თამთა ჩაჩანიძე
25.11.2026

ევროკავშირის გაფართოების პროცესში ახალი წესების შემოღება საქართველოში პოლიტიკური შეფასებების საგანი ხდება. ხელისუფლება 10-წლიან გამოსაცდელ ვადას ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებად აფასებს და ევროპულ ბიუროკრატიას აკრიტიკებს, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ახალი მექანიზმი კანდიდატი ქვეყნებისთვის დემოკრატიული და ეკონომიკური სტანდარტების დაცვის დამატებითი გარანტიაა.

ევროკავშირის ელჩებმა ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას მხარი დაუჭირეს. ინიციატივის მიხედვით, ამ დროის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვევს და „ორბანის სტილის" დარღვევები გამოვლინდება, შესაძლოა ხმის მიცემის უფლება შეუჩერდეს. პროცესი მონტენეგროთი დაიწყება.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახალი მექანიზმი ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას კი არა, კავშირის დემოკრატიული პრინციპებისა და გადაწყვეტილებების დაცვის მცდელობას წარმოადგენს.

მათი განმარტებით, 10-წლიანი პერიოდი კანდიდატ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების დონე გააუმჯობესონ და ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელ სტანდარტებს მიუახლოვდნენ.

ხელისუფლებაში კი მიიჩმევენ, რომ ხმის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება და შესაძლოა, ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცეს.

„ევრონიუსის" ინფორმაციით, 10-წლიან პერიოდში, „ორბანის სტილის" დარღვევების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ახალი წევრებისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერება. მოსალოდნელია, რომ მომავალი კვირის დასაწყისში მხარეები ხელშეკრულების შესაბამისი ნაწილის პროექტთან დაკავშირებით პირველ ტექნიკურ განხილვას გამართავენ.

რას ნიშნავს 10-წლიანი გამოსაცდელი ვადა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ გაწევრიანების პროცესში ახალი მექანიზმების შემოღება სუვერენიტეტის შეზღუდვას არ ნიშნავს. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი კანდიდატი ქვეყნებისთვის დემოკრატიული და ეკონომიკური სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვის პრევენციას ემსახურება.

  • ნიკა ჩიტაძე: "ორბანის დროს უნგრეთმა დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვია, რუსეთიდან იყო მართული, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ბლოკავდა და ამის პრევენციისთვის შემოიღეს ეს მექანიზმი"

"ეს სუვერენიტეტის შელახვა არანაირად არაა, პირიქით. ევროკავშირი ერთის მხრივ ეს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა, მეორეს მხრივ კი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების კავშირია. ევროკავშირი დახურული ორგანიზაციაა, ეს ის ორგანიზაცია არაა, სადაც ქვეყანას მოწვევის საფუძველზე იღებენ, იქ კონსენსუსია საჭირო, ასევე ქვეყანა დემოკრატიულ და ეკონომიკურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

"10-წლიანი პერიოდი იმიტომაა, რომ კონკრეტულმა ქვეყნებმა - ბალკანეთის ქვეყნებმა, საქართველომ, მოლდოვამ, სადაც ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროკავშირში, ამაზე იმუშაონ.

"ორბანის სტილის" დარღვევებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ ორბანის დროს უნგრეთმა დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვია, მეტწილად რუსეთიდან იყო მართული, რადგან უნგრეთი რუსულ ენერგორესურსებზე იყო დამოკიდებული.

"ამასთან, ორბანს ახასიათებდა მმართველობის ავტორიტარული სტილი. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ბლოკავდა და ამის პრევენციისთვის შემოიღეს ეს მექანიზმი. ეს არანაირად არ აუფასურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, პირიქით, სასურველია რომ ქვეყანას შესაბამისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დონე ჰქონდეს და ასევე უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ ახალი მექანიზმის შემოღება თანასწორუფლებიანობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი შეფასებით, ეს დიქტატისა და კარნახის ფორმაა, რომელიც ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყნებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხმის უფლების გარეშე ტოვებს.

"ჩვენმა პარტიამ, "ერთიანი ნეიტრალური მოძრაობა", ძლიერი განცხადება გამოაქვეყნა ამასთან დაკავშირებით, სადაც მკვეთრადაა ნათქვამი, რომ ეს მექანიზმი კატეგორიულად მიუღებელია და იმ პრინციპებს არღვევს, რაც თავის დროზე ევროკავშირში იყო, რომ ყველა ყოფილიყო თანასწორუფლებიანი, რომ არავითარ შემთხვევაში თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ შელახულიყო და ისეთი კანონები და წესები მიეღოთ, რომ რომელიც ყველასათვის მისაღები იქნებოდა.

  • პეტრე მამრაძე: "ეს მექანიზმი კატეგორიულად მიუღებელია და იმ პრინციპებს არღვევს, რაც თავის დროზე ევროკავშირში იყო, რომ ყველა ყოფილიყო თანასწორუფლებიანი"

"ამის მაგალითი იყო კონსენსუსის წესი და თანასწორუფლებიანობა მიუხედავად იმისა, ვის როგორი ტერიტორიული სიდიდე ჰქონდა, მოსახლეობის რაოდენობა, ეკონომიკა და ა.შ. ასე იქმნებოდა ერთიანობა და გარკვეულ ეტაპზე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია - იყო ეკონომიკური გიგანტი.

"ახლა ევროკავშირი გადასულია ეკონომიკური და სოციალური სტაგნაციის ფაზაში, რაზედაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები წერენ, საიდანაც არანაირი გამოსავალი არ ჩანს. ამ დეგრადაციის და სტაგნაციის ფონზე ასეთი რაღაცის შემოღება აშკარა დისკრედიტაციაა - შემოხვალ იმ პირობით, რომ ხმა არ გექნება, კაი ხანი და დაგაკვირდებით, ეს უკვე დიქტატი და კარნახია, ყოვლად მიუღებელია. ხელისუფლებას მოვუწოდებთ ასეთი ორიენტახიისკენ სწრაფვას თავი დაანებონ",- განაცხადა მამრაძემ.

რას ამბობს პრემიერი

"ეს 10-წლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას ნიშნავს"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რითაც ევროკავშირის მიერ ახალი წევრებისათვის 10 წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება, იმის ნიშანია, რომ "ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს".

"ძალიან მძიმე რამაა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებას მთლიანად აუფასურებ. ეს 10 წლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს, სხვა ახსნა ევროკავშირში გაწევრიანების სრულ გაუფასურებას არ შეიძლება ჰქონდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×