„კარგია, რომ ეფექტურად იმუშავეს და საფრთხეების განეიტრალება მალევე შეძლეს“
ირმა ჩიტაია
24.11.2026

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების საკითხზე ევროკომისიის შეთავაზებას საქართველოს მთავრობაში მიესალმებიან. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე ცვლილება ადასტურებს ხელისუფლების პოზიციას, რომ ობიექტთან დაკავშირებული ადრინდელი მოლოდინი და შეხედულება რეალუს ფაქტებს არ ეფუძნებოდა.

ევროკომისიის მიმდინარე ინიციატივა რთული პროცესის ახალ ეტაპს ქმნის, რომელსაც საქართველოს მთავრობაში ლოგიკურ ნაბიჯად აფასებენ. „ეს არის ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ჩვენ ვსაუბრობდით ამ თემაზე, მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და აღტკინებით, სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, იყო ტყუილზე დაფუძნებული, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება გადაწყვეტილება. რაც უხაროდა რადიკალურ ოპოზიციას, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი, ხოლო რასაც ჩვენ ვამბობდით, ის - სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან. ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმებით,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების ინიციატივას ეკონომიკური კუთხითაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებენ. სპეციალისტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეფასებით, საწარმოს შეუფერხებელი მუშაობა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებლებთან, საინვესტიციო გარემოს სტაბილურობასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან. საკითხის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს აფბა-ს პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე.

„კარგია, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოსალოდნელი სანქცირების ფაქტის წინაშე აღარ დადგა. ეს დადებითი მოვლენაა და მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ბიზნეს სექტორისა და ეკონომიკისთვის. 

საქართველო ნავთობმომპოვებელი ქვეყანა არ არის. ამიტომაც ერთადერთი რესურსი, რაც ამ მიმართულებით ხელთ გვაქვს, ნავთობის გადამუშავებაა. სტატისტიკური მონაცემებიც აჩვენებდა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამის მთავარი მიზეზი სწორედ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო, საიდანაც მზა პროდუქციის გატანა ხდებოდა.

ცხადია, ქარხანა არ უნდა დასანქცირებულიყო და მისი საქმიანობა არ უნდა შეჩერებულიყო. ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მუშაობას კვლავ გააგრძელებს - გაგრძელდება ნავთობის გადამუშავება, რაც დადებითად აისახება როგორც ექსპორტის მაჩვენებელზე, ისე იქ დასაქმებულ უამრავ ადამიანზე.

იმედს ვიტოვებ, მომდევნო პერიოდში მსგავსი საფრთხე არც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაემუქრება და არც სხვა სტრატეგიულ ობიექტებს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თუ რაიმე რისკი არსებობს, დროულად მოხდეს პრევენცია და გადაზღვევა. ჩემი გულწრფელი პოზიციაა, რომ ყულევის ქარხანა ამას არც მანამდე იმსახურებდა, თუმცა რადგან გარკვეული რისკების წინაშე დადგა, კარგია, რომ ეფექტურად იმუშავეს და საფრთხეების განეიტრალება მალევე შეძლეს. სანქციები პროცესზე უარყოფითად იმოქმედებდა, განსაკუთრებით ასეთი მსხვილი ინვესტიციის განხორციელების შემდეგ. შესაბამისად, ამ პროექტს დამატებითი დადებითი ეფექტი უნდა ჰქონდეს და იმედი მაქვს, ქარხანა შეუფერხებელად გააგრძელებს მუშაობას“, - განუცხადა ,,რეზონანსს" გიორგი კაპანაძემ.

საინვესტიციო სტაბილურობასა და საექსპორტო მაჩვენებლებთან ერთად, სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ ქარხნის რეგიონულ მნიშვნელობასა და შავი ზღვის არეალში მის კონკურენტულ უპირატესობაზეც. აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, სანქციების რისკის მოხსნა საწარმოს განვითარებისა და რეგიონული პარტნიორების გააქტიურების ახალ შესაძლებლობებს უხსნის, რაც ქვეყნის საერთაშორისო მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის.

„თავისთავად დადებითი ფაქტია, რომ ყულევი სანქციების სიაში არ იქნება. თავისი მასშტაბით ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროექტია, რომ დამატებითი ფაქტორია ქვეყნის მიმზიდველობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. საწარმო ბოლო დროს შეიქმნა და საქართველოს დამატებით სამუშაო ადგილებს, შემოსავალსა და გამორჩეულ პოზიციას სძენს შავი ზღვის არეალში, რაც სასიკეთოა როგორც ბიზნესის განვითარებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

რეალურად, შავი ზღვის რეგიონში ნაკლებადაა მსგავსი საწარმოები, რაც იძლევა საშუალებას, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული და მოთხოვნაც გაიზარდოს. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ჩვენი ეკონომიკისთვისაც კარგია. 

ქარხანას ექნება შესაძლებლობა, იმ ქვეყნებიდან, რომლებიც სანქციების ნუსხაში არ არის, თამამად შემოიტანოს ნედლეული. გააქტიურდებიან მეზობელი ქვეყნებიც და შემოვა დამატებითი პროდუქცია, რომელიც ყულევში გადამუშავდება. არსებულ პირობებში ბიზნესის განვითარება და დამატებითი ეკონომიკური აქტივობა, ცხადია, დადებითად აისახება როგორც ქვეყანაზე, ისე დასაქმებულებზე.

ყულევი არის ის ადგილი, სადაც ეს მიმართულება განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს და სწორი მართვის შემთხვევაში, მას სტაბილური გაფართოებისა და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. სანქცირების შემთხვევაში არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, ახლა კი საწარმოს განვითარების ყველა პირობა და სერიოზული შანსი გააჩნია. გაიზრდება მისი გამტარიანობა, რაც დამატებით შემოსავალს ნიშნავს როგორც ეკონომიკისთვის, ისე დასაქმების კუთხითაც“, - განუცხადა ,,რეზონანსს" ავთო სილაგაძემ.

მთლიანობაში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების შესაძლო რისკის მოხსნა საწარმოს საქმიანობის გაგრძელებისა და ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნების შესაძლებლობას ქმნის, თუმცა განხილული მოსაზრებების მიხედვით, მომავალში მსგავსი საფრთხეების პრევენცია და ობიექტის სტაბილური განვითარება კვლავ მნიშვნელოვან ამოცანად რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×