
ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსული დრონებისა და რაკეტების შეღწევის გახშირების ფონზე, პოლონეთი საჰაერო სივრცის დაცვის ზომებს ამკაცრებს. ვარშავა აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ არასაფრენი ზონის შექმნას გეგმავს, რაც სამხედროებს საჰაერო საფრთხეებზე რეაგირების მეტ შესაძლებლობას მისცემს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა, Bloomberg-თან საუბრისას განმარტა, რომ ახალი ზომები სამხედრო მფრინავებს საჰაერო ობიექტების ვიზუალური იდენტიფიკაციის გარეშე ჩამოგდების შესაძლებლობას მისცემს.
მისი თქმით, შეზღუდვები შესაძლოა უკვე დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში ამოქმედდეს.
ამჟამად პოლონეთის სასაზღვრო რაიონებში გარკვეული შეზღუდვები უკვე მოქმედებს: დღის საათებში ფრენები დაახლოებით 3 კილომეტრამდე სიმაღლეზე აკრძალულია, ღამით კი ფრენებზე თითქმის სრული აკრძალვა ვრცელდება.
ახალი არასაფრენი ზონა პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გავრცელდება.
გასულ კვირას პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამი რუსული რაკეტა შეიჭრა. რუსული თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით, პოლონეთის ხელისუფლება ნატოს მთელი აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ ანალოგიური ზომების შემოღების ინიციატივით გამოდის.