
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 20 ნოემბრის განკარგულებით, ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის განკარგულება, რომლითაც მდინარაძეს დაცვა დაენიშნა. შესაბამისად, სპეცსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა სახელმწიფო დაცვის სერვისით სულ რაღაც 73 დღის განმავლობაში, 8 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე ისარგებლა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი მომხდარს მმართველ გუნდში მიმდინარე შიდა პროცესებსა და შესაძლო სამართლებრივ დევნას უკავშირებს. „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას შეფასებით, გასული 73 დღის განმავლობაში მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა რეალურად უთვალთვალებდა და იგი „შიდა პატიმრობაში" იმყოფებოდა.
ფარულავას მტკიცებით, აღნიშნულ პროცესებში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია და მდინარაძის გარემოცვის საკადრო წმენდაც უკვე დასრულებულია. ოპოზიციონერი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარების ფონზე, მამუკა მდინარაძე რუსთავის ციხეში ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდეს.
„პოლიტიკური პარადოქსია - კაცი, რომელიც საკუთარ გუნდში კორუფციას ებრძოდა, შესაძლოა თავად გახდეს იმ სისტემის პატიმარი, რომელშიც კორუფცია არა გამონაკლისი, არამედ მართვის წესია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ივანიშვილის სისტემაში ერთგულება დროებითია, ძალაუფლება კი პირობითი, ხოლო პოლიტიკური კარიერა მთავრდება მაშინ, როცა პატრონი ასე გადაწყვეტს", - აცხადებს ლაშა ფარულავა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის ვარაუდს მამუკა მდინარაძის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს. მისი შეფასებით, სახელმწიფო დაცვის მოხსნა არ წარმოადგენს ისეთ იშვიათ მოვლენას, რომ მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრება ვივარაუდოთ:
„მეორე საკითხია, გაგრძელდება თუ არა მდინარაძის მიმართ ზეწოლა. ვგულისხმობ იმას, რომ თანამდებობა დაკარგა და ასე შემდეგ. შემთხვევით არ მომხდარა, ალბათ, ეს ცვლილებები მის კარიერაში. მაგრამ თუ გაგრძელდება, შეიძლება პირიქით, უფრო სახიფათო იყოს ზეწოლის გაგრძელება ადამიანზე, რომელმაც ბევრი რამ იცის. დავუშვათ დააპატიმრეს. რას იძლევა დაპატიმრება იმის ფასისას, რაც შეუძლია მდინარაძემ თქვას, თუ გაბრაზდა?"
- რამაზ საყვარელიძე: „დავუშვათ დააპატიმრეს. რას იძლევა დაპატიმრება იმის ფასისას, რაც შეუძლია მდინარაძემ თქვას, თუ გაბრაზდა?"
საყვარელიძის შეფასებით, დაპატიმრება არ წარმოადგენს ისეთ ბერკეტს, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების გაჩუმებას უზრუნველყოფს. ანალიტიკოსი ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითზე მიუთითებს, რომ უფრო მაღალი თანამდებობისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ მეტი ვალდებულების მქონე პირებიც კი იწყებენ ისეთ საკითხებზე საუბარს, რაც სირთულეებს უქმნის მმართველ გუნდს. მისივე შეფასებით, ქართულ რეალობაში პოლიტიკა ხშირად თავდაცვის მექანიზმად გამოიყენება.
„ვნახეთ, „ლელოს" ხელმძღვანელობა პოლიტიკაში გადავიდა, როგორც კი დაცვის საჭიროება იგრძნო. ანუ პოლიტიკა დაცვის საშუალებაც არის. ასე რომ, თუ ძალიან შეუტევენ ადამიანს, დიდი შანსია, რომ ის პოლიტიკისკენ წავიდეს თავისი იმ ინფორმაციით, რომელიც შეიძლება პოლიტიკური ტრიბუნიდან უფრო მწვავე, უფრო ტოქსიკური აღმოჩნდეს ბევრი ადამიანისთვის", - განაცხადა „რეზონანსთან" საყვარელიძემ.
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნა სამართლებრივ პროცედურებს უკავშირდება და მასში პოლიტიკური ქვეტექსტის ძიება უსაფუძვლოა:
„როგორც ჩანს, რადგან ის კერძო სექტორში გადავიდა და ფაქტობრივად სახელმწიფო სტრუქტურებთან არანაირი კავშირი არ აქვს, გადაწყვიტეს მისთვის დაცვის მოხსნა. იქ ბრძანებაში ხომ არის მითითებული ის კონკრეტული მუხლი, რის საფუძველზეც მოეხსნა მას ეს დაცვა. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი მოხდა კანონის დაცვით.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, რა მონაცემები დაგროვდება ამ გამოძიების პროცესში, რის გამოძიებასაც ითხოვს ღარიბაშვილი და ხელს მდინარაძეს ადებს."
„ვფიქრობ, დაცვის მოხსნა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მისი დაკავების წინაპირობა. დავუშვათ, დაცვა რომ ჰყოლოდა, თუკი ხელისუფლება ჩათვლიდა, რომ მას დანაშაული აქვს ჩადენილი, რა, ისე ვერ დააკავებდა? მდინარაძის დაკავება-არდაკავება დამოკიდებულია იმაზე, იკვეთება ან იკვეთებოდა თუ არა მის ქმედებებში დანაშაულის შემადგენელი ნაწილი. ამის საფუძველზე უნდა მოხდეს ნებისმიერი პირის დაკავება, მდინარაძე იქნება თუ ვიღაც სხვა".
ანალიტიკოსის თქმით, პროცესების შემდგომი განვითარება სრულად იმაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა გამოძიება იმ საქმეზე, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს და ხელს მამუკა მდინარაძისკენ იშვერს.
„დინამიკაში რომ დავაკვირდეთ სიტუაციას, ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, რა მონაცემები დაგროვდება ამ გამოძიების პროცესში, რის გამოძიებასაც ითხოვს ღარიბაშვილი და ხელს მდინარაძეს ადებს. თუკი დაიწყება გამოძიება, ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად ექნება საფუძველი საგამოძიებო უწყებას, რომ ამ პიროვნების წინააღმდეგ რაღაც სამართლებრივი მოქმედებები დაიწყოს", - აღნიშნა „რეზონანსთან" ანჯაფარიძემ.