოთისა და ერთმანეთის დაპირისპირების გაღვივება", - განაცხადა „რეზონანსთან" აბაშიძემ.