
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა 30 ნოემბერს განახლდება. პროცესი, რომელიც 21 ოქტომბერს დაიწყო, უკვე 18 სხდომას მოიცავს. თითქმის ერთთვიანი განხილვის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთის მიმართ არაერთი პრეტენზია და შუამდგომლობა დააყენეს, სხდომები კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, რამდენიმე წარმომადგენელი კი დარბაზიდან გააძევეს.
მორიგი სხდომა 24 ნოემბერს გაიმართა, თუმცა, განხილვა მოსამართლე გიორგი მოდებაძის მამის გარდაცვალების გამო გადაიდო. სასამართლოს ინფორმაციით, პროცესი 30 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.
თავდაპირველად მოსარჩელე მხარემ საკუთარი პოზიცია დაასაბუთა, შემდეგ კი კითხვა-პასუხის ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "ქართული ოცნების" დეპუტატებს სარჩელში მოყვანილი არგუმენტების შესახებ კითხვებს უსვამენ.
პროცესში რამდენიმე პაუზა იყო, საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომები, 2026 წლის 30 ოქტომბრის სხდომის დასრულების შემდეგ შეჩერდა და 10 ნოემბერს განახლდა. ეს ათდღიანი პაუზა სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციისა და საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზებას უკავშირდებოდა.
სხდომა არ გამართულა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს სამუშაო გრაფიკით გათვალისწინებული შესვენებების გამო. გარდა ამისა, განხილვა ამჯერად შეჩერდა მოსამართლე გიორგი მოდებაძის მამის გარდაცვალების გამო.
გაიწელება თუ არა პროცესი
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება და განაჩენი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 20-25 დეკემბრისთვის გამოცხადდება. მისი განცხადებით, საქმეზე ძირითადი ფაქტები უკვე წარმოდგენილია და არ ელოდება, რომ პროცესი 2027 წლამდე გადაიწევს.
- ედიშერ გვენეტაძე: "ვფიქრობ, სადღაც 20-25 დეკემბრისათვის უკვე განაჩენი გამოცხადდება და არ მგონია 2027 წლისკენ გადაიწიოს"
"მე მგონი, პროცესი დიდხანს არ გაიწელება, იქედან გამომდინარე, რომ ძირითადი ფაქტები ასე თუ ისე უკვე წარმოდგენილი იქნა. ფაქტები რად უნდათ ფაქტები, საზოგადოებამ იმ დანაშაულების შესახებ ყველაფერი ძალიან მკაფიოდ იცის, რასაც წლების განმავლობაში კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ატარებდა.
"ვფიქრობ, ალბათ სადღაც 20-25 დეკემბრისათვის უკვე განაჩენი გამოცხადდება და არ მგონია 2027 წლისკენ გადაიწიოს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე არ მიიღებს, რადგან ამას შესაძლოა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე დამატებითი პრობლემები მოჰყვეს.
მისი შეფასებით, ხელისუფლება პროცესის გაჭიანურებას შეეცდება, ხოლო პარტიების აკრძალვამ შესაძლოა საზოგადოებრივი უკმაყოფილება და ძალოვან სტრუქტურებში შიდა წინააღმდეგობები გააძლიეროს.
"ჩემი აზრით, "ქართული ოცნებისთვის" ახლა ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნება. არავინ იცის გარკვეული დროის შემდეგ მსოფლიო როგორ დალაგდება, ვგულისხმობ უკრაინის ომსა და ირანის მოვლენებს. დღეს საგარეო ფაქტორები ისეთი გაურკვეველია, რომ "ოცნებისთვის" კარდინალური გადაწყვეტილების მიღება მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნება.
"ქართული ოცნება" ზოგადად შეეცდება, რომ პროცესი რაც შეიძლება გაწელოს - ძალიან მალე წინასაახალწლო სეზონი დაიწყება, შემდეგ ახალი წელი და ვფიქრობ, რომ მომავალი წლისთვის რაღაც შეიძლება გამოიკვეთოს, მაგრამ, დღეს ჯერჯერობით არა მგონია, რომ სასწრაფო გადაწყვეტილება მიიღოს.
"ახლა "ქართული ოცნების" საზოგადოებრივი მხარდაჭერა იმდენად შესუსტებულია და შერყეული, რომ ახლა პარტიების აკრძალვა-არაკრძალვა მხარდაჭერაზე არ იქონიებს გავლენას, მაგრამ ზოგად სურათზე იმოქმედებს, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" საყრდენს დღეს საზოგადოება კი არა, ძალოვანი სტრუქტურები წარმოადგენენ. ძალოვან სტრუქტურებში ჩვეულებრივი ადამიანები მსახურობენ, რომლებსაც საზოგადოებრივი განწყობა მშვენივრად ესმით.
"შესაძლოა, ახლა ამ პარტიების აკრძალვას ქუჩაში დიდი ვნებათაღელვა და დიდი პროტესტები არ მოყვეს, მაგრამ საზოგადოებას გააღიზიანებს და ეს იმოქმედებს, დავუშვათ იმ ძალოვანი სტრუქტურების რიგითებზეც. ნელ-ნელა მაინც დაიწყება კოროზიული პროცესი ძალოვან სისტემაში, როგორც ყოველთვის ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ხდება ხოლმე, როგორც მოხდა 2012-ში, 2003-ში - აი ეს პროცესი დაიწყება. ეს "ქართული ოცნებისთვის" ამ ეტაპზე მაინცდამაინც მომგებიანი არაა.
- ვახტანგ ძაბირაძე: "ოცნება" შეეცდება, რომ პროცესი გაწელოს - მალე წინასაახალწლო სეზონი დაიწყება, შემდეგ ახალი წელი და ვფიქრობ, რომ მომავალი წლისთვის რაღაც შეიძლება გამოიკვეთოს"
"მეორეს მხრივ, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ყველაფერი სტრასბურგში წავა. "ოცნებას" სტრასბურგთან ისედაც პრობლემები აქვს და კიდევ ახალი პრობლემების დამატება ნამდვილად არ სჭირდება, ამ ეტაპზე მაინც.
"პარტიების აკრძალვა ფაქტიურად "ქართული ოცნების" ვა-ბანკზე წასვლას ნიშნავს დემოკრატიულ პროცესებთან მიმართებაში. ეს იმის განაცხადია, რომ ჩვენ დემოკრატიაზე აღარც ვფიქრობთ და ფაქტიურად ერთპარტიულ სისტემას ვაყალიბებთო, ამიტომ ამისთვის მზად არაა.
"მგონია, რომ აკრძალვის გადაწყვეტილებას "ქართული ოცნება" ამ ეტაპზე არ მიიღებს. თუ რაღაც პრობლემები შეექმნა, შეიძლება მხოლოდ ერთი, "ნაციონალური მოძრაობა" აკრძალოს და ისიც იმ იმედით, თუ დარწმუნებული იქნება, რომ ენმ-ს ამომრჩეველი სწორედ იმ (ენმ-სთან დაახლოებულ) პარტიებზე გადანაწილდება. აი ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც გამოსავალი ნახოს "ქართულმა ოცნებამ". სხვა შემთხვევაში არ მგონია, რომ რაღაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს",- განაცხადა ძაბირაძემ.