რეზონანსი
26.11.2026

პაროლების მართვის მსოფლიოში უმსხვილესი პლატფორმა 1Password ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა. ამის შესახებ პლატფორმის დეველოპერმა კომპანიამ განაცხადა.

კიბერშეტევა 19 ნოემბერს გამოვლინდა. ჰაკერებმა GitHub-ზე კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კორპორაციულ ანგარიშზე წვდომა მოიპოვეს და მისი საშუალებით შიდა სერვისებში მავნე კოდი დანერგეს.

შედეგად, თავდამსხმელებმა მომხმარებელთა ანგარიშებთან დაკავშირებული მონაცემების ნაწილზე მოიპოვეს წვდომა, კერძოდ, სახელებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, რომლებიც ანგარიშზე შესასვლელად გამოიყენება.

კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უშუალოდ პაროლების საცავი გატეხილი არ ყოფილა. რამდენ მომხმარებელს შეეხო ინციდენტი, 1Password-ში არ დაუკონკრეტებიათ.

GitHub-ის კომპრომეტირებული ანგარიში დაიბლოკა. ამასთან, პლატფორმამ მოსაწვევ და ანგარიშზე წვდომის აღსადგენ ელექტრონულ წერილებში გამოყენებული კოდების სიგრძე ექვსიდან ათ სიმბოლომდე გაზარდა.

კომპანიამ მომხმარებლებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ ფიშინგური თავდასხმების მიმართ, განსაკუთრებით კი იმ ელექტრონული წერილებისა და SMS-შეტყობინებების შემთხვევაში, რომლებიც თითქოს 1Password-ის სახელით იგზავნება.

კომპანიაში ასევე შეახსენეს მომხმარებლებს, რომ პლატფორმა არასოდეს უკავშირდება მათ პაროლის ან საიდუმლო გასაღების მოთხოვნით.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროგრამული განახლებების გამოშვება არ იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×