
25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის კომერციულ იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური 1 კილოგრამზე 3 ლარით განისაზღვრა. ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 ნოემბრის №535 დადგენილებით შევიდა ძალაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი ცვლილება „შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის №96 დადგენილებაში შევიდა. ახალი განაკვეთი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 61–65 სასაქონლო ჯგუფებში კლასიფიცირებულ საქონელს შეეხო, გარდა 6309 და 6310 სასაქონლო პოზიციებისა.
ეს სასაქონლო ჯგუფები მოიცავს როგორც მზა პროდუქციას, ისე მის ცალკეულ დეტალებსა და აქსესუარებს. კერძოდ, ტარიფი ვრცელდება 61-ე და 62-ე ჯგუფებში შემავალ ტანსაცმელზე (მაისურები, პერანგები, სვიტერები, პულოვერები, ჟილეტები, შარვლები, ჯინსები, კაბები, კოსტიუმები, საბავშვო ტანსაცმელი, ქალისა და მამაკაცის პალტოები, ლაბადები და ქურთუკები). გარდა ამისა, ჩამონათვალში შედის 63-ე ჯგუფის სხვა მზა ტექსტილის ნაწარმი, 64-ე ჯგუფში კლასიფიცირებული ნებისმიერი ტიპის ფეხსაცმელი, გეტრები და მათი ნაწილები (მათ შორის ლანჩები, ქუსლები და სხვა დეტალები), ასევე 65-ე ჯგუფის თავსაბურავები და მათი ნაწილები.
დადგენილების თანახმად, ახალი ტარიფის გადახდის მექანიზმი შედარების პრინციპს ეფუძნება: იმპორტიორი საბაჟოზე იხდის ორი თანხიდან იმას, რომელიც უფრო მეტი გამოვა. ან სტანდარტული მომსახურებისთვის დადგენილ ფიქსირებულ საფასურს (100-დან 500 ლარამდე, საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით), ან ტვირთის წონის მიხედვით დათვლილ საფასურს - 1 კილოგრამზე 3 ლარს. როგორც დოკუმენტითაა განსაზღვრული, თუ კილოგრამებით დაანგარიშებული თანხა ფიქსირებულ ტარიფს გადააჭარბებს, პირი წონის მიხედვით იხდის და სტანდარტული საფასურის გადახდას ვეღარ შეძლებს.
მაგალითად, თუ აქამდე 15 000 ლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გაფორმებისას მაქსიმალური ფიქსირებული საფასური 500 ლარი იყო, ახლა გადასახდელი თანხა ტვირთის წონაზე ხდება დამოკიდებული. კერძოდ, 1 ტონა საქონლის განბაჟებისას იმპორტიორს 3 000 ლარის გადახდა მოუწევს, რაც აქამდე არსებულ მაქსიმალურ ტარიფზე 6-ჯერ მეტია.
დადგენილება ითვალისწინებს გამონაკლისებსაც, რომლებზეც კილოგრამზე 3-ლარიანი საფასური არ გავრცელდება. კერძოდ, შეღავათი ეხება 6309 და 6310 სასაქონლო პოზიციებს. მეორად ტანსაცმელს, ნახმარ ნაწარმსა და ტექსტილის ნარჩენებს. გარდა ამისა, ახალი ტარიფისგან თავისუფლდება საქონელი, რომლის დეკლარირებისას წარდგენილი იქნება EUR.1 წარმოშობის სერტიფიკატი ან წარმოშობის დეკლარაცია ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) ან დიდ ბრიტანეთთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებების ფარგლებში, ასევე ის პროდუქცია, რომელიც საბაჟო დეკლარაციის „ფორმა 4“-ის გამოყენებით ფორმდება.
წყარო: bpn.ge