თამთა ჩაჩანიძე
24.11.2026

28 ნოემბრის საპროტესტო აქციამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, ოპოზიციურმა ალიანსმა კი საინფორმაციო კამპანია მხოლოდ ახლა გაააქტიურა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები მობილიზაციის დაწყებას ჯერ კიდევ 25 ოქტომბრიდან აანონსებდნენ, ლიფლეტების დარიგება მხოლოდ სამშაბათს დაიწყეს და ისიც მხოლოდ თბილისში. აქციას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი უერთდება, დედაქალაქში ორი პარალელური მსვლელობა გაიმართება. აქციის ორგანიზატორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ არ დაუშვებს „მიშას ბანერიანი ანკესების ქნევას".

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ 28 ნოემბრის აქციას ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდატეხის მოტანა გაუჭირდება, თუმცა ამის მიზეზებს განსხვავებულად აფასებენ.

28 ნოემბრის საპროტესტო აქციას ოპოზიციური ალიანსის რვა პარტიასთან ერთად უერთდება „ნაციონალური მოძრაობაც", რომელმაც ალიანსი 3 ნოემბერს დატოვა, თუმცა დაგეგმილ პროტესტში მონაწილეობას მაინც აპირებს. აქციას ასევე უერთდებიან ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ვიქტორ ყიფიანის პარტია „ჯერ საქართველო".

პროტესტში მონაწილეობას გეგმავენ „შაბათის მარშის" ორგანიზატორებიც, რომლებიც 28 ნოემბერს საკუთარ მსვლელობას გამართავენ. შესაბამისად, თბილისში ორი პარალელური მარშია დაგეგმილი: ერთი მეტრო „ავლაბრიდან" თავისუფლების მოედნის მიმართულებით, მეორე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ.

აქციის გამართვის იდეა „ოპოზიციურ ალიანსს" ეკუთვნის, ამაზე მათ ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს განაცხადეს, რომ 25 ოქტომბრიდან დაიწყებოდა საინფორმაციო კამპანია, რომელიც ერთი თვის შემდეგ, 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დაგვირგვინდებოდა. აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს" 25 ოქტომბერს მართლაც ჩატარდა თსუ-სთან, თუმცა მას შემდეგ ოპოზიციის მხრიდან აქტიური კამპანიის ნიშნები არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომ თბილისში ლიფლეტების დარიგება დაიწყეს.

როგორ ჩაივლის 28 ნოემბერი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 28 ნოემბრის აქცია ოპოზიციის რეალურ ერთობას ვერ აჩვენებს, რადგან პარტიები, საერთო მიზნის მიუხედავად, მოქმედების გზებზე ვერ თანხმდებიან. მისი პროგნოზით, პროტესტი ერთჯერადი იქნება და 2024 წლის აქციების მასშტაბს ვერ მიაღწევს.

„მთელი ცხოვრება ერთიანი ფრონტის მომხრე ვარ, თუმცა ერთიანი ფრონტის შექმნა ერთობას არ ნიშნავს. ერთიანი ფრონტის მთავარი მიზანი „ოცნების" დამარცხებაა და ყველა ოპოზიციური პარტია ამაში თანხმდება, ისინი ვერ თანხმდებიან გზებზე, თუ აქამდე როგორ უნდა მივიდნენ და მიიღონ თუ არა ერთმანეთის აქციებში მონაწილეობა.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „რამოდენიმე საათით ერთჯერადად ბევრი ხალხის გამოსვლა „ქართულ ოცნებას" აღარ აშინებს"

„ენმ უკვე ბევრი პარტიისთვის მიუღებელია - იგივე გახარიას პარტიას, „ლელოს" არაერთხელ უთქვამთ, რომ მათთვის მიუღებელი და გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციები. საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც მიუღებელია ენმ და ხშირად ამას „ქართული ოცნება" იყენებს და ვინც კი „ნაციონალურ მოძრაობის" გვერდზე ჩაივლის, მათ აბრალებს ენმ-სთან ერთობას, რაც ბევრ პარტიას არ აწყობს, ამიტომ ერთიანი ფრონტი ერთია და თუკი იქ სადაც იქნება „ნაციონალური მოძრაობა", შეიძლება სხვები არ მივიდნენ, ამაზე გული არ უნდა სწყდებოდეთ და არ უნდა ბრაზობდნენ.

„ნაციონალურ მოძრაობამ" უნდა გაისიგრძეგანოს, რომ გულმხურვალე ამომრჩეველი ჰყავთ, მაგრამ ასევე ჰყავთ გულმხურვალე მოწინააღმდეგეები. ამიტომ არ ველოდები 28 ნოემბრიდან შეუქცევად პერმანენტულ აქციებს. შეიძლება ამ დღით ბევრი ხალხი გამოვიდეს და ძალიან კარგი იქნება, მაგრამ რამოდენიმე საათით ერთჯერადად ბევრი ხალხის გამოსვლა „ქართულ ოცნებას" აღარ აშინებს.

„მგონია, რომ ეს აქცია მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი ფორმით ჩაივლის, მაგრამ შემეგომი განვითარება არ ექნება, რადგან ზამთარი მოდის და სხვა მოვლენებია, რის გამოც ხალხი დიდხანს გარეთ ვერ იქნება. თუ რაიმე სერიოზული, ხანგრძლივი აქციები უნდათ, ეს უნდა დაიწყონ გაზაფხულზე. ახლა 2024 წლის აქციების დონეს არ ველოდები",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 28 ნოემბრსი აქცია იქნება წყლის ნაყვა და არაფერი მნიშვნელოვანი ამას არ მოჰყვება.

„წელიწადში რამდენჯერ უნდა მოაწყონ მსგავსი ფარსი, რომ რაღაცას იწყებენ და ასრულებენ? როცა „ნაცები" სოც ქსელებში თუ ტელევიზიებში 23 ნოემბერს ზარზეიმით აღნიშნავენ, სად იყო რომელიმე სიმბოლური რაიმე საჯარო ღონისძიება ან აქცია? არ ვგულისხმობ, რომ აუცილებლად მრავალრიცხოვანი ყოფილიყო, ხომ შეიძლებოდა სიმბოლურად ე.წ. ვარდების რევოლუციის წლისთავზე რამდენიმე პოლიტიკოსის შეკრება? მაგრამ ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ ფსევდო ღირებულებებს როგორ აღნიშნავდნენ ეს უტიფრები, მით უმეტეს, როდესაც ბევრი იმ პერიოდის პოლიტიკოსი უკვე გადამალულია და მაშინ გამოჩნდნენ, როცა ქუჩაში ძალიან ბევრი ხალხი იყო, ვგულისხმობ წინა წლებში გარკვეულ მასობრივ აქციებს, მაგრამ ახლა ჩირგვებში მიიმალნენ, იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი, უწინარესად თავიანთი მხარდამჭერებისთვის.

  • გია აბაშიძე: „28 ნოემრის ფინალი უკვე ისედაც ცნობილია. ეს იქნება წყლის ნაყვა... იქნება ხმაური, დაპირებები და კრება ისევ დაიშლება"

„რაც შეეხება 28 ნოემბერს, ამას, ამის ფინალი უკვე ისედაც ცნობილია. ეს იქნება წყლის ნაყვა და ეს მობილიზება ზუსტად იმას ჰგავს, რასაც ადრე კომედიურ ჟანრში აკეთებდნენ გამქრალი გიორგი ვაშაძე და სხვები და აჩვენებდნენ, რომ თითქოს დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ არაფერი. იქნება ხმაური, დაპირებები და კრება ისევ დაიშლება."

რა გეგმა აქვს ალიანსს

„ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, 28 ნოემბრის მსვლელობის მთავარი გზავნილი „საქართველო ივანიშვილის გარეშე" იქნება, რაც თავისუფალ სასამართლოს, ძლიერ თვითმმართველობას, კორუფციისგან თავისუფალ ეკონომიკასა და დემოკრატიულ სახელმწიფოს გულისხმობს. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გარეშე საქართველო არ ნიშნავს ერთი პიროვნების კულტის მეორით ჩანაცვლებას და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას. მისი თქმით, მარშზე უნდა გაჟღერდეს მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებიც ალიანსში შემავალ პარტიებს აერთიანებს და არა ის, რაც მათ შორის უთანხმოებას გამოიწვევს.

„ალიანსი დავიძვრებით თსუ-დან! ჩვენი გზავნილია: „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს - საქართველო ივანიშვილის გარეშე". ჩვენთვის, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს პიროვნების კულტს, რა სახელიც არ უნდა ერქვას. ანუ ჩვენთვის, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას. ამდენად, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ორგანიზებულ მარშზე ჩანდეს ის გზავნილები, რაც გამარჯვებისთვის აუცილებლად მიგვაჩნია. ის გზავნილები, რაც ალიანსში შემავალი პარტიების ამომრჩეველს გვაერთიანებს და არ გვყოფს! გზავნილის დისციპლინას მკაცრად დავიცავთ.

ამიტომ, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, ვისაც პიროვნების კულტის სავსავი და მიშას ბანერიანი ანკესების ქნევა გსურთ, სხვა ადგილი იპოვეთ და იქიდან დაიძარით.

თბილისი დიდია და ყველა დავეტევით, რაც მეტი მარში იქნება (ვისაც აწევის თავი აქვს), მით დიდებული",- წერს ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×