თამარ ოყუჯავა
26.11.2026

22 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ს ლიდერების ყოველწლიურ შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ერევნის მიმართ წაყენებული ულტიმატუმის შედეგებს შეაჯამებენ. სომხური და რეგიონული მედიასაშუალებები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ამ სხდომაზე, სავარაუდოდ, სომხეთს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობას ოფიციალურად შეუჩერებენ. ვითარებას განსაკუთრებულად დრამატულს ხდის ის ფაქტი, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ამ სხდომას სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანიც დაესწრება.

დაპირისპირების ათვლის წერტილად 2025 წლის გაზაფხული შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ".

„სომხეთის რესპუბლიკა, რომელიც მიისწრაფვის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლების, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოების, მდგრადობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ, აცხადებს ევროკავშირში სომხეთის რესპუბლიკის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ", - ვკითხულობთ მიღებულ დოკუმენტში.

2026 წლის 29 მაისს ასტანაში გამართულ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა სომხეთის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„გადაწყდა, რომ ევრაზიის მთავრობათშორისი საბჭოს წევრები 2026 წლის დეკემბერში, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს მომდევნო სხდომაზე წარადგენენ ანგარიშს სომხეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების შესაძლო შედეგების თაობაზე.

„ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ სომხეთის რესპუბლიკაში, რაც შეიძლება მალე, უნდა ჩატარდეს საერთო-ეროვნული რეფერენდუმი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ სომხური პროდუქციის ექსპორტზე ეტაპობრივად შეზღუდვების დაწესება დაიწყო. ამ მომენტისათვის აკრძალვა მოქმედებს სომხურ ხილზე, ბოსტნეულსა და ალკოჰოლურ სასმელებზე.

აღსანიშნავია, რომ სომხეთისთვის ამ კავშირის წევრობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბენეფიტები მოაქვს. რუსეთი სომხეთს ბუნებრივ აირს შეღავათით - 1000 კუბურ მეტრს 177.5 დოლარად აწვდის. წევრობის შეჩერების შემთხვევაში, ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, გაზის ფასი 300 დოლარამდე გაიზრდება.

  • ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ინფორმაციით, სომხეთისთვის წევრობის „გაყინვის" შემთხვევაში მისთვის რუსული გაზი 177.7-დან 300 დოლარამდე გაძვირდება, ქვეყნის მშპ შესაძლოა 15.6%-ით შემცირდეს, ხოლო ექსპორტი კავშირის ქვეყნებში 65.8%-ით დაეცეს.

ასევე, სომხური პროდუქცია რუსეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შედის, ხოლო სომხეთის მოქალაქეებს რუსეთში დასაქმება ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე შეუძლიათ. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წინასწარი გათვლებით, სომხეთისთვის წევრობის „გაყინვის" შემთხვევაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა 15.6%-ით შემცირდეს, ხოლო ექსპორტი კავშირის ქვეყნებში 65.8%-ით დაეცეს.

ფაშინიანის ტაქტიკა და შეფასებები

თავდაპირველად ნიკოლ ფაშინიანმა რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას კატეგორიული უარით უპასუხა და განაცხადა, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა. თუმცა, დეკემბრის სამიტის მოახლოებასთან ერთად ტონი საგრძნობლად შეარბილა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი საკითხი წამოიჭრება და რეფერენდუმის ჩატარების საჭიროებაც დადგება; ამას არასდროს ვმალავდით. საკითხავი ისაა, თუ როდის გაიმართება რეფერენდუმი და რამდენად მომწიფდება მასთან დაკავშირებული საკითხები", - განაცხადა ფაშინიანმა 19 ნოემბრის ბრიფინგზე.

ამას გარდა უკვე გარკვეულია, რომ სომხეთის პრემიერი დეკემბერში სამჯერ აპირებს მოსკოვში ჩასვლას: 3 დეკემბერს - პირისპირ შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, 11-12 დეკემბერს - მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომა, ხოლო 22 დეკემბერს - ხსენებული სამიტი სანქტ-პეტერბურგში.

თუმცა, ამის პარალელურად, ფაშინიანი აგრძელებს დასავლეთისკენ სვლას და რუსული გავლენების შემცირებას სომხეთში.

26 ნოემბერს მან ორი პრინციპული განცხადება გააკეთა. ფაშინიანმა გამორიცხა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის გაუქმება და დაადასტურა, რომ სომხეთი საკუთარი საზღვრების კონტროლს სრულად გადაიბარებს:

„ამ კანონის გაუქმებას შესაძლებლად არ მივიჩნევ; კანონი სამოქალაქო ინიციატივის საფუძველზე იქნა მიღებული, ჩატარდა არჩევნები და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ კანონს".

„ჩვენ მადლიერი ვართ რუსი მესაზღვრეების, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს საზღვრებზე იდგნენ. თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს წლებში ჩვენ სრულად უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე სახელმწიფო საზღვრების დაცვის პასუხისმგებლობა".

გარდა ამისა, სომხეთის მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2031 წლების სამოქმედო გეგმაში პირდაპირ არის გაწერილი 2029 წელს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღწევა, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თურქეთთან საზღვრების გახსნა.

ექსპერტულ წრეებში ფაშინიანის ტაქტიკას პოლიტიკური ბალანსირების რთულ მცდელობად აფასებენ: ერევანს სურს შეინარჩუნოს რუსული იაფი გაზი და ბაზარი იქამდე, სანამ დასავლეთთან და რეგიონულ მეზობლებთან ახალი ეკონომიკური და სატრანსპორტო არტერიები არ ამუშავდება.

პოლიტოლოგების აზრები 22 დეკემბრის შეხვედრასთან დაკავშირებით განსხვავებულია.

„აუცილებელია არსებული პრობლემების, შესაძლებლობებისა და პერსპექტივების მთლიანი კომპლექსის გათვალისწინება, ნაცვლად იმისა, რომ ცალკეული საკითხების მოგვარება იზოლირებულად ვცადოთ. ზუსტი იქნება, თუ ამას განვიხილავთ, როგორც საერთო ენის გამონახვისა და ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებების შემუშავების მცდელობას", - აღნიშნა ერევნის კავკასიის ინტიტუტის დირექტორის მოადგილემ, სერგეი მინასიანმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ ერევნის პოლიტიკას უწოდა „აშკარა მომხმარებლური დამოკიდებულება „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა" ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიმართ".

„აშკარაა ერევნის სურვილი, გააფართოოს თანამშრომლობა ნატოსთან; ასევე აშკარაა მისი, გულახდილად რომ ვთქვათ, ინსტრუმენტალისტური დამოკიდებულება რეგიონული ინტეგრაციის მექანიზმების მიმართ", - აღნიშნა შოიგუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×