
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ რუსეთისთვის მსხვილი ბიზნესგარიგებების შეთავაზების სტრატეგიაზე უარი თქვა. როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა "ფაინენშელ თაიმსი" წერს, თეთრმა სახლმა ეს იდეა უკანა პლანზე მას შემდეგ გადაწია, რაც მოსკოვმა შეთავაზებული ენერგეტიკული და საავიაციო პროექტების მიმართ მცირე ინტერესი გამოავლინა.
მოლაპარაკების პროცესში, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ჯარედ კუშნერი, ვაშინგტონი ცდილობდა ეკონომიკური თანამშრომლობა ცეცხლის შეწყვეტის მთავარ ბერკეტად ექცია. ფაინენშელ თაიმსის ცნობით, განხილვის საგანი იყო ომის შემდგომი პერიოდის რამდენიმე მსხვილი პროექტი, მათ შორის: აშშ-ის ინვესტიციების განხორციელება რუსულ ნავთობპროექტებსა და ტიტანის წარმოებაში; ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადში"; თანამშრომლობა ავიაციისა და ენერგეტიკის სექტორებში.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად რუსი ოფიციალური პირები ამ წინადადებებს პოზიტიურად შეხვდნენ, მოგვიანებით მოსკოვის პოზიცია შეიცვალა. რუსეთი კვლავაც მოითხოვს, რომ მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინამ ტერიტორიები დათმოს, რასაც კიევი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს.
„საკმაოდ ნათელი გახდა, რომ რუსებს მსგავსი რამ არ აინტერესებთ", - განუცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა ფაინენშელ თაიმსს. კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ეკონომიკური გარიგებების გზა „უკანა პლანზე გადაიდო", ვაშინგტონი კი „უფრო ტრადიციულ" მოლაპარაკებების მიდგომაზე გადავიდა, რომელიც „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ" ფორმატზეა ორიენტირებული.
ჯარედ კუშნერმა და სტივ ვიტკოფმა ცოტა ხნის წინ ევროპელ მაღალჩინოსნებს აცნობეს, რომ კორპორაციული თანამშრომლობა აღარ არის აშშ-ის მთავარი ბერკეტი რუსეთთან მოლაპარაკებაში. ამრიგად, ეკონომიკური წახალისების მექანიზმის ჩავარდნის შემდეგ, დიპლომატიური ძალისხმევის მთავარი ფოკუსი უსაფრთხოების გარანტიებსა და ტერიტორიულ საკითხებზე გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლი პროცესის დაჩქარებას ცდილობს. გამოცემის ინფორმაციით, ადმინისტრაციას სურს სამშვიდობო შეთანხმებას იანვრის დასაწყისამდე მიაღწიოს - მანამ, სანამ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატები კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს ოფიციალურად გადაიბარებენ.
მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ოფიციალური ვაშინგტონი სტრატეგიის სრულ გაუქმებას უარყოფს. კომენტარისთვის დაკავშირებულმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ფაინენშელ თაიმსის მიერ გავრცელებულ ცნობებს „არაზუსტი" უწოდა.
„ჩვენ ვალაგებთ მოლაპარაკების მიმართულებებს და მათ შესახებ მაშინ გამოვაცხადებთ, როცა მზად ვიქნებით; ეს საკითხი კი ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტად რჩება", - ვკითხულობთ მასალაში.
როგორ შეცვლის დემოკრატიული კონგრესი სამშვიდობო მოლაპარაკებების დინამიკას
თეთრი სახლის სურვილი, სამშვიდობო შეთანხმებას იანვრის დასაწყისამდე მიაღწიოს, შემთხვევითი არ არის. 2026 წლის 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაზე: წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე - მოიპოვეს კონტროლი, რაც 2027 წლის 3 იანვრიდან ვაშინგტონში ძალთა ბალანსს ფუნდამენტურად ცვლის.
საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსების შეფასებით, ეს გარემოება მოლაპარაკებების პროცესზე სამი ძირითადი მიმართულებით იმოქმედებს.
კონტროლი ფინანსებსა და სანქციებზე: საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური გამოცემა მოდერნ დიფლომასის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს კვლავ პრეზიდენტი განსაზღვრავს, კონგრესს ხელში აქვს მთავარი ბერკეტები, ბიუჯეტის დამტკიცება, სანქციების მოხსნაზე თანხმობა და საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება.
შესაბამისად, თეთრ სახლს გაუჭირდება მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქების ან მასშტაბური ეკონომიკური გარიგებების დაპირება კონგრესის თანხმობის გარეშე. საპარლამენტო ზედამხედველობა და ზეწოლა: საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ექსპერტების შეფასებით, კონგრესში დემოკრატიული უმრავლესობა მკაცრ საპარლამენტო ზედამხედველობას დააწესებს ადმინისტრაციის ნაბიჯებზე, გამოიყენებს საკანონმდებლო ბერკეტებს სანქციების შესანარჩუნებლად და შეეცდება, არ დაუშვას უკრაინისა და ევროპის ინტერესების დამაზიანებელი დათმობები.
ხანგრძლივი გარანტიების საკითხი: ანალიტიკოსების აზრით, უცხოური დედაქალაქები - როგორც კიევი, ისე მოსკოვი და ევროპელი მოკავშირეები - აფასებენ არა მხოლოდ დონალდ ტრამპის დარჩენილ ორ წელს, არამედ იმას, თუ რამდენად შენარჩუნდება აშშ-ის მიერ აღებული ვალდებულებები 2029 წლის შემდეგ.
ატლანტიკ ქანსილის მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი გრძელვადიანი შეთანხმება, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების გარანტიები, სრულფასოვან ლეგიტიმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ მას თეთრ სახლთან ერთად ორპარტიული კონგრესიც დაუჭერს მხარს. სწორედ ამ ინსტიტუციური შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად ცდილობს ადმინისტრაცია, რომ ძირითადი შეთანხმების კონტურები ჯერ კიდევ მოქმედი კონგრესის პირობებში, იანვრამდე გამოიკვეთოს.